ჟვანიამ და სააკაშვილმა პატარკაციშვილთან “ქაჯეთის ციხეში“ ძალით წამათრიეს, მე მათთვის ძალიან საშიში ვიყავი - ეროსი კიწმარიშვილი
ჟვანიამ და სააკაშვილმა პატარკაციშვილთან “ქაჯეთის ციხეში“ ძალით წამათრიეს, მე მათთვის ძალიან საშიში ვიყავი - ეროსი კიწმარიშვილი

A+ A-

18:13 20/12/2019

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდს დეტალურად აღწერს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი იმ მოგონებებში, რომელიც „2020NEWS“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ მოგონებების გამოქვეყნებას:

„შევარდნაძის გადადგომიდან მეორე დღეს, პარლამენტში გიგი წერეთლის კაბინეტში მე, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე შევიკრიბეთ. ბურჯანაძეს თან ახლდა მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე. ამ შეხვედრის ინიციატორი ზურაბ ჟვანია გახლდათ. მას სურვილი ჰქონდა, რაც შეიძლება მალე გაერკვია თავისი სტატუსი. ის, რომ პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, ცხადი იყო - პრეზიდენტი სააკაშვილი ხდებოდა. ზურას ოცნება პრემიერ-მინისტრობა იყო, მაგრამ მას არ სურდა შევარდნაძის პერიოდის სახელმწიფო მინისტრის მსგავსი უფლებები ჰქონოდა. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იქნებოდა. ასე გადანაწილდა უმაღლესი სახელისუფლებო თანამდებობები. მერე სამივე ჩემკენ მობრუნდა და ჟვანიამ მკითხა შენ რა გეგმები გაქვს? მე მეკითხებოდნენ, ჩვენ თანამდებობი დავინაწილეთ და შენ - რა გსურს? მე ვუპასუხე - არაფერი არ მინდა. რა ბედნიერებაა, რომ ერთი მეგობარი პრეზიდენტი მეყოლება, მეორე პარლამენტის თავმჯდომარე და მესამე პრემიერ მინისტრი. მე მსურს ბიზნესის კეთება და ამ საქმეს გავაგრძელებ. ერთადერთი, როგორც მედია საშუალების წარმომადგენელი, გთავაზობთ - მე ვიზრუნებ, რომ  თქვენ დაიცათ ეს შეთანხმება თანამშრომლობაზე. თუკი რომელიმე თქვენგანი უსამართლოდ დაუპირისპირდება მეორეს, მე ტელევიზიის საშუალებით უსამართლოდ დაჩაგრულს დავიცავ. ჩემს წინადადებას დაეთანხმნენ.

მე შემეძლო მომეთხოვა ორი ვიცე-პრემიერის პორტფელი, პარლამენტის ორი ვიცე-სპიკერის პოსტი და საპარლამენტო ფრაქცია, ულაპარაკოდ დამთანხმდებოდნენ. შემეძლო პრემიერ-მინისტრობაც მომეთხოვა და დიდი ალბათობით გავხდებოდი კიდეც. ამას ჩემს და ჟვანიას შორის დიდი დაპირისპირება მოჰყვებდა, მაგრამ ჩემს უკან უზომოდ პოპულარული ტელეკომპანია იდგა. გამაჩნდა უზარმაზარი რესურსი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელსაც თუ გამოვიყენებდი, სერიოზულად დავაზარალებდი ამ ჯგუფს. სააკაშვილი პრეზიდენტი ულაპარაკოდ გახდებოდა, მაგრამ ჟვანიას ამ პერიოდში რა რესურსი ჰქონდა? არც საპარლამენტო ფრაქცია ჰქონდა და არც არაფერი.

მე არაფერი მომითხოვია. მე “რუსთავი 2”-ში დავრჩი. ეს იყო იმ ადამიანის პოზიცია, რომელმაც ამ რევოლუციას გულწრფელად ყველაფერი მისცა. ეს არ იყო ჩემი შეცდომა, ეს ჩემი პოზიცია იყო. მართალია წიგნებიდან ვიცოდი იაკობინელების ბედი რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ განვითარებული მოვლენები, მაგრამ მე ამ დიალექტიკას უნდა გავქცეოდი. რევოლუციის სხვა ლიდერებს ყველაფერი გავუკეთე ხელისუფლებაში მოსასვლელად. მე აქედან არაფერი მიმიღია და რატომ უნდა გამხდარიყვნენ ჩემი მტრები?

24 ნოემბერს ხელისუფლება ჰაერში იყო გამოკიდებული. შევარდნაძე გადადგა, მაგრამ ჯარი და პოლიცია ჩვენ არ გვემორჩილებოდა. ხალხი ქუჩაშია გამოსული. ამ სიტუაციაში ჩვენს შორის რაიმე დაპირისპირების გაჩენა, ყველას დაგვაზარალებდა. ჩვენი შეხვედრის შემდეგ ყველაფერი გაირკვა და უკმაყოფილების მიზეზი არავის ჰქონდა.

25 ნოემბერს სასტუმრო “მარიოტის” კარებში ვანო ჩხარტიშვილი შემხვდა.

ვაა, ვანო შენ კიდე ცოცხალი ხარ? - ვეუბნები ნახევრად სერიოზულად.

  • კი, აბა, როგორ, ჩემმა მეგობრებმა რევოლუცია მოაწყვეს და სათავეში მოვდივართ, - მპასუხობს ჩხარტიშვილი, ბადრი პატარკაციშვილის უახლოესი მეგობარი და შევარდნაძის ყველაზე დიდი მხარდამჭერი.

კინაღამ ინფარქტი მივიღე. ჩემი ინიციატივით ისევ შევიკრიბეთ რევოლუციის ლიდერები და მე მოვითხოვე პასუხი, თუ რატომ იყვნენ რევოლუციის შემდეგ ჩხარტიშვილი და მისნაირები გაპარპაშებულები.

ჩვენთვის მთავარი იყო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მშვიდად მივსულიყავით. კონსტიტუციით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს,  ნინო ბურჯანაძეს უფლება არ ჰქონდა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა სახელმწიფო და ძალოვანი მინისტრები. ამდენად, შესაძლებელი იყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე შევარდნაძის გუნდს ეკონტროლებინა სიტუაცია.

25 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრი ჯორბენაძე გადადგა. მასთან სააკაშვილს ჰქონდა ურთიერთობა და მან გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი გაჯიუტდა და გადადგომას არ აპირებდა. მინისტრი, რომელის ბრძანებით კახეთიდან მომავალ მომიტინგეებს ფეხებში ტყვია ესროლეს, გადაკეტეს რიკოთის უღელტეხილი, მისი მითითებით სცემდნენ ჟურნალისტებს, მომიტინგეების დასაშლელად აზერბაიჯანიდან შემოჰქონდათ ცრემლსადენი გაზი, დაპირისპირება ჰქონდა პირადად მიხეილ სააკაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობას აგრძელებდა, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის საფრთხის მატარებელი იყო.

 “მერიოტში” შეხვედრაზე ვიყავი, როცა მითხრეს, რომ ნარჩემაშვილი გადადგომას არ აპირებდა. თან მახლდნენ ნიკა რურუა და გიგა ბოკერია. მე სასწრაფოდ დავურეკე ნარჩემაშვილს და ვუთხარი:     

  • კობა, როგორ ბედავ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ პოსტიდან გადადგომას არ აპირებ? გაძლევ 20 წუთს, ამ პერიოდში თუ შენ ტელევიზიით გადადგომის თაობაზე განცხადებას არ გააკეთებ, ჩემი ფეხით მოვალ სამინისტროში და ყურით ჩაგათრევ შენს მეხუთე იზოლატორში.

ამ ტონით მის სულიერად გასატეხად ვესაუბრე, სხვები თხოვდნენ, მე მოვთხოვე რომ დაუყოვნებლივ გადამდგარიყო.

პარლამენტის წინ სრულიად კომიკური ამბები ხდებოდა. დეზორიენტირებული ჯარისკაცები მოდიოდნენ და ჩაგბარდითო, გვეუბნებოდნენ. რიგითი პოლიციელებიც ამას აკეთებდნენ.

ნარჩემაშვილი 15 წუთში გადადგა. ტელევიზიით ყვებოდა, ტელეფონზე მირეკავენ და მემუქრებიან გადადექიო, ცრემლებს აღვარვარებდა, უნდა გადავდგეო.

ასეთ ისტორიებში ვმონაწილეობდი, მე რომელმაც ყველას ვუთხარი, რომ არანაირი თანამდებობა არ მინდოდა და ჩემს საქმეს გავაგრძელებ-მეთქი. მე ეს საყმაწვილო ჟურნალ “ერალაშის” ერთ სერიას მაგონებდა, “ჩემპიონი” ჰქვია. პიონერთა ბანაკში იმართება სირბილში შეჯიბრება. ბანაკის ჩემპიონი მაღალი გამხდარი ბიჭია და მწვრთვნელად ჰყავს პატარა, “შუსტრი” ბიჭი. ეს მწვრთვნელი მიდის და შეგირდის კონკურენტებს ზვერავს, ვინ როგორ ფორმაშია, მერე მოდის და ჩემპიონს აკვალიანებს, თუ ვინ შეიძლება მას კონკურენცია გაუწიოს. იწყება მარათონი და მწვრთვნელი თან მისდევს. გაიქცევა სადღაციდან წყალს მოუტანს გასაგრილებლად, მერე კიდევ გაასწრებს, გაიგებს ვინ არის მის შეგირდზე წინ წასული, მობრუნდება, ეტყვის რა მანძილით ასწრებს კონკურენტი, ბოლოს კიდევ გაასწრებს და ფინიშზე დახვდება და გამარჯვებული ხელში აჰყავს.

მეც ზუსტად ასეთი როლი მქონდა, ჩემს მარათონს ხო დავრბოდი, ესენიც ხელში აყვანილები დამყავდა და ფინიშის გადაკვეთისას უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებს ვულოცავდი. ეს უბრალოდ კომედია იყო.

მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ამ პერიოდში მივიღე, უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ირაკლი ალასანიას უკავშირდება. ნინო ბურჯანაძეს მისი უშიშროების მინისტრად დანიშვნა სურდა. მინისტრი ხაბურძანია ბოლო ხანს აქტიურად მეგობრობდა რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნებთან, კერძოდ პატრუშევთან. მე ამის წინააღმდეგი წავედი, ვშიშობდი, რომ იგორ გიორგაძის ისტორია არ განმეორებულიყო. შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ, მან თავი მოსკოვს შეაფარა. მეშინოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ალასანია ძალაუფლების ხელში აღებას ვერ მოასწრებდა და რამე ცუდი თუ მოხდებოდა, ხაბურძანიას პასუხს ვეღარ მოვთხოვდით. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ალასანიას თავად ვუთხარი. ალასანიას გზა შემდეგ სხვანაირად განვითარდა. მას ბოკერია და ოქრუაშვილი დაუპირისპირდნენ და რომ არა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, საერთოდ უმუშევარი დარჩებოდა. მან ცოტა ხანს ამ სამინისტროში იმუშავა.

მთავარ საფრთხედ მე პატარკაციშვილს განვიხილავდი. სააკაშვილს ვუთხარი, რომ  ჩვენი მთავარი ამოცანაა ბადრი, როგორც საფრთხის მატარებელი, უნდა გავანეიტრალოთ. მან თავისი ტელევიზია „იმედი“ საზოგადოებრივ მაუწყებლობას საჩუქრად გადასცეს, თავის შენობიან-აპარატურიანად. თუ ჩვენი მეგობარი იყო ამ რევოლუციის დროს ეს დაამტკიცოს, “იმედი” ხალხს აჩუქოს. ჩვენ მას კომპენსაცია გადავუხადოთ და უნდა ბიზნესში დარჩეს, უნდა პოლიტიკაში. ამით საზოგადოებრივი ტელევიზია გაძლიერდება და ბუფერი გახდება ჩვენსა და საზოგადოებას შორის. ეს იყო ჩემი მოთხოვნა, არა როგორც ბიზნესმენის ან ტელევიზიის მფლობელის, არამედ ეს რევოლუციით მოსული ხელისუფლების მოთხოვნა იყო.

“იმედი” რევანშიზმის ბუდეს წარმოადგენდა. ბადრის იქ გადაჰყავდა დაბოღმილი ადამიანები - გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, მათე კირვალიძე და გაზეთ “ალიას” სხვა შავბნელი ჟურნალისტები. რევოლუციის დროს „იმედს“ ჰქონდა სასტიკად პროსახელისუფლებო პოზიცია. მთავარი ომი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ აწარმოეს არა გაზეთებმა, არამედ ამ ტელეკომპანიამ. მომიტინგეებს ისეთი რაკურსით აჩვენებდნენ, რომ რაც შეიძლება ცოტა ხალხი გამოჩენილიყო. დღეს უკვე, სააკაშვილის და მერაბიშვილის მთავარი საყრდენი სატელევიზიო სივრცეში, ალეკო ფარულავა, მიტინგის მონაწილეებს ეგრეთ წოდებულ ხალხს ეძახდა.

ბადრი გაწბილებული იყო, ვინაიდან 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები რომ დამტკიცებულიყო, ის საკონსტიტუციო უმრავლესობას ქმნიდა და “ვარდების რევოლუციამ” მისი გეგმები ჩაშალა. გავიხსენოთ ვის რა შედეგი ჰქონდა იმ არჩევნებში. ამერიკელების ეგზიტპოლის მიხედვით - ნაციონალურ მოძრაობას აქვს 20,8%, ბლოკი „ახალი საქართველოსათვის“ - 12, 9%. ამ ბლოკს მთლიანად ბადრი აკონტროლებდა, გარდა სულხან პაპაშვილის ერთი ფრაქციისა, ლეიბორისტულის გამსვლელ სიაში მას ყველა მეორე ნაყიდი ჰყავდა და მათ ჰქონდათ - 12,8%. ჟვანიასთან კავშირით ის აკონტროლებდა “ბურჯანაძე-დემოკრატებს,” მთლიანად მისი იყო “ახალი მემერჯვენეები”, რომლებიც დაახლოებით ხმების 7%-ს აგროვებდნენ. “აღორძინებაც”, არ იქნებოდა ბადრისგან შორს მდგომი ძალა.

ახლა მთავრობის ეგზიტპოლის ანუ „ნიკოლო ემის“ მონაცემები ვნახოთ: ბლოკი „ახალი საქართველოსათვის“ - 22,1%, „ბურჯანაძე-დემოკრატები“ - 16,4%, „ლეიბორისტები“- 13,5%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 13,2%, „ახალი მემარჯვენეები“ - 11,3%, პლუს მაჟორიტარები. 75 მაჟორიტარიდან 50 გარანტირებულად ბადრის მხარდმჭერი იყო. მოგვიანებით, როცა მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ძალაში დატოვეს, ამ ფრაქციას ვანო ჩხარტიშვილი ჩაუდგა სათავეში. 235 დეპუტატიდან საკონსტიტუციო უმრავლესობა 160 კაცი გამოდიოდა. ძალიან უხეში გათვლებით, ჟვანია-სააკაშვილი ერთადაც რომ ყოფილიყვნენ, მათ ექნებოდათ 40-42 პროპორციული ადგილი, დანარჩენი კი ბადრის. ასლან აბაშიძე “აღორძინების” ლიდერი ივაჭრებდა და პრინციპულად ბადრის მოწინააღმდეგე არ იქნებოდა. ბადრი 160-170 კაცს თავისუფლად აგროვებდა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ამას დავუმატოთ ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მისი მეგობარი - ვაჟა ლორთქიფანიძე ხდებოდა, ხოლო “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე - სახელმწიფო მინისტრი. ამიტომ დათანხმდა გამყრელიძე შევარდნაძეს და ბოლო მომენტში ქვორუმის შესაკრაბად პარლამენტში შევიდა.

ამ ყველაფრის რეჟისორი ბადრი გახლდათ. მას ეყოლებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი. მეორეს მხრივ, იქით იყო აბსოლუტურად უგონო შევარდნაძე, აბსოლუტურად ქმედუუნარო, რომელსაც 6 თვის თავზე ელცინივით გადააყენებდნენ. ზუსტად რუსეთში განხორციელებული სცენარით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბადრის ჩემთვის ნათქვამი აქვს, მე მეორედ ისეთ შეცდომას არ დავუშვებ, როგორიც რუსეთში მე და ბერეზოვსკიმ დავუშვით, როდესაც პუტინი პრეზიდენტად დავსვითო. ვფიქრობდით, რომ მასზე კომპრომატები გვქონდა, მაგრამ ამან არ გაჭრა. გენერალ ლებედზე კი ამბობდა, ჩვენი კაცი იყო, კომპრომატისთვის მას ახალგაზრდა ბიჭი გავაჟიმიეთ და ვიდეოკამერით გადავიღეთო.

ჩვენი მტერი შევარდნაძე აღარ იყო, რომელიც კრწანისის რეზიდენციაში გამოიკეტა. მტერი მთლიანად კორუმპირებული სისტემა გახლდათ. ჩვენ არ გვყავდა პოლიცია, სპეცსამსახური, არ გვქონდა ფინანსები და გვიპირისპირდებოდა კარგად დაფინანსებული, ერთად შეკრული გუნდი. რევოლუციის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ნაწილებში დადიოდა და გეგმიურ შემოწმებას ვატარებო, იძახდა, იქით კოდორის ხეობის გუბერნატორი და შეიარაღებული ფორმირება “მონადირის” მეთაური ემზარ კვიციანი აქტიურობდა, პარტიზანების დაჯგუფება “ტყის ძმების” ლიდერი დათო შენგელიაც მასთან ერთად მოძრაობდა. ამას ემატებოდა ეს შევარდნაძის ელიტა, მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები, რომელებიც ჩასაფრებული რაღაც მომენტს ელოდებოდნენ და მათი რუპორი “იმედი” გახლდათ. ეს ტელეკომპანია რევანშიზმის ბუდე გახლდათ და ამას უკავშირდებოდა ჩემი სიფრთხილეც.

ამის გამო მივდივარ მიშასთან და ვეუბნები - მიშა, თუ ჩვენ გვინდა  რევოლუციის შედეგების შენარჩუნება, რაღაც უნდა გავითვალისწინოთ. მაკიაველის მიხედვით, თუ გინდა ქალაქი შეინარჩუნო, ორი ალტერნატივაა - ან უნდა გაურიგდე არსებულ ელიტას, ან უნდა გაჟლიტო ის და ახალი ელიტა შექმნა. გაჟლეტაში დახვრეტას არ ვგულისხმობ, მას ელიტის ფუნქცია უნდა წაართვა და ახალი ელიტა შექმნა.

სააკაშვილმა მოგვიანებით ეს თეორიები ერთმანეთში აურია, თავისი ელიტის შექმნაც დაიწყო და ნაწილობრივ, ძველსაც გაურიგდა, ფაქტიურად მან ამ ელიტების ცუდი ნაზავი მიიღო. ამას უკავშირდება მისი ახლანდელი პრობლემები ეკონომიკაში და საზოგადოებრივ გავლენებშიც. მას დასაყრდენი აღარ ჰყავს. დარჩა მხოლოდ ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, რომელთა ლოიალობა მხოლოდ ხელფასთანაა დაკავშირებული. მიშას დასაყრდენი აღარ ჰყავს, დღეს რომ დაჭირდეს, ნუგზარ წიკლაურის და ეკა ხერხეულიძის, ანუ ზვიადიზმის ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი გამოვლინებების და ხათუნა ოჩიაურის გარდა, მხარდამჭერები აღარ ჰყავს. მას იდეური მხარდამჭერები აღარ გააჩნია. გიგა ბოკერია მისი ერთ-ერთი უკანასკნელი დამცველია. წარმოგიდგენიათ? მან მოახერხა და ის ხალხი, რომლებიც მის სიახლოვეს ათასობით იდგნენ, საერთოდ შემოეფანტა. ის ახლა მხარდამჭერებს ყიდულობს, ამიტომ ამ მოსყიდულებს მასთან არანაირი იდეური სიახლოვე არ აკავშირებს.

ახლა რა გააკეთეს ჟვანიამ და სააკაშვილმა? მომკიდეს ხელი და ბადრისთან შესარიგებლად „ქაჯეთის ციხეში“ ძალით წამათრიეს. ჩემი და ბადრის შეხვედრას ესწრება ჩხარტიშვილი, სააკაშვილი, ჟვანია და ჩუბინიშვილი.

მახსოვს ბადრის სტილიზებული კუთხე ჰქონდა - თავისი ბავშვობის იტალიური ეზო, სახლის აივანზე კი არღნით ხელში, იპოლიტე ხვიჩიას ცვილის ფიგურა იდგა.

ამ შეხვედრის შემდეგ მე და ბადრი ერთმანეთს აღარ უნდა დავპირისპირებოდით, ვინაიდან “ თქვენ ორივე ჩვენი მეგობრები ხართო - ეს იყო ძირითადი პათოსი. ამან შოკი მომგვარა.  ბადრი აღიარებდა, რომ შერიგების მომხრე იყო და ამის დასტურად დამპირდა, რომ კომუნიკაციების სფეროში ერთი თეთრის ინვესტიციასაც არ განახორციელებდა. პირველი ორი დაპირება მან არ შეასრულა. დამპირდა, რომ ტელევიზიას არ შექმნიდა და “რუსთავი 2”-ის საწინააღმდეგოდ “ იმედი” შექმნა და “ჯორჯიან ონლაინს”  “ტელენეტი” დაუპირისპირა. ახლა მე მაიძულებდნენ, მისთვის მესამედ დამეჯერებინა. რევოლუციის შემდეგ ყველაფერი უცებ დაავიწყდათ. თითქოს ბადრი არ იყო მათი, ამ შემთხვევაში რევოლუციონერების, სამკვდრო-სასიცოცხლო მტერი. ყველაფერი დალაგდა და მე გავხდი დასაწყნარებელი. ამის გამო და თითქოს “სოსკა” მომცეს, აჰა, შენ ტელეკომუნიკაციებიო.

შევთანხმდით - შენ, ძმაო, მიიღე კომუნიკაციებში მენეჯმენტი, რაც მერე მე და დათო დვალმა განვახორციელეთ და ელექტროკავშირის საშემოსავლო ნაწილი გავზარდეთ. ზარალიდან უზარმაზარ მოგებაზე ისე გავიყვანეთ, რომ არც ერთი თეთრი აქედან მოგება არ მიგვიღია.

იმავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბადრი ტელებიზნესში დარჩებოდა. ჩემი აზრით, ეს ჟვანიას იდეა იყო. მან სააკაშვილი დაარწმუნა, რომ იმ პერიოდში მათთვის მე ბადრიზე საშიში ვიყავი და „რუსთავი 2“-ის საპირწონედ “იმედი“ მოიაზრეს. „რუსთავი 2“-ის პოპულარობა, არც ჟვანიას ეწერებოდა, არც სააკაშვილს - მე მეწერებოდა და ამას საფრთხედ მიიჩნევდნენ. ბურჯანაძეს  ამ კონტექსტში საერთოდ არ განიხილავდნენ. ისინი მას სერიოზულ ფიგურად არ აღიქვამდნენ და ეს პარლამენტის როლის დაკნინებით მალევე გამოჩნდა.

ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ადამიანებს ძალიან ადვილად ვუჯერებ. იმ ფაქტმა, რომ შევარდნაძის რეჟიმი უსისხლოდ მოვიშორეთ, რეჟიმი რომელიც ქვეყანას ანგრევდა, ეიფორიაში ჩამაგდო. არავის წინაშე არანაირად ვალდებულები არ ვყოფილვართ, არც შეერთებული შტატების, არც რუსეთის, ბიზნესმენების თუ შავების. ჩვენ ქვეყნის განვითარება სუფთა ფურცლიდან უნდა დაგვეწყო, რისთვისაც 5 იანვარს ხალხმა სააკაშვილს და ჩვენ ყველას ნდობის 96 პროცენტიანი მანდატი მოგვცა. ეს არ იყო მხოლოდ სააკაშვილისთვის მიცემული ხმები. ნოემბერში მას ამომრჩეველთა 20 პროცენტი უჭერდა მხარს, იანვარში კი მან ხმების 96 პროცენტი მიღო. ასეთ მოკლე ხანში, ასეთი გრადაცია წარმოუდგენელია. ეს ხმები ერთად მოვიპოვეთ „რუსთავი 2“-მა, სააკაშვილმა, ჟვანიამ და ბურჯანაძემ. იმაზე საუბარს აღარ ვაპირებ, ამ ოთხეულიდან თითოეულს რა მხარდაჭერა და პოპულარობა ჰქონდა. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ამ გაერთიანებას უამრავმა ადამიანმა თავისი იმედები დაუკავშირა“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი.

გაგრძელება იქნება

 

1. "ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ...

2.  "არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

3. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

4.  რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

5.  "იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

6.  რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

7. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

8. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

9.  ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

10.  როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

11.  რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

12.  რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

13. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?

14. "ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი... ასე მოდიოდა "ვარდების რევოლუცია"