შსს – ცენტრალურ მაგისტრალზე გამართული აქციისას პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა

7

შსს-ს განცხადებით, ცენტრალურ მაგისტრალთან დღეს გამართული აქციისას სამართალდამცავები კანონის დაცვით მოქმედებდნენ.

როგორც „2020NEWS”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიცია კანონის დაცვით მოქმედებს.

“პოლიცია უსაფრთოხებისა და მართლწესრიგის დასაცავად არის მისული აქციაზე. ისინი კანონის დაცვით მოქმედებენ. ამ ეტაპზე, აქციის არცერთი წევრი არ არის დაკავებული“ – განაცხადეს შსს-ში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანთან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება დღეს მოხდა. 6 ივლისს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა თანასოფლელებთან ერთად ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა საქმის სრულფასოვანი გამოძიების მოთხოვნით. ახალგაზრდის ოჯახი აცხადებს, რომ თორნიკე მერებაშვილი მოკლეს და სამართალდამცავები მკვლელს ხელს აფარებენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზის გახსნა სცადეს, რასაც აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლისას ხელზე ჭრილობა მიიღო მერაბ მერებაშვილმა. ადგილზე სამართალდამცავების დამატებითი ძალები მივიდნენ და გზა გაიხსნა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა კვლავ სცადეს გზის გადაკეტვა, რასაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებმა. გარდაცვლილი ახალგაზრდას მამამ მხარდამჭერებს მოუწოდა, გზა გახსნან და საპროტესტო აქცია გორის მერიასთან განაახლონ. მერაბ მერებაშვილი მოითხოვს, რომ გორში ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურატურის ხელმძღვანელები. “ზაზა სარალიძე მონაგონი იქნება” – განაცხადა მერაბ მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 17 წლის მოზარდი 6 ივლისს იპოვეს გარდაცვლილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცხედარი ადგილობრივებმა სოფელში მდებარე მაღაზიასთან ნახეს.

ამავე წყაროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, თუმცა, ზუსტად რა სახის და რით, ჯერ უცნობია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here