ანაკლიის პორტის პროექტში დასავლეთის მხარდაჭერა აუცილებელია, საქართველო რუსეთის პირისპირ არ უნდა აღმოჩნდეს - პაპავა
ანაკლიის პორტის პროექტში დასავლეთის მხარდაჭერა აუცილებელია, საქართველო რუსეთის პირისპირ არ უნდა აღმოჩნდეს - პაპავა

A+ A-

16:18 15/08/2019

„ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებასთან ისევე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებაში“, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ “2020NEWS”-თან საუბარში განაცხადა.

რატომ დატოვა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა კონტი ჯგუფმა, ლადო პაპავა ამბობს, რომ ამაზე თავად კომპანიამ უნდა თქვას.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. ანაკლიის პორტი საკმაოდ ახლოს არის რუსეთის მიერ კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიასთან, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, გახდეს საფრთხის შემცველი ამ პროექტის განსახორციელებლად.

 ლადო პაპავას განცხადებით, რაც მეტი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, მით მეტი იქნება შანსი, რომ ეს პროექტი რეალიზებული იქნას. საქართველო რუსეთის პირისპირ არ უნდა დარჩეს. საბოლოო ჯამში, ლადო პაპავა დარმწუნებულია, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუმცა როდის, კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს.

„ანაკლიის პროექტი ახალი არ არის. ეს არის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო გააზრებული.  90-იან წლებში, როცა მე  საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გახლდით, ამ საკითხს ვიხილავდით. მაგრამ მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იყო გადასაწყვეტი, შევარდნაძემ აიღო პრაქტიკულად სწორი პოზიცია, როცა აქცენტი გააკეთა ნავთობ სადენების მშენებლობაზე, რადგან ნავთობ სადენებთან დაკავშირებით იყო კონკრეტული ინვესტორები და კონკრეტულად რეალური პროექტი იყო ეს. შემდეგ ეს თემა კვლავ წამოწია მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ და დღეს ეს თემა კვლავ აქტუალურია. მე დარმწუნებული ვარ, რომ ანაკლიის პროექტი საქართველოში აუცილებლად განხორციელდება, თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვი კონკრეტულ თარიღს და ამას აქვს თავისი პრობლემა, თავისი ახსნა, რატომ არის შეუძლებელი დღეს ამის თქმა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან კარგია, თუ ის მალე განხორციელდება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ანაკლიის პორტი საკმაოდ ახლოს არის რუსეთის მიერ კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიასთან, რომელიც ყოველ წამს შეიძლება, გახდეს მიზეზი დამატებითი საფრთხის შესაქმნელად ამ პროექტის განსახორციელებლად. ამიტომ, რაც მეტი იქნება ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის, მით მეტი იქნება შანსი, რომ ეს პროექტი იქნას რეალიზებული, რომ საქართველო არ დარჩეს პირისპირ მარტო რუსეთთან, რადგან ეს ქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს. რაც შეეხება პროექტის კომერციულ მხარეს, ეს ცალკე თემაა, რა თქმა უნდა, ამ პროექტს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ პროექტი უპირველეს ყოვლისა განხილული უნდა იქნას, როგორც კომერციული. ბუნებრივია, რომ ის, რასაც ითხოვენ კონსორციუმში შემავალი უცხოელი კომპანიები და ბანკები, რომ ტვირთების დაზღვევა მოახდინოს საქართველოს მთავრობამ, ეს უკარგავს ამ პროექტს კომერციულობის ხასიათს. ამიტომ ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არის მცდარი. ანაკლიის პროექტი არა იმდენად ეკონომიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშრებული, რამდენად რუსეთის სამხედროების მიერ კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიასთან სიახლოვეს, რა თქმა უნდა, ეს ინვესტორებისთვის გარკვეული პრობლემის შემქმნელია, მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ საქართველოში საინვესტიციო კლიმატი დადებითია ან უარყოფითი. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მთავარია, რომ ვიცი, ეს პროექტი განხორციელდება, თუმცა ვადებზე მიჭირს საუბარი. ანაკლიის პროექტის განხორციელებასთან ისევე ოპტიმისტურად ვარ, განწყობილი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებაში“, - განაცხადა ლადო პაპავამ სააგენტოსთან საუბრისას.