ევროკავშირი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც დღეს ერგნეთში შეხვედრა ჩაიშალა

3

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების დღევანდელი, 89-ე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერგნეთის სხდომის დატოვებამდე ოსურმა მხარემ მოითხოვა, დღის წესრიგიდან ამოეღოთ დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ამ მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს.

განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც. მისი ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებისას გამოითქვა სხვადასხვა აზრი წინასწარი დღის წესრიგის შესახებ და მონაწილეებმა განხილვის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

თავის მხრივ, ევროკავშირის და ეუთო-ს წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ დღის წესრიგის პუნქტების განხილვა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ძალისხმევას გააგრძელებს, რათა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს იმ ვადაში, რომელიც ყველა მონაწილესთან შეთანხმდება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here