რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?
რა მოხდა 2003  წლის 24  ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

A+ A-

15:54 11/11/2019

“2020NEWS” აგრძელებს "რუსთავი 2”-ის დამფუძნებლის და „ვარდების რევოლუციის“ ერთერთი ავტორის, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი, ეროსი კიწმარიშვილის ძალიან საინტერესო მოგინებების გამოქვეყნებას:

„აგვისტო-სექტემბერში, დიდი ჭიდაობის შემდეგ, ავთო ჯორბენაძესთან მივაღწიე შეთანხმებას, თუ რა ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო ჩვენი არხისთვის გამოყოფილი. უცებ, ოქტომბრის დასაწყისში, ერთ მშვენიერ დღეს, ავთომ გამოგვიცხადა, რომ მას “რუსთავი 2”-ზე რეკლამის არანაირი ინტერესი არ აქვს და რომ შევარდნაძის ბლოკმა გადაწყვიტა, საერთოდ არაფერი განათავსოს ჩვენს არხზე. მიზეზი მარტივია: არსებობს სამი არხი, “იმედი”, “მზე” და საკმაოდ ძლიერი სახლმწიფო მაუწყებლობა, რაც მათ სავსებით აკმაყოფილებს და სავსებით გამოდგება “რუსთავი 2”-ის საპირწონედ. მოკლედ, მითხრეს, კარგად იყავით და ჩვენგან არანაირი ფული არ გექნებათო.

ეს ჩვენთვის საშინელი დარტყმა იყო. მანამდე ჩვენ ჩვენი კალკულაცია გავაკეთეთ და გავთვალეთ, რომ არჩევნების დროს შემოსული ფინანსები ტელეკომპანიის საარსებოდ კიდევ ერთ წელიწადს ან წელიწადნახევარს გვეყოფოდა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯახირით და გაჭირვებით მივაღწევდით.

ახლა კი, ამ აგრესიულ გარემოში, ძალიან გაგვიჭირდებოდა თავის გადარჩენა და “რუსთავი 2” შეიძლება ბაზრიდან საერთოდ ამოვარდნილიყო. თუ კომპანიაში ფინანსური მდგრადობა არ გვექნებოდა, ბუნებრივია, ვერც თანამშრომლებს შევინარჩუნებდით: ჯერ ის ხალხი წავიდოდა, ვისაც “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით “პატრიოტული” განცდები არ ჰქონდა, შემდეგ ნაკლებად თავდადებულები წავიდოდნენ, დარჩებოდნენ ყველაზე ერთგულები, მაგრამ რა... ბოლოს მაინც კოლაფსის წინაშე აღმოვჩნდებოდით. 2005 წლამდე, როცა, კონსტიტუციის თანახმად, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების უნდა გამართულიყო, “რუსთავი 2” ვერანაირად ვერ მიაღწევდა.

ჩემი აზრით, სახელისუფლებო ბლოკი, ბადრის დირექტივის საფუძველზე, სწორედ ამიტომ არ აპირებდა ჩვენს არხზე არც ერთი კაპიკის დახარჯვას. ბადრი ამ გზით ჩვენს ფინანსურ გაკოტრებას ცდილობდა.
სხვა გამოსავალი არ გვრჩებოდა - ზურას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. მას უმძიმესი საარჩევნო გრაფიკი ჰქონდა, ნინო ბურჯანაძე ერთი მიმართულებით მოძრაობდა, ჟვანია - მეორე მიმართულებით. მათ ერთიანი საარჩევნო ბლოკი - ბურჯანაძე-დემოკრატები შექმნეს, რომლის ლიდერი ბურჯანაძე იყო, თუმცა ეს ჟვანიას პროექტი იყო და რეალურად, ყველაფერს ის მართავდა. ახლა წარმოიდგინეთ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რა მასშტაბის დატვირთვა ექნებოდა პოლიტიკურ პარტიას და მის ლიდერს, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების და პირველობის ამბიცია ჰქონდა. მაგრამ მე და ზურას სხვა ურთიერთობა გვქონდა და ამიტომ მის მოუცლელობაზე არც მიფიქრია.
ზურას მეგრული სამზარეულო გამორჩევით უყვარდა და ჩვენ ერთმანეთს ხშირად დიღმის გზაზე ვხვდებოდით, ზურას ვაშლიჯვარის ოფისის ახლოს მდებარე ერთ ჩინებულ მეგრულ რესტორანში.

2002-2003 წლებში მე, ზურა და დათო დვალი ლამის დღეგამოშვებით ვხვდებოდით ერთმანეთს ამ რესტორანში.

2003 წლის აგვისტოდან ჩვენ შორის ურთიერთობა გაცივდა. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ბადრი და შევარდნაძე დემონსტრატიულად დაახლოვდნენ. ბადრი მას ხაზგასმით უჭერდა მხარს და ზურა, რომელიც, წესით, ამის წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო, ასევე ბადრისთან მეგობრობდა. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ზურას ბადრისთან დამეგობრების ერთადერთი მოტივაცია - ფული იყო, რომელსაც იგი საარჩევნოდ ბადრისგან იღებდა.

ზურას შევხვდი და ვუთხარი: ზურა, უნდა დაგვეხმარო. ბადრიმ თავისი ვალდებულებები ორჯერ არ შეასრულა, რამაც ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩაგვაყენა; ბადრი, როგორც “ახალი საქართველოს” მთავარი დამფინანსებელი, კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ “რუსთავი 2”-თვის სარეკლამო ბიუჯეტი გამოეყოთ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ბადრის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, მიუხედავად იმისა, რომ ბადრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უმძიმესი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდე და ჩვენმა კომპანიამ უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ მიაღწიოს, მე მის მიმართ ყოველგვარი აგრესიისგან თავს შევიკავებ. მისგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ: უხეში შეფასებებით, ჩვენი ზარალი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს და თუ ბადრის უნდა, რომ ჩვენს შორის კონფრონტაცია არ გაღრმავდეს და ეს კონფრონტაცია ძალიან დამანგრეველი არ იყოს, ყველაფრისათვის, მას შორის ჩემი და შენი ურთიერთობისათვის, შენი და მისი ურთიერთობისათვის, ის ვალდებულია, პირგასამტეხლოს სახით გადაიხადოს ეს თანხა, როგორც კომპენსაცია ჩვენი არხის ასე დაზარალებისთვის.

ზურა ძალიან შეიშმუშნა. შეხვედრის მერეც საკმაოდ უსიამოვნოდ დავშორდით ერთმანეთს. ნაწყენი არ წასულა, უბრალოდ, ისეთი დაძაბული იყო, რომ მეც ვიგრძენი: ზურა ამ საქმეს ვერ ან არ გააკეთებდა. მართლაც, მეორე დღის ბოლოს დამირეკა და მითხრა: იცი რა, მე შევხვდი ბადრის, ველაპარაკე და მან გაღიზიანებულმა მკითხა, რა ქუჩურად „მაპრისტავკებს“, რას ჰქვია, ჩემგან ფულს ითხოვს, ჩემგან რა კომპენსაციას ითხოვსო”.
ძალიან ცივი უარი მივიღეთ. კრიზისი გაღრმავდა. ისღა დამრჩენოდა, რომ კიდევ ერთხელ შევხვედროდი ავთო ჯორბენაძეს და მეთქვა: ავთო, შენ პრინციპულ შეცდომას უშვებ.
იმ პერიოდში როცა ავთო ჯორბენაძეს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაზე ველაპარაკებოდით, „რუსთავი 2“ სარეკლამო ბაზრის დაახლოებით, 75%-ს განკარგავდა. მე ვეუბნები ჯორბენაძეს: თუ სხვა ტელევიზიებზე პირობითად, 100 დოლარს ხარჯავთ, „რუსთავი 2“-ზე 60-70 დოლარი დაგჭირდებათ. ესაა პროპორცია, ესაა ცქერადობის განაწილება, ამდენი მაყურებელი ჰყავს, ასეთი რეიტინგი აქვს, ასეთი წილი აქვს ამ ბიზნესში. თუ გინდათ იგივეს მიაღწიოთ, რასაც აღწევს, ვთქვათ, „პროქტერ ენდ გემბელი“ „კოლგეიტი“ ან ნებისმიერი საერთაშორისო კომპანია, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, საამისოდ ჩვენზე მეტად არავინ გამოგადგებათ.

ავთოს მანამდეც ვიცნობდი. ერთი პერიოდი, 1990-1992 წლებში, ჩვენ კოლეგები ვიყავით: მე რუსთავის ჯანდაცვის სამსახურს, ხოლო ავთო - თბილისისას ხელმძღვანელობდა.
ავთო და მე ერთმანეთს შენობით მივმართავდით, ღიად ვსაუბრობთ და ასეთ ღია საუბარში მას ვეუბნები: თუკი საარჩევნო კამპანიისას არ გაგვითვალისწინებთ, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იქნება, მაგრამ თქვენც დიდი პრობლემა გელით. ავთომ მკითხა: რას გვთავაზობ? კარგი, დავუშვათ, დაგთანხმდით. თქვენგან რას მივიღებთ არჩევნებში? მე ავუხსენი, რომ ისინი, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი მათ დაარტყამთ, იმიტომ, რომ შევარდნაძე, მათი მთავარი ძალა, ამდენი წელი ხელისუფლების სათავეშია და ცხადია, თავის დაცვა გაუჭირდებათ. მე ნეიტრალიტეტს ვთავაზობდი ანუ: როცა მოწინააღმდეგე რაღაცას გააკეთებს, რაიმე ღონისძიებას ჩაატარებს ან თქვენს წინააღმდეგ დემარშს განახორციელებს, აუცილებლად მოგეცემათ პასუხის გაცემის საშუალება. მე ვითამაშებ ობიექტურ რეჟიმში, არც თქვენს და არც ოპოზიციის მხარეს. ესაა ჩემი ერთადერთი და მთავარი წინადადება. მანამდე „რუსთავი 2“ საკმაოდ აქტიური იყო, აგრესიულად ანტისახელისუფლებო და ეს თამაში არ ყოფილა, ასეთი გახლდათ ქვეყანაში შექმნილი რეალობა. ახლა კი ხელაღებით კრიტიკაზე მორატორიუმის გამოცხადებას ვთავაზობდით. პოლიტიკოსებს ვთავაზობდით თავად ემტკიცებინათ საკუთარი სიმართლე. ჩვენ სიტუაციას არ დავამძიმებდით, არ გავამძაფრებდით.

პასუხად ავთომ მომიგო: ჩემო კარგო, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს შესაძლებელი და მნიშვნელოვანი იქნებოდა ერთი წლის წინ, მაშინ როდესაც შენ სრული მონოპოლისტი იყავი. დღეს ძლიერია სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხი, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ძლიერი კერძო ტელევიზია -„იმედი“ და „მზე“, ყველა ეს არხი ჩვენზე მუშაობს. თამამად შეგვიძლია ყველა თქვენი წინადადების იგნორირება.
კიდევ რამდენჯერმე ვცადე, მისთვის „რუსთავი 2“-ის როლი და მნიშვნელობა მეჩვენებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვფიქრობ, თავად ავთო არ იყო დაინტერესებული, რომ ”რუსთავი 2“-თვის ფული არ მოეცა, მაგრამ რეალურად იქ სულ სხვა ვითარება იყო და მოგვიანებით, 24 ოქტომბერს, ამის ნათელი დადასტურება მივიღეთ.

საქმე ისაა, რომ ჩვენს ხელისუფლებასთან შეთანხმებას კიდევ ერთი ნაწილი ჰქონდა. „რუსთავი 2“ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ერთი ლიცენზიით არსებობდა, მხოლოდ ერთი ლიცენზიით თბილისზე და ისიც ინვალიდი ლიცენზიით. ჩვენს სიხშირეს აზერბაიჯანის მხრიდან სერიოზული ხელშეშლა ჰქონდა. ჩვენი გავრცელება საკმაოდ შეზღუდული იყო, ჩვენი რეგიონალური მაუწყებლობა - ბეჩავი. ამ დროს „იმედს“ ძალიან კარგი ხარისხის სიგნალი ჰქონდა. ის პროვინციაში ულამაზესი სურათით გავიდა, რაც მნიშვნელოვანი იყო. მას ყველგან უყურებდნენ. ჩვენ კი მხოლოდ ერთი ძალიან საწყალობელი სიხშირე გვებადა და რეგიონალური პატარ-პატარა ტელევიზიების ნახევრადკუსტარული გადამცემები. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ე.წ. ორტ-ს მეტრული სიხშირე, რომელიც კარგა ხანს უფუნქციოდ იყო ტენდერის გზით გაცემულიყო. ჩვენ, როგორც საქართველოს უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სატელევიზიო კომპანია, ამ ტენდერს ნებისმიერ კონკურენტთან მშვიდად მოვიგებდით. მიუხედავად ამ მოთხოვნის სამართლიანობისა, მას 2003 წლამდე ყურადღებას არავინ აქცევდა. 2003 წელს, როგორც იქნა, დაგვთანხმდნენ და 23 თუ 24 ოქტომბერს სიხშირის გაცემაზე ტენდერი გამოცხადდა.
ამ დროს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ვახტანგ აბაშიძე იყო. მას რამდენჯერმე შევხვდი. თავიდან კონკურენტი არ გვყავდა, შემდეგ ბადრის კიდევ ერთმა ბიზნეს-ჯგუფმა - ტექნომედიამ ხაზგასმულად, დემონსტრატიულად შემოიტანა განაცხადი, ანუ ბადრიმ კიდევ ერთი სატალევიზიო სიხშირის შეძენა გადაწყვიტა. მას უკვე ჰქონდა “იმედის” და “მზის” სიხშირეები, რომლებიც ხელისუფლების მხარდაჭერით მიიღო.

ვინაიდან ხელისუფლებამ ერთი ვალდებულება შეასრულა და ორტ-ს სიხშირეზე ტენდერი გამოაცხადა, მე მშვიდად ველოდებოდი ამ ტენდერის ჩატარებას, ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ობიექტურად ჩვენ საუკეთესოები ვიყავით და სამართლიანობის შემთხვევაში, ამ სიხშირეს მოვიგებდით. ტენდერის წინა საღამოს 23 ოქტომბერს, ოფისში ვატო აბაშიძე და ავთო ჯორბენაძე მესტუმრნენ. კაბინეტში ფრანგული კონიაკი ყოველთვის მქონდა და ვსვამდით “ჰენესს” და ვსაუბრობდით. ერთმანეთს სიყვარულს ვეფიცებოდით. ავთომ თქვა, ხვალ ტენდერია და მოდი ვივაჭროთო. მე ვუთხარი, სისულელეს თავი დაანებეთ, არანაირ ვაჭრობას არ ვაპირებ, ეს სიხშირე სრულიად სამართლიანად ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენ მას ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ-მეთქი. ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ დავიმსახურეთ და არც იოცნებოთ, რომ რამე სხვანაირად მოხდება-მეთქი. მერე გავიხსენეთ ჩვენი ახალგაზრდობა, ძველი მეგობრობა, დავლიეთ და დავიშალეთ. მანამდე კი ავთოს შევახსენე, რომ მეორე ვალდებულებაც შესასრულებელი აქვს.
ავთოს ხაზგასმით ვუთხარი: თუ ამ ვალდებულებას 2 ნოემბრის 8 საათამდე შეასრულებთ, 2 ნოემბრის შემდეგ თქვენს მიმართ ნეიტრალურ რეჟიმში ვიმოქმედებ - არანაირი მხარდაჭერა არ გექნებათ, მაგრამ არც მხარე ვიქნები. მაგრამ თუკი გადაწყვეტთ, რომ „რუსთავი 2“- ზე საარჩევნოდ რეკლამას არ განათავსებთ, ეს ნიშნავს, რომ მწირავთ. თქვენ, ხელისუფლება მებრძვით და ბუნებრივია, მე თავს ყველა ჩემს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავ, თქვენს წინააღმდეგ ლეგალურად ვიბრძოლებ. ავთომ მითხრა, არ ვიცი, მე მაგას ვერ შეგპირდებიო.

კარგად იფიქრე, ბოლო ვადა 2 ნოემბრის 8 საათია, მერე ყოველ დღე, რომ იგივე თანხა მომიტანოთ და თუნდაც, ეს თანხა ათზე გაამრავლოთ, მე ხელს აღარ მოვკიდებ, - ვუთხარი ჯორბენაძეს.
შუა ღამეს კარგა გადაცილებული იყო, როცა მეგობრულად დავიშალეთ. ვატო ძალიან კმაყოფილი წავიდა, მეც კმაყოფილი წავედი და დავიძინე.

ტენდერი დილით, 11 თუ 12 საათზე იყო დანიშნული. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უამრავი კამერა დამხვდა. ჟურნალისტები ფუსფუსებდნენ, მაგრამ ვატო არსად ჩანდა. ეს არ მესიამოვნა, მაგრამ ვატო, თავისი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სამსახურში, ისეც ცოტა გვიან მიდიოდა და მეც ჩავთვალე, რომ არაფერი უჩვეულო არ ხდებოდა.
გახდა პირველის ნახევარი, ვატო თავის კაბინეტში შევიდა და მდივანს სთხოვა, ეროსი შემოვიდესო. შევედი.

ვატო გაფითრებული დამხვდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. მითხრა, რომ შევარდნაძესთან იყო და გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა.
გავშრი. ვერ გავიგე. ვატომ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი?

მან მითხრა, რომ შევარდნაძესთან თათბირზე ავთო ჯორბენაძე იყო, შემდეგ ვაჟა ლორთქიფანიძე და ვახტანგ რჩეულიშვილიც მოვიდნენო, იქ ერთი გამიშვი-გამატარე ამტყდარა და მოკლედ, ბადრიმ თავისი გაიტანა: გამოგზავნა თავისი მთავარი დამრტყმელი ძალა, პარლამენტის მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი, ვაჟა ლორთქიფანიძე, მას დაემატა ვახტანგ რჩეულიშვილი და გადაწყვიტეს, “რუსთავი 2”-ს არანაირი სიხშირე არ უნდა მივცეთო. მე ვალდებული ვარ, რომ ამაზე რეაქცია მქონდეს და თანამდებობიდან წავედიო.
ეს ვაჟკაცური ჟესტი იყო. ვატომ ვერ გადააბიჯა ვერც შევარდნაძეს, ვერც ვაჟასთან მეგობრობას და საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი იმისთვის გაწირა, რომ საკუთარი იმიჯი შეენარჩუნებინა. ვაჟკაცური საქციელია. არც მანამდე, არც ამის შემდეგ მსგავსი - დასაფასებელი და ღირსეული ნაბიჯი ბევრს არ ჩაუდენია.

ასე, რომ ტენდერი ჩაიშალა და ორტ-ს სიხშირე ვერ მივიღეთ. ეს მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებებში.

გაგრძელება იქნება

მსგავსი თემები:

1. "იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

2. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

3.როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

4."შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

5.ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

6.როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

7.რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

8. რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

9. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?