"არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"
"არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

A+ A-

15:14 27/11/2019

“2020NEWS” აქვეყნებს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებს. ეს ნაწილი 2003 წლის არჩევნებს უკავშირდება, რომელსაც „ვარდების რევოლუცია“ მოჰყვა.

გაგრძელება:

„მშვიდად არც არჩევნების დღეს ჩაუვლია. ჩვენი კორესპოდენტები თბილისსა თუ რეგიონებში დიდი რისკის ხარჯზე აფიქსირებდნენ ყველა უკანონობას. ეს იქნებოდა ე.წ “კარუსელი” თუ სხვა უმსგავსობა. რუსთავში მაკა ფანქველაშვილმა გადაიღო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც საარჩევნო ყუთს სადღაც მიაცუნცულებდა, რომ ყუთი კარგად გაეტენა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემოხაზული ბიულეტენებით.

ამ დარღვევების გაშუქების გამო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერმა ინტელიგენციამ, როგორადაც თვის თავს უწოდებდა შევარდნაძისადმი მაამებლურად განწყობილი ელიტა, ჩვენ - ოპოზიციურ ტელეკომპანიად, ანუ მხარედ გამოგვაცხადეს.

ჩვენ პატიოსნად ვაშუქებდით უკანონობის ამსახველ ვიდეომასალას და ნამდვილად არ მიფიქრია მხარე ვიყავი თუ ჰორიზონტი. მთავარია, არავის აეჭვებდა თავად გადაღებული ვიდეომასალის უტყუარობა, თავისუფალი მედიასაშუალება ვიყავით და მოპოვებულ მასალას მაყურებელს შეულამაზებლად ვაჩვენებდით და თუკი ვინმეს მხარეზე ვიყავით, ვიყავით ხალხის, საზოგადოების მხარეს, რომელიც სიმართლის შესატყობად წლების მანძილზე შემოგვყურებდა. სიუჟეტებში ცუდად ჩნდებოდა ის ხალხი, ვინც ამ უკანონობას ჩადიოდა და ეს სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერები იყვნენ, ვინაიდან გაყალბების საშუალება მხოლოდ მათ გააჩნდათ. ოპოზიციონრებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და ამ გაჭირვებულებს რისი დაშავების თავი ჰქონდათ.

მოკლედ, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებმა ძალიან ქართულად ჩაიარა. გაიტაცეს ყუთები, ურტყეს ერთმანეთს და სიახლე აღმოჩნდა ის, რომ უამრავმა ადამიანმა ვერ მისცა ხმა, ვინაიდან საარჩევნო სიებში არ აღმოჩნდნენ. ეს ძირითადად დედაქალაქში ხდებოდა, თუ რატომ ამაზეც ვისაუბრებ.

ჩემსა და “გლობალ სტრატეჯი გრუპს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ეგზიტპოლის შედეგი არჩევნების დამთავრებისთანავე, ანუ 8 საათისათვის უნდა გადმოეცათ. ამ საათს მოუთმენლად ველოდებოდი. არჩევნების დასრულებამდე ერთი საათით ადრე მობილურ ტელეფონზე ზურა ჟვანიას გუნდის აქტიურმა წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა დამირეკა და მკითხა:

- ეროსი იცი შედეგები?

- საიდან უნდა ვიცოდე შედეგები, ჯერ ეგზიტპოლიც არ მიმიღია.

გოგორიშვილი მიხსნის, რომ მარცხდებიან, ვინაიდან ზურას მომხრეები საარჩევნო სიებიდან ამოუღიათ. ძალიან მეწყინა, ეს მოულოდნელი ინფორმაცია იყო, მაგრამ რას ვუშველიდი.

8 საათამდე ცოტა ხნით ადრე, თავად ზურა ჟვანიამ დამირეკა. ზურა მიხსნის, რომ არჩევნები გაუყალბეს და თუ მე ეგზიტპოლის შედეგს გამოვაქვეყნებ, სწორი არ იქნება. დიდი კამათის შემდეგ, მას ვუთხარი, რომ მე აუცილებლად გამოვაქვეყნებდი ეგზიტპოლის შედეგს, ვინაიდან ეს „რუსთავი 2“-ის რეპუტაციის და ღირსების საკითხი იყო.

  • ბოლო ხუთი წლის მანძილზე ხალხი მიეჩვია, რომ ჩვენ ეგზიტპოლის შედეგს ვაქვეყნებთ და რა ვუთხრა, რომ ჟვანიამ მთხოვა და ამიტომ არ გამოვაქვეყნე? მამაზეციერმაც, რომ მთხოვოს, მე ამას ვერ გავაკეთებ, - ვხაოდი ტელეფონში.

- ახლა მე ვეტყვი ნანა დევდარიანს, რომ ქუთაისში ორი უბანი ღამის 12 საათამდე არ დახუროს და იქნებ ამის მერე გაგეშვა ეგზიტპოლის შედეგი?”- მეკითხება ჟვანია. ქუთაისში მართლა რაღაც ინციდენტები მოხდა, მგონი იქაც საარჩევნო ყუთები გაიტაცეს. ეს წესად ჰქონდათ, სადაც ხელისუფლება ვერ იმარჯვებდა, იმ უბნებზე შუქებს აქრობდნენ და მერე საარჩევნო ყუთებს იტაცებდნენ.

- რა-მეთქი ზურა, როგორც წესი და რიგია ისე მოვიქცევი, როცა მექნება შედეგები მაშინვე ვაქვეყნებ-მეთქი. ამ პასუხმა ჟვანია ძალიან გააბრაზა და უცერემონიოდ გამითიშა ტელეფონი. ამასობაში 8 საათიც გახდა და მართლაც ქუთაისის ორი უბნის გარდა,  არჩევნები ყველგან დასრულდა. “გლობალ სტრატეგი გრუპ”-მა ეგზიტპოლის შედეგი არ გადმომიგზავნა. დავიძაბე. დავურეკე სკოტ ელდერს, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს და მეუბნება, რომ შედეგებს ამუშავებენ და ჯერ მზად არ აქვს. გახდა 9 საათი, შედეგი კიდევ არ მოიტანეს. უკვე ძალიან გავბრაზდი, რადგან “კურიერშიც” ვერ ვაჩვენებდით წინასწარ შედეგს და უკვე ელდერთან საჩხუბრად წასასვლელად გავემზადე, რომ ამ დროს გიგა ბოკერია მესტუმრა. სააკაშვილს ყველა მხრიდან ეუბნებიან, რომ არჩევნებს იგებს, მაგრამ მან არ იცოდა მე გამოვაქვეყნებდი თუ არა ეგზიტპოლის შედეგს. ბოკერია ამის გასაგებად გამომიგზავნა.

- არა გრცხვენია გიგა, რას ჰქვია არ ვაქვეყნებ, რა წუთშიც შედეგებს მომიტანენ, მაშინვე ვაჩვენებ, - ვეუბნები ბოკერიას. ბოკერია გაიბადრა და გახარებულმა ჩემივე კაბინეტიდან დაურეკა სააკაშვილს და უთხრა, რომ  “ეროსი ეგზიტპოლის შედეგს აჩვენებს.” ამ დროისათვის არც ერთი ტელეკომპანია ეგზიტპოლის არანაირ შედეგს არ აჩვენებდა. არადა, როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებამ პატარკაციშვილის ფულით “ნიკოლო მ” დაიქირავა.

“თუკი ეგზიტპოლს ვერ გავუშვებ ვერავინ გაიგებს, რომ შევარდნაძე დამარცხდა” - გამიელვა თავში და ეს მართლაც ასე იქნებოდა. რეალურ ანუ ხელისუფლებისთვის არასასურველ შედეგს არც ცენტრალური საარჩევნო კომისია და არც ეს “ნიკოლო მ” არ გამოაქვეყნებდა და განრისხებული მივვარდი ჩემს მიერ დაქირავებული “გლობალ სტრატეგი გრუპი”-ს ოფისში.

-  ფული გადაგიხადე? - გადაგიხადე. შევთანხმდით, რომ 8 საათზე შედეგებს მომცემდი? - შევთანხმდით. მაშინ მომეცი შედეგი, ხომ ხედავ 10 საათი ხდება?“ -  ვეუბნები სკოტს. ეს დაბნეულია, არ იცის რა ქნას და მეუბნება, რომ მისი სათაო ოფისიდან დაურეკეს, რომ ეგზიტპოლის შედეგი არ გამოაქვეყნოს. გავგიჟდი. რა სათაო ოფისი? ხო არ გადაირიეთ, შედეგები მომეცით”, - უკვე მკაცრად ვითხოვ კუთვნილს. ეჭვი გამიჩნდა, რომ ჟვანიამ დარეკა ამათ სათაო ოფისში და ახლა მათ თავისებურად აუხსნა, რომ ამ ეგზიტპოლის გამოქვეყნება არ შეიძლება, იმიტომ რომ არჩევნები გაყალბდა და ეს მათ რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს.

10 საათზე ეგზიტპოლის შედეგი ხელთ მქონდა, სკოტ ელდერი დამნებდა, ვინაიდან ნახა, რომ სხვა გამოსავალს ნამდვილად არ დავუტოვებდი. თერთმეტის რაღაც წუთებზე ეგზიტპოლის შედეგი მაყურებელს ვაჩვენე:

“ნაციონალური მოძრაობა  - 20,8

“ახალი საქართველოსთვის” - 12,9

“ლეიბორისტები”-12,8

“აღორძინება”

“ ბურჯანაძე_- დემოკრატები”_ 7,6

“ახალი მემარჯვენეები”_ 7,0

ამ შედეგის ნახვის შემდეგ გახარებული სააკაშვილი მომხრეებთან ერთად ქუჩაში გავარდა და გამარჯვებას ზეიმობდა. ამასთან, გაიძახოდა, რომ ძალიან წუხდა, რომ “ბურჯანაძე-დემოკრატებმა” საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს?! თუმცა ეგზიტპოლი ამას არ უჩვენებდა, ზურა მეხუთე ადგილზე გავიდა და დიდი რისკი იყო, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილიყო, თუმცა სააკაშვილი მაინც ავად წინასწარმეტყველებდა. ზურა დეპრესიაში ჩავარდა. მას ეჭვი გაუჩნდა, რომ სააკაშვილი სახელმწიფო მინისტრს გაურიგდა და ესენი მის პარლამენტს გარეთ დატოვებას ცდილობდნენ.

მართლაც ყველაზე მეტად საარჩევნო სიები აირია იმ უბნებში, სადაც ზურას მყარი ელექტორატი ჰყავდა: მთაწმინდაზე, ვაკეში, საბურთალოზე, დიდუბეში, ჩუღურეთში. მას ქალაქის ცენტრალურ უბნებში ბევრმა მომხრემ ხმა ვერ მისცა, დაიჩაგრნენ მისი დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატებიც.

4 ნოემბერს მთაწმინდის საარჩევნო უბანზე “ბურჯანაძე-დემოკრატების” მაჟორიტარმა კანდიდატმა გიგი წერეთელმა დაიჩივლა, რომ მისი მომხრეები არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საარჩევნო სიებიდან ამოიღეს და უამრავმა მხარდამჭერმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. საპირისპიროდ კი, მთაწმინდის ოლქს სამთავრობო დაცვის ორიათასკაციანი კონტიგენტი მიაწერეს და მათმა უმრავლესობამ ზემდგომთა ბრძანებით, ხმა სახელისუფლებო ბლოკის კანდიდატს, თბილისის ყოფილ პრემიერს ზურა ბიბილეიშვილს მისცა.

მთაწმინდა ირჩევს ნაღდ მთაწმინდელს, - გამოეპასუხა წერეთელს ბიბილეიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი გოგა ხაინდრავა, რომელიც საპროტესტო ღონისძიებებზე 15 ნოემბერს გამოჩნდა. რევოლუციამდე სამი დღით ადრე, ახალგაზრდა მწერლებთან ერთად უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და განაცხადა - კიი, აბა, ამ უსინდისო ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბაო. ვითომ თავად არ ხელმძღვანელობდა იმ კანდიდატის საარჩევნო შტაბს, რომელმაც გაყალბებული ხმებითაც ვერ მიაღწია სრულ გამარჯვებას და მეორე ტურში გავიდა. მეორე ტურში რეალურად გია თორთლაძე გადიოდა, მაგრამ ბიბილეიშვილმა ის უბნები გააუქმებინა, სადაც თორთლაძე ლიდერობდა. რევოლუციურ მთავრობაში ხაინდრავა კონფლიქტების დარეგულირების მინისტრი გახდა. თუ რევოლუცია დამარცხდებოდა, ამაგს არც შევარდნაძის კარზე დაუკარგავდნენ.

3 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც რაღა თქმა უნდა, ეგზიტპოლის შედეგებისგან სახელისუფლებო ბლოკის სასარგებლოდ განსხვავდებოდა:

“ნაციონალური მოძრაობა“  - 23,5

“ახალი საქართველოსთვის”- 24,3

“ლეიბორისტები”- 14,7

“აღორძინება”- 8,1

“ ბურჯანაძე - დემოკრატები”- 8,8

“ახალი მემარჯვენეები” - 6,7

“ მრეწველები”- 7

ამ შედეგმა სააკაშვილი გაახელა და უმალვე საპროტესტო აქციები წამოიწყო. ზურას დიდად ეიმედებოდა, რომ არჩევნებს მოიგებდა და შედეგად მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა, სათუო გახდა საერთოდ გადალახავდა თუ არა საარჩევნო ბარიერს. ის დეპრესიაში ჩავარდა და ვაშლიჯვრის ოფისში გამოიკეტა.

3 ნოემბერს სააკაშვილის საპროტესტო აქციას სულ რამდენიმე ასეული კაცი დაესწრო. მიშა ითხოვდა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეალური შედეგი გამოექვეყნებინა და მისი გამარჯვება ეღიარებინა, ისე როგორც ამას ჩვენი ეგზიტპოლი აჩვენებდა. მეეჭვებოდა, რომ მარტო სააკაშვილი რაიმე შედეგს მიაღწევდა. ის არ იყო დედაქალაქში პოპულარული და თბილისის მოსახლეობის საპროტესტოდ მოსამართად აუცილებელი იყო ზურა ჟვანიას გააქტიურება.

ზურას საკმარისად ვიცნობდი, მისი ხასიათიდან გამომდინარე ის აუცილებლად ძალიან უნდა გამეღიზიანებინა, რომ დეპრესია დაევიწყებინა და ამოქმედებულიყო. 2001 წლის თვითმართველობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ზურა პოლიტიკიდან საერთოდ ჩამოშორებას აპირებდა და ოჯახთან ერთად ამერიკაში ლექციების წასაკითხად მიემგზავრებოდა. ნაბიჯს, რომელსაც გადავდგამდი, ზურა გარანტირებულად უნდა გაემწარებინა. ვფიქრობდი, მოცემულ მომენტში მას რა გაბრაზებდა ყველაზე მეტად და მოვიფიქრე: ვაშლიჯვრის ოფისში ზურასთან შესახვედრად გიგა ბოკერია წავიყვანე. ჯერ ისე ეზიზღებოდა ეს ბოკერია და ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ, ზურაზე ისე იმოქმედა გამარჯვებული ბოკერიას დანახვამ.  კაბინეტში შესვლისთანავე მეცა - შენ დაღუპე ყველაფერი, რაც ხდება სულ შენი ბრალიაო და ამისთვის მლანძღა და მთათხა. გაბრაზდა.

  • ზურა ფანჯარასთან მოდი, რაღაც უნდა გაჩვენო, - ვეუბნები მას და ზურა გაკვირვებული მოვიდა.
  • ხომ ხედავ ახლა შენი ოფისის ეზოში რამდენი მანქანა დგას? თუ ხვალიდანვე ქუჩაში არ გამოხვალ, ერთი კვირის შემდეგ აქ მხოლოდ შენი მანქანა იდგება.

ჟვანიამ ჩემზე უკეთ იცოდა, რომ დამარცხებულ ზურას თანამებრძოლები მიატოვებდნენ, მაგრამ ბოკერიას თანდასწრებით, რომ ამას ვეუბნებოდი, ეს არჩევნებში მარცხზე მეტად აღელვებდა. მან კიდევ იბუზღუნა, იბუზღუნა და ჩვენ წამოვედით“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი მოგონებებში.

გაგრძელება იქნება

1. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

2. რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

3. "იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

4. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

5. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

6. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

7. ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

8. როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

9. რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

10. რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

11. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?