ტრამპი ივანიშვილის ხელისუფლებას სანქციებს დაუწესებს - ბათუ ქუთელია
ტრამპი ივანიშვილის ხელისუფლებას სანქციებს დაუწესებს - ბათუ ქუთელია

A+ A-

18:56 24/12/2019

ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას, „2020NEWS“ -თან აღნიშნავს, რომ  შეერთებული შტატებიდან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება  სანქციებს უნდა ელოდოს.

ექსპერტის თქმით, ამერიკის საკანონმდებლო ხელისუფლება უკვე დიდი ხანია აფრთხილებს „ოცნებას“,  დაბრუნდეს დემოკრატიის ჩარჩოებში, მაგრამ ისინი ჯიუტად აგრძელებენ არჩეულ გზას.

 „აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში ცალსახად იყო მითითებული, რომ ქვეყანაში დემოკრატიასთან დაკავშირებით პრობლემებია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ სისტემური პრობლემები აქვს დემოკრატიის კუთხით, ეს ახალი ამბავი არ არის. ამაზე დიდი ხანია ღიად საუბრობენ ჩვენი პარტნიორები, განსაკუთრებით ვაშინგტონში. პირველად ამის შესახებ გზავნილი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ  გააჟღერა, როდესაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ხვდებოდა. მაშინ პომპეომ საჯაროდ ისაუბრა საქართველოში არსებულ მართლმსაჯულების პრობლემაზე, არაფორმალურ მმართველობასა და არათანაბარ საარჩევნო გარემოზე. სამწუხაროდ, იმ პერიოდიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო მდივნის მითითებები და რჩევები გაეზიარებინა. პირიქით, უარესი შეცდომები დაუშვეს და დღეს მოვედით იქ, სადაც ვართ, როდესაც არამარტო ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლება, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლებაც ღიად და პირდაპირ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას. ამერიკული პრესა სულ უფრო ხშირად წერს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების დროს სულ უფრო მეტად იგრძნობა ქვეყანაში რუსული გავლენები. ტრამპს სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ, რომ განიხილოს სანქციები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილს დაუწესებენ, რადგან სხვანაირი ტიპის გაფრთხილებები მან ვერ გაიგო. ეს ყველაფერი ერთიანობაში ძალიან მძიმე შტაბეჭდილებას ქმნის“, - განაცხადა ქუთელიამ სააგენტოსთან საუბარში.

კითხვაზე, რა ტიპის სანქციებს უნდა ელოდოს საქართველო ამერიკიდან, ექპერტი პასუხობს, რომ სანქციების დაწესების დიდი გამოცდილება აქვს დემოკრატიულ  სამყაროს.

„სანქციების დაწესების გამოცდილება  აქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ  შტატებს, ასევე დემოკრატიულ  სამყაროს.  ეს არის ეტაპობრივი და მზარდი ზეწოლა იმაზე. ვისაც ხელისუფლება  უზურპირებული აქვს, არ იცავს დემოკრატიის პრინციპებს და  ცდილობს, ბოროტად ისარგებლოს ამერიკის კეთილგანწყობით. სანქციების ფორმები ბევრია. დაწყებული მოგზაურობის შეზღუდვით, ფინანსური თუ სხვა აქტივების გადახედვით დამთავრებული. სამწუხაროა, რომ საქმე აქამდე მივიდა. მიუხედავად არაერთი მეგობრული გაფრთხილებებისა და  რჩევისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება დაბრუნებულიყო პოლიტიკურ ჭრილში“ , - განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას მორიგი გზავნილი გამოუგზავნა და მოუწოდა, გააძლიეროს ვალდებულებები დემოკრატიის პრინციპების შესასრულებლად. დეპარტამენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სასამართლო და საპროკურორო სისტემა გაათავისუფლოს პოლიტიკური მიკერძოებებისგან. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ,  სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.