ირანისთვის საქართველოდან წყლის რესურსის მიწოდების პროექტი გაიყინა

19

ირანისთვის საქართველოდან წყლის რესურსის მიწოდების თემაზე ოფიციალური კომენტარები კვლავ არ კეთდება.

შესაბამისად, უცნობია, რა ეტაპზეა ინიციატივა, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა, როგორც დიპლომატიურ, ასევე სამთავრობო წრეებში.

თუმცა როგორც “2020NEWS”-თვის გახდა ცნობილი, აღნიშნული “პროექტი გაიყინა” და ქართული მხარისთვის ირანს იდეის განხორციელებისთვის საჭირო კვლევის დაწყების თხოვნით კვლავ არ მიუმართავს.

ირანი რომ დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას თითქოს, საქართველოსა და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს, ამის თაობაზე ირანელმა პარლამენტარმა ალი ალილუმ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ადგილობრივ პრესასთან ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, არსებული შეთანხმების თანახმად, მდინარე მტკვრისა და სევანის ტბიდან ურმიაში წყალი სამი სატუმბი სადგურის მეშვეობით გადაიტუმბება, სამივე სადგური კი ირანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
“კასპიის ზღვიდან წყლის მიღება ხელსაყრელი არ არის მისი მაღალი დაბინძურების გამო. ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაცილებით ძვირი ჯდება. ურმიის ტბაში 36 მილიარდი კუბური მეტრი წყლის მოცულობა დღეს 2 მილიარდამდეა შემცირებული, მდინარე არაქსი და მცირე მდინარეები კი, რომლებიც ურმიას უერთდებიან, მის შევსებას ვერ ახერხებენ. წყალს ორივე ქვეყნიდან ან შევისყიდით, ან ბარტერზე გავცვლით”, – განაცხადა ირანელმა პარლამენტარმა.

ამის შემდეგ დაიწყო მსჯელობა, რამდენად რეალური იყო პროექტის განხორციელება.

გარემოს დაცვის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე თეიმურაზ მურღულია აცხადებდა, რომ ირანის თანხმობის შემთხვევაში, საქართველო მზად იყო, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებულ მხარეს, თეირანს შესაბამისი კვლევის ჩატარება დაეწყო. კვლევის შედეგად უნდა დადენილიყო ზუსტი წყარო, საიდანაც საქართველო ირანს წყლის რესურსით მოამარაგებდა. ასევე უნდა მომხდარიყო რისკფაქტორების გათვალისწინება.

“თუ ასეთი კვლევა დაიწყება, დავსვამთ იმ საკვანძო პარამეტრებს, რომლებიც გვჭირდება”, – აცხადებდა თეიმურაზ მურღულია.

ცნობისათვის, პროექტის განხილვისას, მტკვარი არ იყო ერთადერთი წყარო და არაფორმალური განხილვისას, ძალიან ბევრ, თეორიულ ვარიანტზე იყო საუბარი.

კერძოდ, განიხილებოდა გლობალური პროექტის განხორციელების ვარიანტი – დასავლეთის წყლის ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოს გავლით გადმოსროლილიყო, ნაწილი საქართველოს გამოეყენებინა და ნაწილი დაინტერესებული მხარისთვის მიეწოდებინა“.

ექსპერტები იმასაც აცხადებდნენ, რომ თეორიულად, ასეთი პროექტი შესაძლოა, საქართველოსთვის საინტერესო ყოფილიყო. თუმცა რადგან კვლევა არ არსებობს, ამ თემის განხილვას ქართული მხარე ნაადრევად მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ თემა მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება და არანაირი პროექტი არ არსებობს.
თუმცა ირანის მხრიდან აღნიშნული თემით დაინტერესებას ადასტურებდა თეირანში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც. მიუხედავად ამისა, ირანის საელჩოსთვის არაერთხელ მიმართვის მიუხედავად, ოფიციალური თეირანი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here