ირაკლი ოქრუაშვილს კვლავ დავიცავ - მამუკა ჭაბაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილს კვლავ დავიცავ - მამუკა ჭაბაშვილი

A+ A-

16:43 06/12/2019

პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს კვლავ ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი დაიცავს.

როგორც “2020NEWS”-ს  თავად ჭაბაშვილმა განუცხადა, იგი დღეს ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე ესწრებოდა და დღეიდან კვლავ ჩაერთო საქმეში.

„დღეს უკვე ვიმყოფებოდი ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე, ჩავერთე და ამ საქმეზე მუშაობას ვაგრძელებ“, - აცხადებს ჭაბაშვილი.

სააგენტო დაინტერესდა, თუ რატომ შეცვალა ოქრუაშვილმა გადაწყვეტილება და რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ჭაბაშვილი კვლავ ჩაერთო საქმეში.

“საქმისთვის, ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ასე იყო საჭირო. მნიშვნელოვანი მიზეზი არ ყოფილა“, - აცხადებს ჭაბაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით,  ოქრუაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართება.

„შემდეგი სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართება, ბრალდების მხარე კვლავ მოიყვანს მოწმის სახით რამდენიმე ადამიანს. მათ დღევანდელ პროცესზე წარადგინეს 5 ადამიანი,რომლებსაც აქციის დროს თავი გაუტყდათ, ხელი დაუზინდათ, ასევე ჰყავდათ გამომძიემებელი, რომელმაც ადამიანები დაკითხა. ამ ეტაპზე ბრალდების მხარეს მოწმეები მოჰყავს. ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, დღეს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ირაკლი ოქრუაშვილს ჰკითხა, რამდენიმე თვის წინ რატომ მოითხოვა ადვოკატის აცილება.

„უკმაყოფილო ვიყავი, ნაბახუსევზე შემოვიდა, დამპირდა ასე აღარ მოვიქცევიო", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.