თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზი გაძვირდა

7

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება (დღგ-ს ჩათვლით). განცხადებას ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

კომპანია განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება  მხოლოდ კომერციულ საწარმოებს ეხება. მოსახლეობისთვის გაზის საფასური არ იმატებს.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” დღეს ჯამში 500 000-მდე აბონენტს ემსახურება. გაზის ტარიფის კორექტირება კი, მხოლოდ 15 ათასი აბონენტისთვის მოხდება. მიუხედავად ტარიფის ზრდისა, კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სხვა კომპანიებთან შედარებით, მაინც ინარჩუნებს ყველაზე დაბალ ტარიფს კომერციული მომხმარებლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომერციული აბონენტებისათვის რეგიონებში გაზის ფასი შეადგენს 86 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით). კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისი, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის ბუნებრივ გაზს მომხმარებლებზე, მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისათვის, კომპანია დედაქალაქში ახორციელებს მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რაც თბილისის მოსახლეობის გაზმომარაგების ქსელზე გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა. ეს პროექტები თბილისის მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ აღნიშნავენ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს უსაფრთხო გაზმომარაგებით „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირებას ახდენს.

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი რჩება და ტარიფის კორექტირება ეხება მხოლოდ კომერციულ აბონენტებს. კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის მიწოდების ფასი დერეგულირებულია. შესაბამისად, მიწოდების ფასი ამ სექტორში განისაზღვრება თავად მიმწოდებელი კომპანიების (დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“) მიერ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საკითხი შესწავლილია და ფასის ზრდა დასაბუთებულია. კომპანიამ შესაბამისი წერილით სემეკ-ს უკვე მიმართა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here