ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა - ლიეტუვას პრეზიდენტი
ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა - ლიეტუვას პრეზიდენტი

A+ A-

10:51 22/01/2020

დავოსში, ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის კონსენსუსის მიღწევას, თუმცა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ წუხს, გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა, რომ ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას.

 „ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსენსუსის მიღწევას პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის და ასევე ვთვლით, რომ გარე ძალებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ უთანხმოება პოზიციასა და ოპოზიციას შორის, რაც შექმნის არასტაბილურობას საქართველოსა და რეგიონში”,- განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

„ლიეტუვა საქართველოს ახლო მეგობარი და მოკავშირეა და ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.