მთავარსარდალმა ბულინგის თემა საკუთარ სტაფთან განიხილოს - ბათუ ქუთელია
მთავარსარდალმა ბულინგის თემა საკუთარ სტაფთან განიხილოს - ბათუ ქუთელია

A+ A-

17:34 11/12/2019

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. „2020NEWS“- თან საუბარში ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შედეგია.

-ჯარი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რაზეც ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოება დგას. ამიტომ მთავარსარდალის განცხადება, რომ ჩვენ არც ჯარი გვყავს, არც იარაღი და არც გვეყოლება, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებები სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირდაპირი შედეგია. მისი ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება ქვეყნის დეინსტიტუციონალიზაციაა. ტერიტორიების მიტაცების პირობებში, სახელმწიფო ინსტიტუციები და მათი როლი დაკნინებულია, ან მიმდინარეობს მათი თანმიმდევრული დაკნინება. რუსული ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში ეს  არის ძალიან დიდი რისკი და ხიფათი ქვეყნისთვის. რუსული ჰიბრიდული ომის ამოცანა ყველა ქვეყნისა  და მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ  არის სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაცია, რაც შემდეგ უფრო მოწყვლადს გახდის ქვეყანას რუსული საფრთხეების წინაშე. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია ძალიან დაბალია იმ საარჩევნო პროცესის გამო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობითმა სისტემამ განახორციელა. ეს საკითხი და ჯარის, როგორც ერთ-ერთი, კონკრეტული ინსტიტუციის დისკრედიტაციის პრობლემა, საერთო კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

-მაშინ როგორ აიხსნება თავდაცვის მინისტრის დღეს გაკეთებული განცხადება, რომელმაც დაგმო პრეზიდენტის განცხადება. მთავარსარდალი და თავდაცვის მინისტრი, ფაქტობრივად, დაუპირისპირდნენ ერთმანეთს...

-ვინ ვის დაუპირისპირდა, არ ვიცი, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილმაც და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაში იღებს მონაწილეობას და მისი სიტემის ნაწილი არიან,  გააკეთეს ყველაფერი, რომ საარჩევნო პროცესების მძიმე დარღვევებით სალომე ზურაბიშვილი  პრეზიდენტი გამხდარიყო. მათ სწორედ ის ხედვა აწყობდათ, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აჟღერებდა. მათი საერთო ხედვაა, რომ საქართველო არ უნდა იყოს ამბიციური ქვეყანა და ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყო, ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის თანამდევი პროცესია.

-ე.ი. ამ შემთხვევაშიც ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის პოზიცია გააჟღერა?

- მმართველ გუნდს ამ ქვეყანაში ვერ ვხედავ. ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის მმართველობის სისტემისთვის, აუცილებელია, რომ ავტორიტეტული სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობდნენ და მიდის მათი მიზანმიმართული დაკნინება. ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილმა ეს ამოცანა შეასრულა. შეგნებით თუ შეუგნებლად, მე ასეთ სიღრმეებში ვერ შევალ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის.

-ბოლო კვლევებით, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ჯარი ლიდერობს. შეიძლება მთავარსარდალის განცხადება ამ ფაქტსაც დავუკავშიროთ?

-კლასიკურად არაფორმალურ მმართველებს,  ყველა ქვეყანაში, აღიაზიანებთ ძლიერი ინსნტიტუციები. განსაკუთრებით ისეთი ინსტიტუციები, როგორიც არის ჯარი, პოლიცია და ყველაფერს აკეთებენ, მათ დასაკნინებლად. სამწუხაროა, რომ რუსეთს საქართველოში სწორედ ეს ამოცანები აქვს და ყველაფერი ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.

- სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბულინგის მსხვერპლია და მის ყველა ქმედებას, თუ გამოსვლას ჩასაფრებულის პოზიციიდან ვუყურებთ, როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევაში ქართული ჯარია ბულინგის მსხვერპლი თუ ქვეყნის პრეზიდენტი?

-უმაღლესი მთავარსარდალია და პასუხიმგებელია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, აქვს გარკვეული ფუნქციები. ყველა მისი გადადგმული ნაბიჯი ასუსტებდა ქვეყნის ინტერესებს. გავიხსენოთ აზერბაიჯანთან შექმნილი პრობლემები, განცხადება, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო,  ახლა ქართულ ჯართან მიმართებაში გაკეთებული განცხადება. აქედან გამომდინარე,  თავის მსხვერპლად წარმოჩენაზე საუბარი უაზრობაა. მე შემიძლია განვსაჯო პრეზიდენტის განცხადებები და ამ განცხადებების შედეგები ქვეყნის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. მისი განცხადება ქვეყნისთვის იყო დამაზიანებელი. დანარჩენი უკვე სხვა პრობლემაა, რომელიც შეუძლია, საკუთარ სტაფთან და იმ ადამიანებთან ერთად განიხილოს, ვინც მისი პრეზიდენტობა გადაწყვიტა.

-პერზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა ამ შემთხვევაში რამდენად ლეგიტიმური შეიძლება, რომ  იყოს?

-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  შედეგია ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტით ეს პრობლემები არ გამოსწორდება. ჩემი აზრით, ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება. პრობლემის საფუძველს თუ არ ვებრძოლეთ, სიმპტომებთან ბრძოლას აზრი არ აქვს. ამ ეტაპზე მთელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი რესურსი უნდა იყოს მობილიზებული, რომ ქვეყანა არჩევნების გზით დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებს.