დიდი ბრიტანეთი მზადაა, 31 იანვარს ბრექსიტის ფინიშის ხაზი გადაკვეთოს - ბორის ჯონსონი
დიდი ბრიტანეთი მზადაა, 31 იანვარს  ბრექსიტის ფინიშის ხაზი გადაკვეთოს - ბორის ჯონსონი

A+ A-

14:41 23/01/2020

„დიდი ბრიტანეთი მზად არის, 31 იანვარს ევროკავშირი დატოვოს “, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის ოფისმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ, ბრექსიტის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ახლა დოკუმენტი ხელმოსაწერად დედოფალს უნდა გადაეგზავნოს.

„პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს 31 იანვარს და გააგრძელებს წინსვლას როგორც ერთი მთელი. ზოგჯერ გვეჩვენებოდა, რომ ჩვენ ვერასდროს გადავკვეთდით ბრექსიტის ფინიშის ხაზს, თუმცა, როგორც იქნა, ეს გამოგვივიდა“, – ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბრექსიტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს უთანხმოების დასრულებისა და ქვეყნის ყოველდღიურ პრობლემებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა.

ბრექსიტის შემდეგ, პირველი თებერვლიდან დაიწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი დაემორჩილება ევროკავშირის წესებს, თუმცა, აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში.