რუსთაველის მოჩვენებითი სიმშვიდე - პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლა გრძელდება!
რუსთაველის მოჩვენებითი სიმშვიდე - პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლა გრძელდება!

A+ A-

09:32 06/12/2019

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. ქვეყანის პოლიტიკური ცხოვრების დუღილის ტემპერატურა მატულობს. რუსთაველზე უკვე დაიღვარა სისხლი, დაითხარა თვალები, დაიშალა პროტესტი და ბრძოლა მაინც არ წყდება.
მას შემდეგ რაც “ქართული ოცნების“ ლიდერმა და არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით გამოსულ საზოგადოებას "ცივი ნოემბერი“ მოუწყო, წყლის ჭავლით დაშალა და 50-ზე მეტი პროტესტანტი დააკავა, რუსთაველი საპროტესტო აქციები ალში გაეხვა.
მოდით, გადავხედოთ მოვლენების ქრონოლოგიას, თუ როგორ განვითარდა პროცესები ჩაგდებიდან-დაშლამდე, მერე ისევ დაშლამდე და დღემდე.

დაშლა და რუსთაველის მოჩვენებითი სიმშვიდე 

მას შემდეგ, რაც რუსი კომუნისტის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოკალათების გამო, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების მცდელობა სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა, დაშავდნენ და დააკავეს ადამიანები, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნამ საზოგადოება სერიოზული პროტესტის ფერხულში ჩააბა. მაშინ საპროტესტო მუხტის გასანეიტრალებლად, ბიძინა ივანიშვილმა დადო პირობა, რომ არჩევნები ჩატარდებოდა ახალი სისტემით და ხელისუფლება საამისოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებდა. თუმცა, დიმიტრი ხუნდაძისა და მსგავსი მაჟორიტარების წყალობით, შემუშავებული და კენჭისყრაზე დაყენებული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. ოცნებას ამის გამო 12 დეპუტატი გამოაკლდა.
რუსთაველზე საპროტესტო აქციების სეზონი განახლდა. „ქართულმა ოცნებამ“ პროტესტანტებთან საუბრის სტილი შეცვალა და განმუხტვის ნაცვლად ცეცხლზე ნავთი დაასხა. პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეული (მაჟორიტარულ-პროპორციული) საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა და სხვა ალტერნატივა აღარც განიხილებოდა.

დაბოქლომების უწყვეტი სერია

კალაძის პასუხად ოპოზიციურმა სპექტრმა დაბოქლომების უწყვეტი სერია დაიწყო. თუ ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ პროტესტის ეპიცენტრი მაინც რუსთაველი და პარლამენტის შენობა იყო, ამჯერად აქციებმა კანცელარია, საკრებულო, შსს და სხვა სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობებიც მოიცვა. 


დააბოქლომეს ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ოფისებიც, „სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს ყველა იმ დეპუტატსა თუ მინისტრს, ვინც საზოგადოებისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა.
სამოქალაქო და საზოგადოებრივმა მოძრაობებმა აქტიური კამპანია რეგიონებში დაიწყეს. რათა ადგილობრივი მაჟორიტარების ლუსტრირება მოეხდინათ.
დააბოქლომეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და შეკვეთილში ივანიშვილის საცხოვრებელი სახლი. აქცია-პერფორმანსმა სრულიად საქართველო მოიცვა.

ბიძინა და ელჩები

პროცესების პარალელურად გაიზარდა საერთაშორისო პარტიონერების ჩართულობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სიტუაციებში. საზოგადოებაში საპროტესტო განწყობის ფონზე "ქართული ოცნების“ ლიდერი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა.
უცნობია აუდიენციაზე განხილული საუბრის დეტალები, თუმცა ცალსახაა,რომ ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პროცესები უცხოელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევდა და იწვევს.

პოლიტოკოსების არაპოლიტიკური გართობა

აქცია-პერფორმანსები, დაკავებები, დაშლები, პროტესტები, ხმაური და დაპირისპირებები ყოველივე ამის ფონზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა და რამდენიმე დეპუტატმა საკუთარ თავს იტალიაში, კომოს ტბაზე დასვენების უფლება მისცეს. ყველაზე პარადოქსული კი ის აღმოჩნდა, რომ არჩილ თალაკვაძემ ფაქტების მიჩქმალვა და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა ტყუილით გადაწყვიტა. ჯერ თქვა, აქ ვარო, მერე თვითფრინავის ფოტოები გამოუქვეყნეს და აღიარა, გუშინ წავედი და დილას დავბრუნდი, მაგრამ სამსახური არ გამიცდენიაო. 

მიუხედავად იმისა,რომ ქვეყანაში დუღილის ტემპერატურამ მაქსიმუმს მიაღწია, როგორც ჩანს,  პოლიტიკური ტემპერატურა ვერც საქართველოს პრეზიდენტმა  იგრძნო.  გაგანია აქციების დროს, მან არც მეტი და არც ნაკლები, 59 ათასი დოლარის ღირებულების,  რუსეთის საიმპერატორო ჭაღი დაიკიდა რეზიდენციაში. უფრო მეტიც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საკუთარი ადმინისტრაციის ანტიკვარიატით მოსაწყობად,  კოლოსალური თანხები გახარჯა.  პრეზიდენტმა შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებში  2 მილიონამდე  ლარი „გადაიხადა“ -  ჩვენი, გადამხდელების ჯიბიდან! 

ეს ის პრეზიდენტია, რომელმაც გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს ამცნო, რომ საქართველო 2020 წლის არჩევნებს ახალი, პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. თუმცა, როცა მმართველი ძალის დაპირება ტყუილი აღმოჩნდა, ზურაბიშვილი კომენტარის გასაკეთებლადაც ვეღარვინ იპოვა.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ, იმ დროს, როცა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები სიცივესა და ყინვაში, პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებდნენ, პრეზიდენტ ზურაბიშვილს რუსთაველის გამზირის მახლობლად, იქვე, სოლოლაკში, ერთ-ერთ სალობიეში მიაკვლიეს ჟურნალისტებმა.

-3 გრადუს ყინვაში ცივი წყლის ჭავლით დაშლილი აქცია

25 ნოემბერს ოპოზიციამ მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა, რამაც საზოგადოება რეგიონებიდანაც ჩამოიყვანა. ისევ პროტესტი, ისე აქცია, ისევ კარვები, ისევ პიკეტი და ხელისუფლების ტრადიციული პასუხი -რობოკოპები და წყლის ჭავლით აქციის დაშლა...

მეორე დღეს, 26 ნოემბერს, დილის 5 საათზე, -3 გრადუს ყინვაში, პარლამენტტან მოპიკეტეები ცივი წყლის ჭავლით დაშალეს. დაშლისას, რუსთაველზე კიდევ ერთ ადამიანს დაუზიანდა თვალი. გადმოვარდნილი თვალი კი მან თავის ხელით ჩაისვა ბუდეში.

„30 წუთში მოვლენო, გამოაცხადეს. ფარებით გვაწვებოდნენ რობოკოპები. აუ, რა ძალა ჰქონია წყალს. რომ მეცა თვალში, საშინელება იყო. მერე მე თვითონ ჩავისვი თვალი უკან... ექიმებმა მითხრეს, რომ თვალი გადარჩება. თუ არ გადარჩება, თქვენ იყავით კარგად. კუტუზოვიც ცალთვალა იყო, მაგრამ ქვეყანას ატრიალებდა”, - იხუმრა“ საავადმყოფოდან ისევ აქციაზე მობრუნებულმა ზაზა ლიპარტელიანმა "2020NEWS“-თან .
ხელისუფლების „თავდაცვისუნარიანობა“ კი იქამდე მივიდა, მათ 28 ნოემბერს, პარლამენტის შენობას რკინის გალავანი შემოავლეს, რათა აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება არ მოეხდინათ და მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლა გაადვილებოდათ.

კობახიძე VS უსუფაშვილი

ხელისუფლების ამ ნაბიჯებმა ისევ მოლპარაკების მაგიდასთან დასვა სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ოპოზიციური სპექტრი და ახალი გეგემების აუცილებლობაზე დააფიქრა - ყველა ერთი წინააღმდეგ, მაგრამ არამარტო აქციებით! ოპოზიციამ ხელისუფლებას გამოსავლად, ე.წ. გერმანული მოდელი შესთავაზა, რომელიც არა კონსტიტუციაში, არამედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და რომელიც, ოპოზიციის აზრით, სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი საშუალებაა. 
თუმცა, გერმანულ მოდელზე ხელისუფლებამ კვლავ უარი თქვა და 25 ნოემბერს, დიდი ოპოზიციური აქციის გამართვამდე , ოპოზციას ისეთი შეთავაზება გაუკეთა, აშკარად „ჩორტის ჩაგდება“ უნდოდა. შეთავაზება კვლავ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააჟღერა და კვლავ საგანგებო ბრიფინგზე. 

ამ შეთავაზების თანახმად, მმართველი პარტია პირობას დებდა, რომ იმ საარჩევნო ოლქში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა“ არ წარდგენდა თავის კანდიდატურას და დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული, "ქართული ოცნება“ თავის კანდიდატურას აღარ დააყენებდა. ეს ინიციატივა ოპოზიციამ მმართველი პარტიის მორიგ "ფანდად“ აღიქვა და 25 ნოემბრის აქცია კვლავ გაერთიანებული ძალებით ჩაატარა.
თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელისუფლების პასუხი 25-26 ნოემბრის აქციებზე რობოკოპები, ცივი წყლის ჭავლი და დაკარგული თვალი იყო...

დროდადრო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული საუბრები ხდებოდა, მაგრამ ეს საუბრებიც იმიტირებულ ხასიათს ატარებდა. ერთ-ერთი ასეთი სატელევიზიო დებატი პარლამენტის ექსთავმჯდომარეებს შორის გერმანული მოდელის ავკარგიანობაზეც გაიმართა. უსუფაშვილი-კობახიძის „შერკინებას“ ხელისუფლება ვერ დაარწმუნა, რომ მოდელი ანტიკონსტიტუციური არაა.

რეალურად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ხელისუფლებას ე.წ. გერმანული მოდელის უფრო ეშინია, ვიდრე - აქციების. ალბათ ეს ასეცაა, იმდენად კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მის შემოღებას.

ივანიშვილის ინტერვიუ  და ახალი გეგმები

ამ ფონზე სიტუაცია კიდევ უფრო ბიძინა ივანიშვილმა გაამწვავა თავისი ინტერვიუთი. 

„ამომრჩეველს შეუძლია დაგვსაჯოს.. ბავშვებში ნაძარცვ ფულს არიგებენ და ისინიც ყვირიან - არა ოკუპაციას... საზოგადოებას ეზიზღება ენჯეოები“ , - ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა ივანიშვილმა ცხელი პოლიტიკური პროცესების შემდგომ, მის პირველ სატელევიზიო ინტერვიუში. 

 
მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება და მისი საუბრის მთავარი ლაიტმოტი სწორედ ნაციონალების პოლიტიკური არენიდან „გაქრობის“ პათოსი იყო.
ივანიშვილი მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ივანიშვილის ეს განწყობა ამერიკული ორგანიზაციის - IRI - ხელმძღვანელმა რუსულ ნარატივად შეაფასა.

ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა

გამწვავებულ სიტუაციაში საქართველოში აკრედიიტებული დიპლომატიური კორპუსი ჩაერთო. 
საერთაშორისო პარტიონერბის მონდომებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის შეხვედრა შედგა. 

მხარეების განხილვის თემაა ისევ გერმანული მოდელი იყო. შეიძლება ითქვას , რომ შეხვედრა ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა, მხარეები პოზიციებზე ვერ შეჯერდნენ.
ყველა ისევ თავისას გაიძახოდა. ოპოზიცია კვლავ გერმანული მოდელის სიკეთეებზე საუბრობდა, ხოლო მმართველი პარტია მოდელის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე .

პოლიტიკური გადათამაშება და ახალი ოპოზიციური გაერთიანებები ივანიშვილის წინააღმდეგ

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრამ შედეგი ვერ მოიტანა, მაგრამ ოპოზიცურ სპექტრში მნიშვნელოვანი გადაადგილებები დაიწყო სახელისუფლებო მესიჯის: - აქციაზე ყველა ნაციონალი დგას!“ - წინააღმდეგ. სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვეენების“ გაერთიანებამ ხელისუფლება ახალი პოლიტიკური მოცემულობის წინაშე დააყენა. ხაზგასმით გამოჩნდა, რომ აქციაზე აშკარად ყველა ნაციონალი არ იყო და არც მათთან აპირებდა ვინმე გაერთიანებას


თავის მხრივ პოლიტიკურ ასპარეზზე, ივანიშვილის წინააღმდეგ თანამებრძოლობა ერთმანეთს აღუთქვეს გუბაზ სანიკიძემ, ვალერი გელბახიანმა და მიხეილ სააკაშვილმა. ერთმანეთისაგან რადიკალურად განწყობილი ადამიანები ერთ მხარეს აღმოჩდნენ, ერთის წინააღმდეგ
თუმცა, გარკვეული ბზარი ოპოზიციურ ფრონტზეც გაჩნდა. ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს მოლაპარაკებების მაგიდასთან მსხდომ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თაკო ჩარკვიანი ბურჯანაძეს გაემიჯნ-გაებუტა.

დემიშიზაცია და კონტრაქციები

ვიდრე ოპოზიციაში ეს ამბები ხდებოდა, რეგიონებში მიმდინარე აქციებს მთავრობა კონტრაქციებს უპირისპირებდა, კონტრაქციებზე მობილიზებული "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დემიშიზაციას ითხოვდნენ, ხოლო მათი ძირითადი ატრიბუტი ცოცხები იყო..

4 დეკემბერს აქცია გაიმართა შუახევის მერიასთანაც, სადაც მერის მოადგილემ, რუსუდან შავაძემ ორგანიზაცია "ალტერნატივის“ ერთ-ერთ წევრს თმაში ხელი ჩაავლო. დაპირისპირება იყო ხულოშიც, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მოხდა ასევე 3 დეკემბერს, ზუგდიდში, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ოფისს კვერცხები ესროლეს.
ზუგდიდის მსგავსად, დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოსა და მცხეთის მერიასთან, ოპოზიციის აქციის პარალელურად ქართული ოცნების მხარდამჭერების კონტრაქციაც იმართებოდა.
აქციაზე ქართული ოცნების მხარდამჭერები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ოპოზიციის ლიდერების მიმართ. ნაციონალური მოძრაობის წევრს ზაალ უდუმაშვილს კოკა-კოლიანი ბოთლი და ცოცხი ესროლეს, ხოლო ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას წყალი შეასხეს.

2 დეკემბერს კი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და პარტიის სხვა მხარდამჭერებმა მმართველი პარტიის ოფისთან კონტრაქცია გამართეს.ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოძრაობა #სირცხვილიას, გაბედესდა შეცვალეს აქტივისტებს. აქტივისიტები ამბობენ, რომ აგრესიული პირები მათ ესროდნენ შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს თვალში მოხვდა. მათივე თქმით, დაშავდა 5 ადამიანი.

 

7 დეკემბერი - მომავალ შეხვედრამდე რუსთაველზე , ბრძოლა გრძელდება!

ამ დღეებში, ვიდრე რისთაველზე მოჩვენებითი სიმშვიდე იყო და გზები არ იყო გადაკეტილი, სამაგიეროდ, საქართველოს მთელი მასშტაბით დაჭერები, გაშვებები, მაღალჩინოსნებისა და ოპოზიციის ლიდერების შვილების დაპირისპირებები, ლანძღვა-გინებები, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები, ცოცხები , შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიტანილი "გაიშნიკის“ ხელჯოხები და მოკლედ, მრავალფეროვანი აქცია-პერფომანსები საჭიროზე მეტი იყო.... 

ოპოზიციური სპექტრი ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით კვლავ მასშტაბურ აქციას აანონსებს.

მოკლედ, 7 დეკემბრამდე გემშვიდობებით. ამ დღიდან რუსთაველი ისევ აქციების ალში გაეხვევა, ვიდრე ხელისუფლება ან დათმობაზე არ წავა, ანდაც - სავარუდოდ, სასურველ ვადამდელ, ოღონდ შერეული სისტემით (მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით) არჩევნებზე!