TIME-მა წლის ადამიანად გრეტა თუნბერგი დაასახელა
TIME-მა წლის ადამიანად გრეტა თუნბერგი დაასახელა

A+ A-

18:38 11/12/2019

საერთაშორისო გამოცემა TIME-მა წლის ადამიანად ახალგაზრდა ეკოაქტივისტი, 16 წლის შვედი გრეტა თუნბერგი დაასახელა.

გრეტა თუნბერგმა პოპულარობა 2018 წელს მოიპოვა, როდესაც სტოკჰოლმში პარლამენტთა აქცია-გაფიცვას აწყობდა. მან უარი განაცხადა პარასკეობით სკოლაში ევლო მანამ, სანამ ხელისუფლება კლიმატზე შეთანხმების შესრულებას არ დაიწყებს. წელს შვედი აქტივისტი ნობელის პრემიის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავდნენ.

გრეტა თუნბერგმა მოახერხა და ძალიან მცირე დროში როგორც მილიონობით აქტივისტის, ისე მსოფლიო ლიდერების ყურადღება მიიპყრო კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ გამართული პროტესტითა თუ საჯარო გამოსვლებით. მეტიც, მან მთელ მსოფლიოში დაუდო სათავე მასობრივ გაფიცვებს, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილების შესაძლო საფრთხეების უგულვებელყოფის გაპროტესტება და მასთან საბრძოლველად გლობალური მოქმედების მოწოდებაა.

წელს გრეტასთან ერთად წლის ადამიანის კანდიდატურად განიხილავდნენ დონალდ ტრამპსა და ჰონგ-კონგის პროტესტის მონაწილეებს, თუმცა არჩევანი საბოლოოდ შვედ აქტივისტზე შეჩერდა.

ეს მნიშვნელოვანი ამერიკული გამოცემა ყოველწლიურად ასახელებს ყველაზე გავლენიან პიროვნებას, ჯგუფს, მოძრაობას ან იდეას, რომელმაც გასული 12 თვის განმავლობაში განსაკუთრებული გავლენა იქონია მთელს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ პროცესებზე. მაგალითად, 2017 წელს წლის ადამიანებად დასახელდნენ ქალები, რომლებმაც სექსუალური შევიწროების შესახებ საჯაროდ დაიწყეს საუბარი.

წყარო: on.ge