როცა ადამიანი საკუთარი თავის მნიშვნელობას კარგავს, ეს არის სიკვდილამდე სიკვდილი - ნანა ჩაჩუა
როცა ადამიანი საკუთარი თავის მნიშვნელობას კარგავს, ეს არის სიკვდილამდე სიკვდილი - ნანა ჩაჩუა

A+ A-

16:37 20/12/2019

რატომ გახდა მოზარდებში სუიციდი “მარტივი“, რატომ ირჩევენ მოზარდები ამ უკიდურეს გზას , რომელმაც ბოლო პერიოდში საქართველო მოიცვა.

ქვეყანაში დატრიალებულმა რამდენიმე ტრაგიკულმა შემთხვევამ, სრულიად საზოგადოება დააფიქრა თუ რა არის ამ უკიდურესი მდგომარეობიდან გამოსავალი, როგორ უნდა მოიქცეს სრულიად საზოგადოება, მედია, სახელმწიფო, რომ არ მოხდეს მოზარდებში სუიციდის რომანტიზება და ე.წ. „წახალისება“ .

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “2020NEWS” ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ესაუბრა:

მოზარდებში გახშირებული სუიციდი - პრესტიჟისა და აღიარების მოთხოვნა

,,სუიციდის შემთხვევების გახშირება შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით აქტუალურია პრესტიჟისა და აღიარების მოთხოვნილება. მოზარდებში ის ქცევა ხდება მიმზიდველი, რაც მათ აღიარებას გამოიწვევს.
ძველ რომში, ადგილი ჰქონდა ასეთ შემთხვევას - მოზარდ გოგონებში ეპიდემია გავრცელდა. ეპიდემია შეჩერდა იმით, რომ გარდაცვლილი გააშიშვლეს და ასე შიშვლად დატოვეს. ამ სირცხვილის შეგრძნებამ, მომენტალურად იქონია გავლენა იმ მოზარდებზე, რომლებმაც გარდაცვლილის შიშველი სხეული ნახეს.

თუ ტრაგიკული შემთხვევების დროს საზოგადოების რეაქცია იქნა რომანტიზებული, მაშინ, რა თქმა უნდა, მოზარდებში აღიარების მოთხოვნა შესაბამისობაში მოვა სუიციდურ ფაქტთან. მისდა გაუცნობიერებლად, მოზარდისთვის ეს ქცევა საზოგადოების მხრიდან აღიარების ნაბიჯად აღიქმება და მისთვის მიმზიდველი ხდება ყველანაირი გაცნობიერების გარეშე.

სულ ახლახანს გვქონდა შემთხვევა, როცა ადამიანი მაღალი სართულიდან გადმოვარდა თუ გადმოხტა. მომხდარი ფაქტი ძალიან დიდი ყურადღების, თანაგრძნობის, რომანტიზაციის ობიექტი გახდა, რაც შეცდომაა.

ამ შემთხვევაში ადამიანს, ოჯახს შეიძლება მატერიალური თუ ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადო, ფატალურ შემთხვევაში ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადო მაგრამ ამას რომ მიეძღვნას ლექსები, სიმღერები, ნაწარმოებები და ეპითეტები „შენ ყოჩაღი ხარ“, „შენ კარგი ხარ“ - არასწორია, რადგან უნებლიე თანაგრძნობა შეიძლება სხვებისათვის საზიანო გახდეს. მოზარდობის ასაკი ხომ აღიარების მოთხოვნილებითაა გაჯერებული და ეს ნაბიჯი მოზარდებში სწორედ ამას ამკვიდრებს“, - აცხადებს ნანა ჩაჩუამ.

საზოგადოებამ აგრესიით თავი მოიკლა - რატომ ვერ ხედავენ მოზარდები პრობლემებიდან გამოსავლის გზას?

„ახალგაზრდები პრობლემებიდან თავის დასახსნელად სხვა გზას იმიტომ ვერ ხედავენ, რომ მათ ემოციის მართვის უნარი არ აქვთ. საკუთარი ემოციის მართვა ადვილი არ არის და ამ უნარს ადამიანში ემოციური ინტელექტი განაპირობებს.
ემოციური ინტელექტის ნაკლებობა ახალგაზრდებს მოზარდობის ასაკში გააჩნია და უკვე ჩვენ ასაკშიც, რადგან ცხოვრება რთულ პერიოდში მოგვიწია.

ემოციური ინტელექტის დეფიციტი ემოციების მართვის პრობლემას ქმნის. რატომ ხდება ეს? - იმიტომ, რომ საზოგადოებაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე აგრესიაა წახალისებული. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ცხოვრებაში სათნოება, პოზიტივი იყოს გამარჯვებული, ფიზიკურ, ვერბალურ თუ პოლიტიკურ დონეზე აგრესია იმარჯვებს.

მოზარდები უნდა ხედავდნენ საზოგადოებაში რა არის დაფასებული, მიღებული და რასთან შეიძლება მოახდინო საკუთარი თავის იდენტობა. ასევე განსაზღვრონ თუ არის მთავარი ღირებულებები და ფასეულობები იმ სოციუმში, სადაც ცხოვრობენ.
ახალგაზრდები პოლიტიკოსებისგან, ჟურნალისტებისგან და საზოგადოების დიდი ნაწილისგან მუდმივად აგრესიასა და ბილწსიტყვაობას ისმენენ. კონსტრუქციული არაფერი აღარ არის.

თუ ადამიანს დადებითი, პოზიტიური ღირებულებები არ აქვს ან იგი საკუთარ თავის მნიშვნელობას კარგავს და ამ მნიშვნელობის დაკარგვა არის სიკვდილამდე სიკვდილი. ასეთ კრიტიკულ სიტუაცია, როცა ფიზიკური სიკვდილი აღესრულება მანამდე ფსიქოლოგიური სიკვდილია დამდგარი. საზოგადოებამ აგრესიით თავი მოიკლა“, - აცხადებს ჩაჩუა.

“როდესაც სიკვდილს სათანადო პატივს მივაგებთ, მაშინ სიცოცხლეც ღირსეული და დაფასებული იქნება“

,,ტრაგიკული შემთხვევების დროს, ჯერ პირველ რიგში ოჯახს უნდა მიუსამძიმრო, ოჯახის ტკივილი უნდა გაიზიარო და მერე საკუთრივ უნდა დაფიქრდეს საზოგადოება, თუ რა უნდა გააკეთოს და რა უნდა შეცვალოს იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედიები თავიდან აიცილოს.
როცა ფაქტებს აგრესიულად ვუდგებით, მუდმივად ვეძებთ დამნაშავეს და საზოგადოება ვერ აცნობიერებს საკუთარ პრობლემას, მაშინ დასაფიქრებელი და გასააზრებელი საკითხი ხელიდან გვისხლტება.

მწუხარება არ უნდა შევურაცხყოთ, მას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ. მწუხარებას მაშინ შევურაცხყოფოთ, როდესაც იგი პოლიტიკური თუ სხვადასხვა ინტერესის საგნად იქცევა. ჩვენ სიცოცხლეს უნდა მივაგოთ პატივი. როდესაც სიკვდილს სათანადო პატივს მივაგებთ, მაშინ სიცოცხლეც ღირსეული და დაფასებული იქნება. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? - ის ფასეულობები, ღირებულებები, რომლებიც თავისთავადია, ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ.

ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები და ფასეულობები ჩვენი ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ. ახლანდელი ცხოვრების წესით უფსკრულისკენ მივექანებით. პოლიტიკას სიცოცხლე უნდა ემსახურებოდეს და არა სიცოცხლე გამოიყენოს პოლიტიკამ ან სიკვდილი თავისი საქმის გასაკეთებლად. ჩვენ კი მხოლოდ ამას ვხედავთ.

დღეს ყველაფერი არის ეკონომიკური ინტერესებისთვის გამოყენებული და ადამიანის ამ ინტერესის საგნად იქცა. იქ სადაც სკოლა და ბავშვი მოგების საშუალებადაა ქცეული და ავადმყოფი, მედიკამენტი, წამალიც ეკონომიკური მოგების საშუალებად აქციეს, იმ საზოგადოებაში სოციალური და ფსიქოლოგიური სიკვდილი უკვე დამდგარია.

ჩვენ ქვეყანაში ბავშვის, მხცოვანის და საერთოდ ადამიანის მიმართ პატივისცემა უნდა აღსდგეს. უპირველეს ყოვლისა უნდა გაკეთდეს ის, რომ ღირსეული ცხოვრებით იცხოვროს საზოგადოებამ“, - განაცხადა ჩაჩუამ „2020NEWS“-თან საუბარში.

ანა ქორჩილავა