“დარწმუნებული ვარ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც მისაღები იქნება ინფორმირებული საზოგადოებისთვის”

3

მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს, მეორე ნაწილად მოხდება მსჯელობა კანაფის პროდუქტების წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

“პარლამენტში შემოსულია კანონპროექტების ორი პაკეტი, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას და მცენარე კანაფის წარმოებას. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების განწყობის შესაბამისად ვიმოქმედოთ და საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ასეთი მნიშვნელოვანის საკითხების მოწესრიგების თაობაზე. საზოგადოებისთვის ეს თემა აქტუალურია, ინფორმირებას დრო სჭირდება.

გადაწყვეტილება მივიღეთ, ორ ნაწილად გავყოთ საკითხები. შსს-ს თხოვნით იმ საკითხის განხილვას დავიწყებთ, რაც საქართველოში მარიხუანას მოხმარებას ეხება. დღეს საქართველოში ვაკუუმია დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და ჩვენი ამოცანაა, ამ ვაკუუმის შევსება.

მომავალ სასესიო კვირას იმ ცვლილებების განხილვა დაიწყება, რაც საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას ეხება. რაც შეეხება მეორე საკანონმდებლო პაკეტს, მცენარე კანაფის კულტივაციას, აქ არ გვეჩქარება. მთავარია, საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებული იყოს. საზოგადოებას ინფორმაცია იმაზეც კი არ აქვს, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზებას. სპეკულაცია ხდება ოპონენტების მიერ. მნიშვნელოვანია, საზოგადოების ინფორმირება. დარწმუნებული ვარ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც მისაღები იქნება ინფორმირებული საზოგადოებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here