"ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი... ასე მოდიოდა "ვარდების რევოლუცია"
"ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი... ასე მოდიოდა "ვარდების რევოლუცია"

A+ A-

12:26 10/12/2019

სააკაშვილი საპროტესტო აქციების ლიდერი გახდა. მან თბილისზე მარში წალენჯიხიდან დაიწყო. ჩვენ მის ყოველ გადაადგილებას პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდით...მცხეთასთან მოახლოებულ კოლონას ჩვენი ოპერატორი ბაქარ შარაშენიძე ჯვრის მონასტრიდან იღებდა და მართლა შთამბეჭდავი სურათი გამოვიდა: ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი.... ასე მოდიოდა „ვარდების რევოლუცია“ –  “2020NEWS” აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას:

„სააკაშვილი კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს თანხმდებოდა, თუ ერთდროულად საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდებოდა. მან იგრძნო, რომ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, მისი რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა. 10 ნოემბერს ცსკო-მ ახალი მონაცემი დააფიქსირა, სადაც უკვე შევარდნაძის საარჩევნო ბლოკმა ასლანს გადაასწრო: “ნაციონალური მოძრაობა“ - 18,1%, “ახალი საქართველოსთვის”- 20,6%, “ლეიბორისტები” - 12,2%, “აღორძინება”- 18,8%, “ ბურჯანაძე-დემოკრატები” - 8,81%, “ახალი მემარჯვენეები” - 6,7%, “ მრეწველები”- 4,9%.

10 ნოემბერს სააკაშვილის და ჟვანიას მომხრეებმა პარლამენტის წინ შიმშილობა გამოაცხადეს. “შევარდნაძემ აღიაროს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება ან გადადგეს,” - მოითხოვდნენ მოშიმშილეები.

10 ნოემბერს “მრეწველებმა”, “ლეიბორისტებმა” და “აღორძინების” წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია მოიწვიეს და გამოაცხადეს, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ინტერვიუებს აღარ მისცემდნენ და აღარც თავთავიანთ ოფისებში შეუშვებდნენ. ცოტნე ბაკურიამ გამოაცხადა, რომ ჩვენ დანაშაულებრივი დაჯგუფება ვიყავით და მან იცოდა, რომ ჩვენ  2 გლობალური სექტა გვაფინასებდა, “ლეიბორისტები” ამტკიცებდნენ, რომ თურმე, ჟვანიამ 14 მილიონ დოლარად მოგვისყიდა - სრული იდიოტიზმი.

11 ნოემბერს შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილს გადასცა ჯილდო -“სახალხო აღიარებისთვის.”

11 ნოემბერს ჯორბენაძის მითითებით სამგორის რაიონის სასამართლომ იმ საარჩევნო უბნების შედეგები გააუქმა, სადაც “ ბურჯანაძე-დემოკრატების” მაჟორიტარი კანდიდატი მიხეილ მაჭავარიანი ლიდერობდა. ჟვანიამ და მაჭავარიანმა ერთი ამბავი ატეხეს, მანდატს გვართმევენო, თუმცა მიტინგებზე აცხადებდნენ, რომ უკანონოდ არჩეულ პარლამენტში არ შევიდოდნენ.

12 ნოემბერს ზაზა შენგელიამ კვლავ დამირეკა და მთხოვა კიდევ ერთხელ შევხვედროდი ჯორბენაძეს და ძალოვან მინისტრებს. ეს შეხვედრაც შენგელიას ბინაზე შედგა და პირველი შეხვედრის მსგავსად, უშედეგოდ დამთავრდა. ის თანხა, რომელსაც არჩევნების წინ ჯორბენაძეს ვთხოვდი, მე საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხელისუფლების და ბადრის წინააღმდეგ საბრძოლველად, საკუთარი ტელეკომპანიის გადასარჩენად მჭირდებოდა და არა გასამდიდრებლად. რის სანაცვლოდ ამეღო ფული, რომ მშვიდად მეცქირა გამარჯვებული ჯორბენაძე-პატარკაციშვილისთვის? ესენი ხომ პირველივე ხელსაყრელ მომენტში სასტიკად გამისწორდებოდნენ? ამიტომ იმ მილიონების აღებაზე უარი ვთქვი და კვლავ პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდი საპროტესტო აქციებს, ყოველ საღამოს დებატები იმართებოდა და “კმარას” რეკლამასაც ვაჩვენებდი. ამ დროს პირველად ვაჩვენე დოკუმენტური ფილმი სერბულ რევოლუციაზე, სადაც რეგიონებიდან ჩამოსულ ხალხთან ერთად ბელგრადელებმა მილოშევიჩი დაამხეს.

12 ნოემბერს შუა ღამით ჯორბენაძე და სააკაშვილი საიდუმლოდ შეხვდნენ ერთმანეთს. სააკაშვილი, რომელიც ორი დღის წინ აცხადებდა, რომ შევარდნაძესთან მოლაპარაკებას წყვეტდა, ჯორბენაძეს ეთათბირებოდა. მე მათი შეხვედრის თაობაზე, ტელევიზიით ამერიკის ელჩისგან შუადღისით შევიტყვე. სააკაშვილი მანამდე გატრუნული იყო, ვითომ არაფერი მომხდარა. მაილსი წინ და უკან დარბოდა, რომ როგორმე ოპოზიციას ხელისუფლებასთან საერთო ენა გამოენახა და “პროცესები კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გასულიყო.” სააკაშვილი უხერხულ დღეში ჩავარდა. შესაძლოა, არ ეგონა თუ მაილსი ჯორბენაძესთან მის ღამეულ შეხვედრას არ გაახმაურებდა, თუმცა ფაქტის წინაშე დადგა და მაილსის თხოვნით შევხდითო, თავს იმართლებდა. თავის მხრივ ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილთან პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავდა. ზურა თამაშგარე დატოვეს. 2009 წელს ჟურნალისტებთან 4-საათიანი შეხვედრისას, სააკაშვილმა ჯორბენაძესთან შეხვედრის მიზეზი დაასახელა: ის დამატებით სამ სადეპუტატო მანდატს ითხოვდა, 32 ადგილის ნაცვლად - 35-ს. სულ ეს იყო მისი რევოლუციონერობა. მანამდე კიდევ ჟვანია სამგორის სადეპუტატო მანდატს მისტიროდა. ფაქტია, რომ ესენი  საპარლამენტო ადგილებს ითხოვდნენ. ხელისუფლება მათ, უარეს შემთხვევაში, სასურველი რაოდენობის მანდატებს არ მისცემდა, მხოლოდ მე არ დავიტოვე და თავად ჩავიხერგე უკან დასახევი გზა. ჯორბენაძე სააკაშვილს ჰპირდებოდა, რომ მას გამარჯვებულად გამოაცხადებდნენ, მაგრამ “ნაციონალები” სახელისუფლებო ბლოკს 0,1 პროცენტით გაუსწრებდა. სააკაშვილს ეს პირობა არ აკმაყოფილებდა, მას პარლამენტში მეტი კანდიდატის გაყვანა სურდა. ჯორბენაძეს და სააკაშვილს ფარული ალიანსი ჰქონდათ. დაუკვირდით, რევოლუციის შემდეგ სააკაშვილმა შევარდნაძის ჩინოვნიკებს ტყავი გააძრო, ფულები გადაახდევინა, ციხის კედლები ახეხინა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რომელიც შევარდნაძის საარჩევნო გაერთიანებას ხელმძღვანელობდა, ამ ეგზეკუციას გადაურჩა. მას არც  კაპიკი გადაუხდია და არც მის ბიზნესს შეხებია ვინმე. ამიტომ, ზურას ეჭვი, რომ სააკაშვილი ჯორბენაძესთან ერთად ცდილობდა მის პარლამენტს გარეთ დატოვებას, სავსებით ლოგიკურია.

13 ნოემბერს, ანუ მეორე დღეს როცა ჯორბენაძე მოლაპარაკებიდან გაწბილებული გავუშვი, ცსკო-მ „რუსთავი 2“-ს აკრედიტაცია გაუუქმა.

14 ნოემბერს ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსმა არმაზ თავაძემ “კმარას” რეკლამის გაშვების გამო, ვაკის სასამართლოში გვიჩივლა.

14 ნოემბერს „ხალმა მემარჯვენეებმა“ გამოაცხადეს რომ ისინი პარლამენტში შევიდოდნენ. ამ დროს ცსკო-ს მონაცემი შემდეგია: “ნაციონალური მოძრაობა“- 17,5%, “ახალი საქართველოსთვის”- 20,7%, “ლეიბორისტები”- 12%, “აღორძინება”- 18,5%, “ ბურჯანაძე - დემოკრატები”- 8,81%, “ახალი მემარჯვენეები” - 6,7%, “ მრეწველები” - 5,18%.

სად უნდა შესულიყვნენ “ახლები” ამ მონაცემებით ხომ ბარიერს ვერ ლახავდნენ? მაგრამ მათ ბადრის იმედი ჰქონდათ, რომ 7 პროცენტიან ბარიერს ის გადაალახვინებდა. მე ამ მომენტით ვისარგებლე და მამუკა ხერხეულიძის სახლში ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებს და დათო გამყრელიძეს შევხვდი. მათ ვურჩევდი, რომ ჟვანია-სააკაშვილის საპროტესტო აქციას შეერთებოდნენ. გიორგი მეთანხმებოდა, მაგრამ გამყრელიძემ დაიჟინა, რომ ჟვანიასთან და სააკაშვილთან არ გაერთიანდებოდნენ და ჩემი ინიციატივა საპროტესტო აქციის გასაძლიერებლად წარუმატებლად დასრულდა.

შალვა ნათელაშვილისთვის იდეალური სურათი შეიქმნა, პარლამენტში ვერც “მრეწველები” და ვერც “ახლები” ხვდებოდნენ, თუმცა “ბურჟანაძე-დემოკრატებზე” მიუთითებდა, რომ საარჩევნო ბარიერი ვერც მათ გადალახეს. 14 ნოემბერს შალვა აცხადებდა, რომ შევარდნაძემ სააკაშვილი გამარჯვებულად უნდა აღიაროსო. შალვას სურდა, რომ სიტუაცია ჩამცხრალიყო, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, უკვე მერამდენედ, პარლამენტს გარეთ დარჩებოდა. მისმა პარტიულმა აქტივმა, ნათელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად გამოაცხადა. ესაც, საპრეზიდენტო სავარძელს თავისებურად უმიზნებდა.

საარჩევნო ბარიერის გადასალახად ძალიან ჯახირობდნენ “მრეწველები,” მათ საზღვარგარეთიდან 20 ათასი ხმა დაუმატეს, მაგრამ ასლან აბაშიძემ და ლევან მამალაძემ იმდენად გაბერეს საარჩევნო სიები, რომ ბარიერის გადასალახად აღარც ეს ხმები ჰყოფნიდათ. ცსკომ თამასის დასაწევად ბათილი ხმების რაოდენობა სათვალავში აღარ მიიღო, რომ როგორმე არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა შეემცირებინა, რათა “ახლებს” და “მრეწველებს” პარლამენტში შესვლა მოეხერხებინათ, თუმცა ეს ნაბიჯი მხოლოდ “ახლებს” წაადგათ. 

14 ნოემბერს ოპოზიციამ ქუჩაში 50 ათასი კაცი გამოიყვანა. ეს იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია, რომელიც 22 ნოემბრამდე გაიმართა.

15 ნოემბერს შიმშილობის აქცია შეწყდა და ოპოზიცია ხალხის თბილისში ჩამოსაყვანად რეგიონებში გაემართა. შევარდნაძემ კიდევ ერთი არაადექვატური გამოსავალი მონახა და ოპოზიციას რამდენიმე მეორეხარისხოვანი საპარლამენტო კომიტეტის დათმობას დაპირდა. ცხადი, იყო, რომ შევარდნაძე სიტუაციას ვერ აკონტროლებდა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ როგორ სძულდა ხალხს მისი მმართველობა. მისი გარემოცვა კი მაამებლურად ამშვიდებდა, რომ არაფერი სერიოზული ოპოზიციის ძალისხმევას არ მოყვებოდა. ამის გამო, შევარდნაძე არაფრის დათმობას არ აპირებდა. იგი ბათუმში ასლან აბაშიძეს ესტუმრა და იქ მიიღო გარანტია, რომ ასლანი მას ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენდა. შესაძლოა, რომ ორი “ბაბუ” გარიგდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ასლანის კანდიდატი დაიკავებდა. ამ შეხვედრის შემდეგ ასლანის მხარდამჭერები გააქტიურდნენ და პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.

19 ნოემბერს “ახალი მემარჯვენეების” მაჩვენებელი 6,9 პროცენტი გახდა. ცხადია, ხელისუფლება “ახლების” პარლამენტში შესაყვანად ბადრის თანხაზე ევაჭრებოდა. თუმცა ცესკო-ს ეს მცდელობა ნათელაშვილმა გააპროტესტა და გამოაცხადა, რომ თუ “ახლები” პარლამენტში შევიდოდნენ, მაშინ „ლეიბორისტები“ პირველ სხდომას არ დაესწრებოდნენ.

19 ნოემბერს სამთავრობო თათბირზე შევარდნაძემ პირველი არხის ხელმძღვანელი ზაზა შენგელია გააკრიტიკა და მას უსაყვედურა, რომ ხელისუფლების ინტერესს “მზე” და “იმედი” უფრო იცავდნენ, ვიდრე სახელმწიფო ტელეკომპანია. ეს ტელეკომპანიები ცდილობდნენ, მიტინგები ისეთი რაკურსით გადაეღოთ, რომ მიტინგზე რაც შეიძლება ცოტა ხალხი გამოჩენილიყო, ამით ხელისუფლების დაკვეთას ახორციელებდნენ. ზაზა შედარებით, ნეიტრალურად აშუქებდა პროცესებს, თუმცა მარტო ეს არ იყო შევარდნაძის გაბრაზების მიზეზი.

საქმე ისაა, რომ ნოემბრის მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე, მე ზაზა შენგელიასთან და მის მოადგილე კახა ბექაურთან ერთად, სარეკლამო კომპანია “მაგი მედია” დავაფუძნე. ეს კომპანია ფლობდა „რუსთავი 2“-სა და პირველ არხზე რეკლამის გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას და შევარდნაძეს ენა მიუტანეს, რომ შენგელია ეროსი კიწმარიშვილის ბიზნეს პარტნიორიაო. ამიტომ წამოაძახა შევარდნაძემ შენგელიას, რომ ან ჩვენსკენ იყავი ან იმათკენო. ზაზა გადადგომას აპირებდა, თუმცა ტელევიზიაში ავთო ჯორბენაძემ მიაკითხა და მოთხოვა, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა, ვინაიდან სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებდა. იგივე არგუმენტით, მე შენგელიას გადადგომა მოვთხოვე და მან გადადგომა ამჯობინა.

19 ნოემბერსვე ვაკის სასამართლომ ქურდულად ჩაატარა სასამართლო სხდომა და ანტიმონოპოლიურ სამსახურს სარჩელი დაუკმაყოფილა: ჩვენ “კმარას” რეკლამის გაშვების გამო 130 ათასი დოლარით დაგვაჯარიმა. დღეს ამ ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი უფროსი არმაზ თავაძე სადაზღვევო კომპანია “ირაოში” მიშა სააკაშვილის ბიზნეს პარტნიორია!

20 ნოემბერს ცესკომ პროპორციული წესით არჩევნების საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა: “ნაციონალური მოძრაობა“ - 18,8%, “ახალი საქართველოსთვის” - 21,58%, “ლეიბორისტები”- 12%, “აღორძინება” - 18,84%, “ ბურჯანაძე- დემოკრატები”- 8,75%, “ახალი მემარჯვენეები” - 7,35%, “მრეწველები”- 6,17%.

ამ პერიოდში ბრძოლა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტისთვის პიკს აღწევს. ბადრი პატარკაციშვილი ვაჟა ლორთქიფანიძეს, ხოლო ასლან აბაშიძე - ჯემალ გოგიტიძეს ლობირებდნენ. ჯემალ გოგიტიძემ ბადრი პატარკაციშვილისთვის, რიტუალების სასახლის ჩამორთმევა და მისი ლტოლვილებისთვის გადაცემა მოითხოვა, ვითომ ძალიან აწუხებდა ამ ხალხის ბედი. მეტიც, გოგიტიძე ბადრის საქართველოდან გასახლებას ითხოვდა, ძებნილია და რუსეთს გადავცეთო. ამ ბრძოლის ერთადერთი მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი გახლდათ, ანუ ეს პოსტი ბადრის და ასლანს პრეზიდენტად გახდომისთვის ტრამპლინად ესაჭირეობოდათ.

20 ნოემბერს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებიც ამ უკანონოდ არჩეულ პარლამენტს ვითომდა ბოიკოტს უცხადებდნენ, დეპუტატის მანდატის მისაღებად აუცილებელი სამედიცინო შემოწმება გაიარეს. როგორც, ვიცი ჟვანია-ბურჯანაძის ჯგუფიდან შარდის ანალიზი მხოლოდ ვასილ მაღლაფერიძეს არ ჩაუბარებია. გია ბარამიძე აცხადებდა, რომ შარდის ანალიზი, იმის დასამტკიცებლად ჭირდებოდა, რომ ნარკომანი არ იყო. ვითომ ვინმე ადანაშაულებდა, რომ როდესმე ნარკომანი იყო. სააკაშვილმა 20 ნოემბერს პირველმა ჩააბარა შარდი და ამის შემდეგ გაემართა დასავლეთში საპროტესტო ელექტორატის თბილისში ჩამოსაყვანად.

სააკაშვილი საპროტესტო აქციების ლიდერი გახდა. მან თბილისზე მარში წალენჯიხიდან დაიწყო. ჩვენ მის ყოველ გადაადგილებას პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდით. აი, მიშა მომხრეებთან ერთად წალენჯიხიდან გამოვიდა, შევიდა ზუგდიდში, ქუთაისში და ა.შ. 21 ნოემბერს საღამოს, მიშა გორში ჩავიდა. გორიდან მიშას ყველაზე მეტი 200 ავტომანქანა გამოჰყვა, სადაც ჰაა-ჰაა 1000 მომხრე თუ იქნებოდა. ამასთან ეს კოლონა სავალი ნაწილის ორივე ზოლზე ნელი სვლით მოძრაობდა, ის ავტომანქანებიც იძულებით შეერიათ,  რომლებთა მძღოლებს აქციასთან საერთო არაფერი ჰქონდათ. მცხეთასთან მოახლოებულ კოლონას ჩვენი ოპერატორი ბაქარ შარაშენიძე ჯვრის მონასტრიდან იღებდა და მართლა შთამბეჭდავი სურათი გამოვიდა: ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი. „რუსთავი 2”-ის მეშვეობით, თბილისელებმა დეტალურად იცოდნენ ავტოკოლონის გადაადგილების მარშრუტი და დიდი დიღმის, დიღმის მთელი მოსახლეობა მათ დასახვედრად ქუჩებში გამოეფინა. 21 ნოემბერს მე კიდევ ერთხელ ვაჩვენე ფილმი სერბულ რევოლუციაზე, მუდმივად კადრში იყო სააკაშვილის ავტოკოლონა და მეორე დღისით დედაქალაქის ათეულ ათასობით მოსახლეობა და მთელი რეგიონები თბილისში ჩამოვიდნენ“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი.

გაგრძელება იქნება

1. "ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ...

2.  "არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

3. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

4.  რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

5.  "იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

6.  რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

7. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

8. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

9.  ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

10.  როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

11.  რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

12.  რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

13. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?