ბატიაშვილი განათლების მინისტრობიდან წავიდა, მაგრამ რჩება
ბატიაშვილი განათლების მინისტრობიდან წავიდა, მაგრამ რჩება

A+ A-

15:28 11/11/2019

განათლების მინისტრობიდან წავიდა, მაგრამ სისტემაში რჩება.

"2020NEWS“- ის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, თუ სად გადაინაცვლებს და რა თანამდებობას დაიკავებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომლის მიერ თანამდებობის დატოვებამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 

როგორც "2020NEWS“-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ბატიაშვილი რჩება საგანმანათლებლო სექტორში და უახლოეს მომავალში იგი ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავეს, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სფეროში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

აღნიშნულთან დაკავშირებით "2020NEWS“ თავად მიხეილ ბატიაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა იგი სააგენტოს კითხვებს არ პასუხობს. აღსანიშნავია, რომ ბატიაშვილს განათლების სისტემაში დარჩენა მაშინაც არ უარყვია, როდესაც მინისტრის სავარძელი დატოვა.

“ეს იყო პირადი გადაწყვეტილება და უკავშირდება ჩემს გეგმებს, რომელიც განათლების მიმართულებითაა, რადგან ამ სფეროში ვიყავი წლების განმავლობაში, ამ სფეროში დავრჩები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმირებული წყაროს ცნობით, ბატიაშვილმა მინისტრის სავარძლის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მიიღო, თუმცა გარკვეული პოლიტიკური პროცესების გამო, ამის გასაჯაროვება დროში გაიწელა.

"2020NEWS" სამთავრობო კარუსელზე და ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებაზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა.

შეგახსენებთ, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა.