"ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ..."
"ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ..."

A+ A-

15:04 03/12/2019

"2020NEWS“ აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას, რომელიც ამჯერად 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება:

გაგრძელება:

„4 ნოემბერს დილით ირაკლი ჩუბინიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ თქვენი წასვლის შემდეგ ზურამ 2 საათი გამოიძინა, მერე ადგა და ყველას გამოგვიცხადა: მოემზადეთ, ხვალიდან ისევ ვიქოქებითო და მართლაც 4 ნოემბერს ჟვანიამ ფილარმონიაში მომხრეები შეკრიბა და არჩევნების შედეგები გააპროტესტა. ჟვანია სააკაშვილს შეუერთდა. მიშა ითხოვდა, რომ გამარჯვებულად ეღიარებინათ, ჟვანია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

5 ნოემბერს ცეესკო-მ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა: “ნაციონალური მოძრაობა - 22,0%,  “ახალი საქართველოსთვის” - 24,7%,  “ლეიბორისტები” - 13,5%, “აღორძინება”- 6,5%, “ ბურჯანაძე-დემოკრატები” - 8,85%, “ახალი მემარჯვენეები” - 7,76%, “მრეწველები”- 6

5 ნოემბერს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო მიტინგზე ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა ლევან კენჭაძემ ნანა ლეჟავას ვიდეოკამერა დაუმტვრია. ხელისუფლებას მხოლოდ „რუსთავი 2“  აღიზიანებდა.

6 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აჭარიდან საარჩევნო მონაცემები ჩამოიტანეს. შედეგი გაუგონარი: 284 ათასი ამომრჩევლიდან “აღორძინებამ” 270 ათასი ხმა მიიღო. ამასთან, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 50 ათასით გაუზრდიათ. 6 ნოემბერს ასლანი უკვე ფავორიტი გახდა და შესაბამისად,  პარლამენტის თავმჯდომარეობაზე პრეტენზიაც გაუჩნდა. ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი, ხოლო შემდე პრეზიდენტობაც - ასლანსაც ამის სურვილი ჰქონდა. აჭარის ხმების გათვალისწინებით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: “ნაციონალური მოძრაობა - 18,5%, “ახალი საქართველოსთვის” - 20,2%, “ლეიბორისტები” - 11,7%, “აღორძინება”- 21,0%, “ბურჯანაძე-დემოკრატები” - 7,76%, “ახალი მემარჯვენეები” - 6,5%; “ მრეწველები”- 5%.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უკმაყოფილოები დარჩნენ შალვა ნათელაშვილი და ირინა სარიშვილი-ჭანტურია. სარიშვილი-ჭანტურიამ შევარდნაძეს ულტიმატუმი წაუყენა - ჟვანია ხმებს აყალბებს და თუ იგი ბარიერს მიღმა არ დარჩება, მაშინ მე საარჩევნო სიიდან ამომიღეთო. შალვა ნათელაშვილმაც თქვა, რომ უცხოეთში ხმები ჟვანიას სასარგებლოდ ყალბდება და თუ ასე გაგრძელდა, მე პარლამენტში შესვლაზე უარს ვაცხადებო. შალვას, რა თქმა უნდა აწყობდა, რომ ცოტა პარტიებს გადაელახათ ბარიერი, ასე ხომ მეტ მანდატს მიიღებდა, რაც მისთვის მეტ პოლიტიკურ და ფინანსურ სარგებელს ნიშნავდა. არც ერთს არ გაუპროტესტებია ის ფაქტი, რომ აჭარაში არჩევნები საშინლად გაყალბდა. 6 ნოემბერს სააკაშვილის, სარიშვილის და ნათელაშვილის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა: ჟვანია პარლამენტში არ უნდა შესულიყო. ამით სააკაშვილი პოსტშევარდაძისეული პერიოდისთვის საპრეზიდენტო მარათონში ყველაზე საშიში მეტოქის გამოთიშვას ესწრაფვოდა.

თუმცა არც ზურა იჯდა გულხელდაკრეფილი და მას უცხოეთიდან ხმები ნამდვილად ჩამოუვიდა, ისევე როგორც “ახლებს” და “მრეწველებს.” თუმცა ასლანის შედეგის გადასაფარად, იქაც სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობდა. ემიგრანტები, რომლებიც შევარდნაძის ხელისუფლებამ ლუკმა-პურის საშოვნელად აიძულა, რომ სხვა ქვეყნებში გადახვეწილიყვნენ, ვითომდა შევარდნაძეს აძლევდნენ ხმას. მოსკოვში თითო ამომრჩეველი 8 წამში ასწრებდა ხმის მიცემას, ეს შედეგი ქვემო ქართლში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილმაც გაიმეორა. სადღაც სვეტლოგრადში, რომელსაც შესაძლოა რუკაზეც ვერ იპოვით, ქართველ ემიგრანტებს არჩევნებზე დიდად უაქტიურიათ და ხმები “მრეწველების”, “ახლების” და შევარდნაძის სასარგებლოდ მიუციათ. თუმცა გადამოწმების შემდეგ საარჩევნო უბნის მისამართზე სუპერმარკეტი აღმოჩნდა, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ მამუკა ჯინჭარაძეს ეკუთვნოდა. ნოვოსიბირსკში საარჩევნო უბანი ვითომდაც ვიღაცის კერძო კომუნალურ ბინაში მოუწყვიათ.

არჩევნების გაყალბება სახეზე გახლდათ. ჩვენ არჩევნების შემდეგ “კმარას” კლიპებს მუდმივად ეთერში ვატრიალებდით. ეს კლიპები ალექსანდრე ლომაიამ მოამზადებინა და არჩევნების გამყალბებლებს საზოგადოებას ვუჩვენებდით. “ ეს არ არის მისი სახე”... ისმოდა ტექსტი გამყალბებლების სახეების ფონზე.

7 ნოემბერს ოფისში ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რაღაც გაფრთხილების წერილი გამომიგზავნა, “კმარას” ეს კლიპები აღარ აჩვენო, თორემ სასამართლოში გიჩივლებთო. ყურადღება არ მიმიქცევია. პირიქით, ახალ-ახალ გამყალბებლებს ვამათრახებდით.

ამასთან, საღამოს დებატებზე იწვევდნენ დაპირისპირებულ მხარეებს და გამყალბებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დებატებში როგორც წესი, მარცხდებოდნენ. ეს საუბრები თითქმის „ნონ სტოპის“ რეჟიმში მუშაობდა.

ჟვანია და სააკაშვილი ცალ-ცალკე ცდილობდნენ ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგის დაფიქსირებას, თუმცა მე მათ ვუთხარი, რომ თუკი რომელიმე მათგანი ხელისუფლებასთან გარიგდებოდა, მის წინააღმდეგ „რუსთავი 2“ აუცილებლად მწვავე რეაგირებას მოახდენდა. ხმებით ვაჭრობას არაფერი საერთო ჰქონდა არჩევნებთან და ამ მომენტში გამყალბებლებთან გარიგება ამორალურად მიმაჩნდა.

8 ნოემბერს დიდი საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართა. საღამოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ზაზა შენგელიამ დამირეკა და მითხრა, რომ ჯორბენაძეს და ხელისუფლების სხვა პირებს ჩემთან შეხვედრა სურდათ. საღამოს მე შენგელიას სახლში მივედი, სადაც ავთო ჯორბენაძე, შევარდნაძის დაცვის უფროსი სულხან პაპაშვილი, შინაგან და უშიშროების მინისტრები დამხვდნენ. მათ აწუხებდათ ქუჩაში გამოსული ხალხი და მთხოვდნენ, რომ საპროტესტო მიტინგი პირდაპირი ეთერიდან გამომერთო.

- რა ვქნათ, ახლა რა გავაკეთოთ? - მეკითხება ჯორბენაძე.

- ავთო, მე შენ გაფრთხილებდი, გეუბნებოდი, რომ რაც მეკუთვნოდა ის უნდა გადაგეხადა, შენ პატარკაციშვილს დაუჯერე და ჩემი ტელეკომპანიის დახურვა გადაწყვიტე. რაც მიიღე ხომ ხედავ?

- კი მაგრამ, ჩვენ თანახმა ვართ 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებ და მოვლენებს ნეიტრალურ რეჟიმში გააშუქებ.

- არა, ეს საქმე აღარ გამოვ, - ვპასუხობ მე.

- აბა, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

- რა ქენით და თუ შევარდნაძე რამე სისულელეს გიბრძანებთ, გიჟის ხალათი ჩააცვით, გაკოჭეთ და დააშოშმინეთ, - ვურჩიე გამოსავალი.

არ ვიცი შევარდნაძეს რა გადასცეს, მაგრამ ამერიკის ელჩის, რიჩარდ  მაილსის შუამავლობით, მეორე დღეს ბურჟანაძე, ჟვანია და სააკაშვილი შევარდნაძეს მოსალაპარაკებლად კანცელარიაში ეწვივნენ. ამაზე ძალიან გავცხარდი. მე ვითხოვდი, რომ ეს შეხვედრა ნეიტრალურ ადგილზე შემდგარიყო. ესენი მაინც კანცელარიაში ესტუმრნენ, რითაც შევარდნაძემ აჩვენა, თუ ვინ იყო ოჯახის უფროსი.

ამ შეხვედრამ ის შედეგი გამოიღო, რომ სააკაშვილმა რესპექტაბელური ჟვანია-ბურჟანაძის ფონზე კვლავ ქულები ჩაიწერა. შეხვედრიდან გამოვარდა, შევარდნაძე ჩაუშესკუა და მე მასთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვსო, იძახა. შევარდნაძემ თავი მოისაწყლა, დარღვევებზე არაფერი ვიციო და ჟვანიას შეთავაზა, რომ მოდი სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომ დარღვევები აღმოვხვრათო. ეს იყო სრულიად უადგილო შეთავაზება, შევარდნაძე მოვლენებს ადექვატურად ვერ აფასებდა და რამდენიმე დღის შემდეგ ეს ყველასთვის თვალნათელი გახდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზურა მომიტინგეებთან ჩავიდა და განაცხადა, რომ შევარდნაძის დანიშნული პარლამენტი ვერ უნდა შეიკრიბოსო. ამის პასუხად ნათელაშვილი გაიძახოდა, რომ სოროსი, რაღაც სომხური ლობი და მადლენ ოლბრაიტი რევოლუციას აწყობენო. შემდეგში მხოლოდ სომხურ ლობს და სოროსს ახსენებდა, ოლბრაიტი დაივიწყა“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი.

გაგრძელება იქნება

1.  "არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

2. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

3. რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

4. "იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

5. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

6. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

7. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

8. ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

9.  როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

10. რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

11. რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

12.  ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?