ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?
ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?

A+ A-

12:32 30/09/2019

„2020NEWS“ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას იწყებს. ბევრ საინტერესო მოვლენას და ფაქტს საქართველოს უახლესი ისტორიიდან, ეს მოგონებები მოიცავს. ამ ნაწილში აღწერილია, როგორ დაიბადა „რუსთავი 2“, ვინ დაარქვა არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას „კურიერი“ და რა და როგორ დაიწყეს ერთად ეროსი კიწმარიშვილმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა.

ეროსი კიწმარიშვილის მოგონებები:

საბჭოთა კავშირის დაშლისას სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი. ლენინის, მარქსის და კომუნიზმის იდეები არასდროს მიტაცებდა, ამიტომ ეს ამბავი იოლად გადავიტანე. შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობით აღტკინებულმა სიხარულით მივაშურე რაჭას, სადაც სოფლის ექიმად გამანაწილეს. ამასობაში ქვეყანამ ორი ომი გადაიტანა. ჩემი - აღტკინება, ტერიტორიები, შუქი და პური ერთად გაქრა. ბენზინიც გაქრა, მაგრამ  ტროლეიბუსით დავდიოდი და ეს არც მანაღვლებდა.

სოფლის ამბულატორიის მთავარი ექიმის ხელფასი ვის ეყოფოდა, მაგრამ  მე რაჭის მაღალმთიან სოფელში მუშაობით ვამაყობდი. ეროვნული მოძრაობის პირველ წლებში ჩემსავით ბევრი მოიქცა. ზოგი ექიმად, ზოგი მასწავლებლად შედარებით რთულ რეგიონებში სამუშაოდ წავიდა.

რაჭაში მუშაობისას დავრწმუნდი, რომ ჩვენი პედიატრია ხალხს სათანადო დახმარებას ვერ უწევდა. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენთან დღემდე არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ. ერთ-ერთი მარტივი მაგალითია - აკვანი. აკვანი ახალშობილის ძვალსახსროვან სისტემას აზიანებს, რაც სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ის, რომ ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა ჩვენში ძალიან გავრცელებულია, სწორედ იმის ბრალია, რომ მშობლები სათანადოდ ინფორმირებულები არ არიან. ჩემი დასკვნით, აუცილებელი იყო ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის სისტემის შექმნა, რომელიც თავის მხრივ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს.

ჩემი ინიციატივა მეგობარს გავანდე და რუსთავში ბავშვთა სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბება დავიწყეთ. ერთ-ერთ პოლიკლინიკაში ოთახი ვიქირავეთ, რამდენიმე მეგობარი პედიატრი სამუშაოდ მოვიწვიეთ და პროექტის რეალიზებას შევუდექით.

ეს ინიციატივა უმალვე გახმაურდა და ჯანდაცვის მინისტრმა რუსთავის ჯანდაცვის განყოფილების გამგედ დამნიშნა. 25 წლის კაცისთვის ეს იშვიათი თანამდებობა გახლდათ. ერთი წელი ვიმუშავე და ჩემივე ინიციატივით სამსახურის მოადგილედ გადავაყვანინე თავი, ვინაიდან სადაზღვევო პროექტს ასე მეტ დროს დავუთმობდი.

რუსთავში მხოლოდ ნაცნობებმა თუ იცოდნენ ჩვენი სადაზღვევო პროექტის თაობაზე. იდეას პოპულარიზაცია ესაჭიროებოდა. რეკლამა ცოტა ბუნდოვანი ცნება იყო.

რუსთავში ერთი გაზეთი “სოციალისტური რუსთავი” გამოდიოდა. თავდაპირველად ვფიქრობდი ამ გაზეთში დაგვებეჭდა პოპულარულ თუ სამეცნიერო ენაზე სტატიები, მაგრამ ჩავთვალე, რომ კვირაში თითო-ოროლა სტატია საკმარისი ვერ იქნებოდა, ვერც ჩვენი საქმიანობისთვის და ვერც მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის. გადავწყვიტე, თვითონ გამომეშვა გაზეთი, რომლის ძირითადი მიზანი ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის რეკლამირება (მაშინ ეს სიტყვა ბუნდოვნად გვესმოდა) თუ პოპულარიზაცია იქნებოდა.

როგორ უნდა გამომეშვა გაზეთი წარმოდგენა არ მქონდა, არც მისი გამოსაშვები ფული. ჩემი მეგობარი ჯარჯი აქიმიძე გამახსენდა, რომლის ნაცნობები თბილისში, რაღაც გაზეთს უშვებდნენ და ამ საქმეზე რაღაც წარმოდგენა ჰქონდა. იმხანად ჯარჯი აფხაზეთის ომიდან ახალი დაბრუნებული იყო. მას შევხვდი და გადავწყვიტეთ ერთად გამოგვეშვა გაზეთი, რომელიც მხოლოდ სამედიცინო თემატიკით არ შემოიფარგლებოდა.

ასე დავაარსეთ “რაგი” - რუსთავის ახალი გაზეთი. გამოჩნდნენ ახალგაზრდა რუსთაველი  ჟურნალისტები, ვიპოვეთ დამკაბადონებელი და იოლ საქმედ მომეჩვენა, ბეჭდვა სულ რამდენიმე კუპონი გვიჯდებოდა და კვირაში ერთი ნომრის გამოშვებაც არ მეჩვენებოდა შეუძლებლად. პირველივე ნომრიდან ასი ათასიან რუსთავში 5-7 ათასს გაზეთს ვყიდდით. ქალაქის თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ჩვენი მკითხველი გახდა.

მახსოვს მეხუთე ნომერში, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ერთ-ერთ ვიცე-პრემიერ ოლეგ სოსკოვეცზე, რაღაც დავწერეთ და დავიხურეთ კიდეც. სტამბის მეპატრონე სოსკოვეცის მეგობარი აღმოჩნდა, გაბრაზდა და სტამბიდან გამოგვყარა, გაზეთს აღარ დაგიბეჭდავთო.

გაზეთის სხვაგან დაბეჭდვა აღარ გვიცდია. გადავწყვიტეთ ტელევიზია გაგვეხსნა. ტელევიზია ჩვენი წარმოდგენით უფრო იოლი გასაკეთებელი იყო. მას არც ქაღალდი, აღარც სტამბა, დაკაბადონება და ნომრის გაყიდვაზე თავის ტეხა დაჭირდებოდა. თავდაპირველად ვიყიდდით 2 ვიდეო კამერას, ტელევიზორს, გადამცემს და გავიდოდით ეთერში.

ჩვენ გვყავდა საერთო მეგობარი დათო დვალი, რომელიც სულ ტელევიზიის გაკეთებაზე ოცნებობდა და მისი ეს ოცნება ყველასთვის  დიდ უცნაურობას წარმოადგენდა. ისიც, ახალი დაბრუნებული იყო ომიდან. დათო კარგი ფიზიკოსი და საკმაოდ განათლებული ადამიანია, თავისუფალ დროს თავისი “პაიანიკით” მთელ სამეგობროს გაფუჭებულ ტელევიზორებს, უთოებს თუ სხვა ელექტრო მოწყობილობებს უკეთებდა. ამიტომ მე ჩავთვალე, რომ მან იცოდა როგორ მუშაობს ტელევიზია! ჯარჯის მეგობარი სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობდა, რომელსაც ის სამსახურში სტუმრობდა ხოლმე და ჩავთვალე, რომ ჯარჯიმ იცოდა, როგორ უნდა მომზადებულიყო სატელევიზიო გადაცემები. მე ვიცოდი, ტელევიზიის გასაკეთებლად როგორ გვეშოვა ფული.

ქალაქის მერთან წავედი და სოსო არეშიძეს დიდხანს ვარწმუნებდი, თუ რა დიდი მნიშვნელობა ექნებოდა თავად მერიისთვის და ქალაქისთვის თუ ის ჩვენ ტელევიზიის აპარატურას გვიყიდდა!

დიდი წვალების შემდეგ მე და არეშიძე შევთანხმდით: მერია იყიდდა აპარატურას, რაც მისი კუთვნილება იქნებოდა და რომელსაც მოვიხმარდით ჩვენ, დამოუკიდებელი იურიდიული პირი და ამის სანაცვლოდ უსასყიდლოთ გავაშუქებდით მერიის საქმიანობას.

საბოლოო ჯამში, მე ამ ყველაფერს სამედიცინო დაზღვევის პოპულარიზაციისთვის ვაკეთებდი.

1993 წლის შემოდგომაზე ჩვენ მე, დათო დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დავაფუძნეთ შპს “გამა+.” “გამა+” აიღო სიხშირე ეთერში გასასვლელად. სანამ მერია ტექნიკას გადმოგვცემდა, სამედიცინო ბიზნესში ჩემმა პარტნიორმა საქმე მიატოვა და გაუჩინარდა! ამის გამო დაზღვევის თემამ აზრი დაკარგა.

ამასობაში ეს დაპირებული ტექნიკაც მოგვცეს: რამდენიმე ცალი ვიდეო კამერა და სხვა უმნიშვნელო აპარატურა. თავი უბედნიერეს ადამიანებად მიგვაჩნდა. ჩვენ გადმოგვეცა მეთორმეტე მეტრული სიხშირე, რომლის გავრცელების არეალი მხოლოდ რუსთავს და ნაწილობრივ გარდაბნის რაიონს მოიცავდა.

მახსოვს, მთელი რუსთავი ირონიულად მიყურებდა, ვინაიდან საექიმო კარიერას შევეშვი და სატელევიზიო საქმიანობა დავიწყე. ზოგს ეგონა, რომ გავგიჟდი. ამასაც, რაღაც ახსნა ჰქონდა, ვინაიდან იმ დროს საკაბელო ტელევიზიები არსებობდა, რომლებიც მხოლოდ “მეკობრულ” ფილმებს და დაბადების დღეების მისალოცად მუსიკალურ კლიპებს აჩვენებდნენ. ამ ტელევიზიებს არანაირი პოპულარობა ან პატივისცემა არ ჰქონიათ. ამიტომ ჩემგან ამ საქმის დაწყება სიგიჟედ მიაჩნდათ.

ეთერში გასასვლელად 6-7 თვე ვემზადებოდით. თანამშრომლები ძირითადად ჩემი ძმის მეგობრები 17-20 წლის ახალგაზრდები იყვნენ. მათ შორის იყვნენ ნანა ლეჟავა, ნათია კობერიძე, ირმა ნადირაშვილი. მათ ვამეცადინებდით მეტყველებაში, ეთერში გასვლამდე ამზადებდნენ სიუჟეტებს. ირაკლი ონოფრიშვილი ოპერატორებს ახელოვნებდა, სტუმრად ვიწვევდით ათას სტუმარს, ეკონომისტებს, ფსიქოლოგებს.

ტელევიზიამ ბინა რუსთავის სასტუმროს ოთხ ნომერში დაიდო. ეს ფართი ბიზნესმენმა გია თავაძემ უსასყიდლოდ გამოგვიყო. ძალიან ვიწროდ ვიყავით, პროგრამისტი უნიტაზზე იჯდა და ხელ-პირის საბანზე ჩამოდებულ კომპიუტერში სიუჟეტისთვის ტიტრებს კრეფდა.

ამ მოსამზადებელმა სამუშაომ ისე გაგვიტაცა, ეთერში გასვლის წინ აღმოვაჩინეთ, რომ საინფორმაციო გადაცემის სახელი მოუფიქრებელი გვქონდა. ჯარჯის იდეა იყო მისთვის - “კურიერი” დაგვერქმია, რაც ყველას მოგვეწონა და დავარქვით კიდეც.

ტელევიზია “რუსთავი” ეთერში 1994 წლის 1 მაისს ერთი დღით გავიდა.  ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ოფისში შემოლაგდნენ რუსთაველი “მხედრიონელები” და საქმე გაგვირჩიეს. აღმოჩნდა, რომ რუსთავში მოქმედი საკაბელო ტელევიზია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და მხედრიონელ თემურ ხაჩიშვილს ეკუთვნოდა და პრეტენზია ჰქონდათ სახელწოდებაზე - “რუსთავი” ჩვენ ტელევიზიას ჰქვია და სახელი შეიცვალეთო. რახან სხვა არაფერი პრეტენზია ჰქონდათ, დიდი კამათის გარეშე დავპირდით - კი, ბატონო, ჩვენ დავირქმევთ “რუსთავი 2”-ს. 1 ივნისიდან უკვე ამ სახელით დავიწყეთ მაუწყებლობა. “კურიერი” თავდაპირველად რვის თუ ცხრის ნახევარზე იწყებოდა, ვინაიდან რვა საათზე “მოამბეს”, ხოლო ცხრა საათზე ტელეკომპანია “იბერვიზიის” საინფორმაციო გადაცემას კონკურენციას ვერ გავუწევდით.

მახსოვს, აწ გარდაცვლილი ოპერატორი გოჩა რამიშვილი ქუჩის კადრების გადასაღებად ოფისის მეორე მხარეს გადავიდა და ვიდეო გადაღება დაწყებული არ ჰქონდა შავი “BMVV”-დან შეიარაღებული ბიჭები გადმოუხტნენ და კამერას ართმევდნენ.

კიდევ ერთი ისტორია, მეორე ოპერატორს აჩიკო ჭიჭიბოშვილს შეემთხვა. ეს ნიშანდობლივი მაგალითია თუ რა მოკრძალებულად დავიწყეთ მაუწყებლობა. აჩიკოს ნათესავი  ძმები ჭიჭიბოშვილები რუსთაველი “ავტორიტეტები” იყვნენ და ამის გამო , ამასაც პოლიციასთან სულ პრობლემები ჰქონდა; მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან წესიერი ახალგაზრდა იყო, სულ პოლიციის განყოფილებაში დაატარებდნენ. ერთხელაც აჩიკომ ძალიან შორიდან გადაღებული კანცელარიის კადრი მოიტანა. მას ვკითხე რატომ გადაიღო ასეთი უხარისხო კადრი და მიპასუხა, რომ კანცელარიასთან ახლოს მისვლის ეშინოდა, ვერ ბედავდა და ამიტომ შორიდან გადაუღია.

ეს მარტო აჩიკოს პრობლემა არ იყო, მთლიანად ტელევიზია ასეთივე მოკრძალებული იყო. შევარდნაძე, მთავრობა, “მხედრიონი” ამ თემების გაშუქება ცოტა გვიან დავიწყეთ. 

მინდა ვთქვა, რომ მაუწყებლობის ერთი წლის თავზე ჩვენ რუსთაველთა საყვარელი ტელევიზია გავხდით. ჩვენი ჟურნალისტები ქალაქში პოპულარულები გახდნენ.

1994 წლის ცხელ ზაფხულში ხალხს სახლის ფანჯრები ღია ჰქონდა და “კურიერის” მუსიკის ხმა მთელ რუსთავში მესმოდა. პირველად მაშინ მივხვდი, თუ რამხელა ძალაუფლება და პასუხიმგებლობა არის ტელევიზია.

ამ პერიოდში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნიუსის” მიწვევით ირანში სამდღიან სემინარს დავესწარი. ამ სემინარმა თვალი ამიხილა და აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო, უზარმაზარი და რთული სატელევიზიო სამყარო. ახლაც მიმაჩნია, რომ ამერიკელთა ყველაზე წარმატებული პროექტი პოსტ საბჭოთა სივრცეში “ინტერნიუსმა” განახორციელა. მან დასაბამი დაუდო თავისუფალ ტელევიზიებს. დღეს საქართველოში შეიძლება აღარ ჩანს მათი ძალისხმევის შედეგი, ვინაიდან ყველა დიდ ტელეკომპანიას უკვე ხელისუფლება აკონტროლებს, მაგრამ საზოგადოებას ეს აღარ მოსწონს, ხალხს ახსოვს, თუნდაც ჩვენს მაგალითზე თუ როგორ მუშაობდა თავისუფალი “რუსთავი-2” და ახლა  იოლად არჩევს სიმართლეს და დეზინფორმაციას, ანაც პროპაგანდას.

მაშინ კი ჩვენ სულ იმის განცდა და ნატვრა გვქონდა, რომ ვინმე ამერიკელს ჩვენს ტელევიზიაში ფული ჩაედო და პარატურა შეგვეძინა. რამდენიმე წლის შემდეგ მართლაც გამოჩნდა ამის მსურველი ამერიკელი, რომელსაც “რუსთავი 2”-ის ყიდვა სურდა, მაგრამ ეს ოლიგარქ პატარკაციშვილის ხრიკი აღმოჩნდა, რომელზეც ცოტა მოგვიანებით მოგითხრობთ.

მანამდე კი - თავი ძლივს გაგვქონდა. ცნება რეკლამა იმ შინაარსით, რაც ახლა ვიცით, მაშინ არ არსებობდა. მე მიწევდა ქარხნების დირექტორებთან ხვეწნა-მუდარა, რომ ქარხნის მუშაობის გაშუქების სანაცვლოდ, რაიმე გადაეხადათ ტელევიზიისთვის. ესენი რეკლამის სანაცვლოდ გვიხდიდნენ გვარჯილას და კოქსს?! მახსოვს მერე ეს კოქსი ვიღაც ახალქალაქელ სომეხს დიდი “კრაზით” ერევანში გასაყიდად გავატანეთ და კოქსიანად დაიკარაგა! მის ასავალ-დასავალს ვეღარ მივაგენი და მერე გვარჯილა მე თვითონ ჩავიტანე სასომხეთის საზღვრამდე. აქ კიდე კინაღამ გვარჯილიანად გამაქრეს ჩვენმა სამხედროებმა თუ რაღაც შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა.

მცირეოდენი თანხა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს შემოგვივიდა. მთელი წლის მანძილზე კი 20-22 ათასი დოლარი შემოგვივიდა, რაც მინიმალურადაც ვერ წვდებოდა ხარჯებს.

თვითმართველობის არჩევნების შემდეგ შევარდნაძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად ლევან მამალაძე დანიშნა, რომელმაც მოინდომა ტელევიზია მის ჭკუაზე მოგვეწყო და შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა გაგვეტარებინა. ამაზე ბუნებრივია არ დავთანხმდი და მამალაძემ ამის გამო ის ვიდეოტექნიკა წაგვართვა, რაც თავის დროზე რუსთავის მერიამ იყიდა და სამუშაოდ გადმოგვცა.

უფრო მეტიც, მამალაძე ითხოვდა რომ სატელევიზიო სიხშირე რომელიც “გამა+” ეკუთვნოდა, მერიისთვის გადაგვეცა. ეს ძლიან თავხედური და უსამართლო მოთხოვნა იყო, რაზეც რა თქმა უნდა არ დავთანხმებულვარ, მაგრამ მამალაძემ მაშინდელ კავშირგაბმულობის მინისტრს, ფრიდონ ინჯიას თხოვა და ჩვენი სატელევიზიო სიგნალი 1995 წლის 17 ივლისს გათიშეს, ხოლო ლიცენზია ჩამოგვართვეს.

ჩვენ დასახმარებლად  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მივმართეთ. მაშინ გავიცანი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო უსუფაშვილი. ზვიად კორძაძემ და გოჩა სვანიძემ სასარჩელო გაცხადება მოამზადეს და სასამართლოს მივმართეთ. ჩვენს დავაზე მაშინდელ პრესაში ერთი ამბავი ატყდა. წამყვანი გაზეთები ობიექტურად გვიჭერდნენ მხარს. შევარდნაძე დაინტერესდა, რატომ ატყდა ამხელა ხმაური რეგიონალური ტელევიზიის რაღაც პრობლემის გამო და ამას მამალაძესთან არკვევდა. ლევან მამალაძე სახელმწიფოს მეთაურს ატყუებდა, რომ ჩვენ მხედრიონელები ვიყავით და ლიცენზია სამართლიანად წაგვართვეს.

შევარდნაძემ დაიჯერა, რომ მამალაძე მართალს ეუბნებოდა და რომ არა პარლამენტარი ფიქრია ჩიხრაძე, შესაძლოა, ჩვენი მომავალი  ტელევიზიას საერთოდ აღარ დაკავშირებოდა. ფიქრია ჩიხრაძე შევარდნაძის ფავორიტი გახლდათ და მასთან ჯარჯი აქიმიძე მეგობრობდა. ის მეც მიცნობდა და კარგად იცოდა, რომ ჩვენ მხედრიონთან არაფერი გვაკავშირებდა. ამის თაობაზე მან შევარდნაძეს პირადად უთხრა და დაარწმუნა, რომ ლიცენზია უსამართლოდ წაგვართვეს.

ამის შემდეგ შევარდნაძემ მიიღო გაწყვეტილება, ჩვენთვის სიხშირის დაბრუნებაზე და სასამართლომაც სიხშირე დაგვიბრუნა.

გაგრძელება იქნება