იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატად ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წარუდგინა
იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატად ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წარუდგინა

A+ A-

18:20 06/12/2019

იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წარედგინება.

ვასილ როინიშვილმა საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა დაიმსახურა. სამი წევრი კი, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო.

საბჭომ არჩევანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს – ლევან თევზაძეს, თამარ ოქროპირიძესა და ვასილ როინიშვილს შორის გააკეთა.

საბჭოში პროცედურულად ორი კენჭისყრა გაიმართა; პირველი კენჭისყრით, სამი კანდიდატიდან ერთი შეირჩა, შემდეგ კი, კენჭი ეყარა შერჩეულ კანდიდატს პარლამენტისთვის გადასაგზავნად.

ამასთან, კენჭისყრის პროცესს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას, ხმების დათვლის დროს ხმაურის გამო საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს რამდენიმე წევრს შენიშვნა მისცა, რამაც სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

არამოსამართლე წევრებმა საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას წითელი ბარათები უჩვენეს. საბჭოს არამოსამართლე წევრთა განცხადებებს მოსამართლეთა ნაწილმა არ მოუსმინა. მათ სხდომათა დარბაზი დატოვეს.