დღეს აუცილებელია, ექიმი გაფრინდაშვილი გამოვიხსნათ, ხვალ - საკუთარი თავი - გიორგი კეკელიძე
დღეს აუცილებელია, ექიმი გაფრინდაშვილი გამოვიხსნათ, ხვალ - საკუთარი თავი - გიორგი კეკელიძე

A+ A-

13:54 17/11/2019

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი საქმე ყველასთვის მაგალითად უნდა იქცეს.

კეკელიძის განმარტებით, დღეს აუცილებელია, ექიმი გაფრინდაშვილი გამოვიხსნათ, ხვალ კი საკუთარი თავი.

„ექიმი გაფრინდაშვილის საქმე უნდა იქცეს მაგალითად ყველასთვის, ვისაც საზღვარი, პირველ რიგში საკუთარ თავში აქვს გავლებული და თვითონ აქეთ დგას და თავისუფლება – იქით. თვითონ, აქეთ, დგას ანდაზებით და ფრთიანი ფრაზებით – „დათვი, რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო” „რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ”.. იქით, თავისუფლებასთან, დგას პატიმარი ვაჟა გაფრინდაშვილი, ვიღაცის აზრით „არარაციონალური” („აბა, დათვის გაღიზიანება ხომ არ შეიძლება?”) პასუხებით მტრისთვის, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ზუსტი და სამუდამო სიტყვებით. „საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ – ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებს სიტყვებით, რომელიც მონობაში ყოფნას არ ცნობს, სიტყვებით, რომელიც ძნელი სათქმელია და მანამდე ფიქრში ვარჯიში სჭირდება. ხოლო მტერი სულ გაღიზიანებულია. ამიტომაც არის მტერი. თორემ ფეხი რომ დაადგა, შეიძლება საკუთარმა ძაღლმაც გიკბინოს. მტერს ფეხის დადგმა არ ჭირდება, თვითონაც იოლად გვადგამს „ბაბაიას” მოყვირლებს. დღეს, აუცილებელია ექიმი გაფრინდაშვილი გამოვიხსნათ, ხვალ – საკუთარი თავი. თუ რამე შემიძლია, მზად ვარ და ვიქნები – მიმსახურე”, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე. 

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.