მიხეილ კალანდია უდანაშაულოა და 4-5 წელიწადში პროკურორი გახდება - ადვოკატი თოდუა
მიხეილ კალანდია უდანაშაულოა და 4-5 წელიწადში პროკურორი გახდება - ადვოკატი თოდუა

A+ A-

11:42 24/01/2020

ხორავას ქუჩის საქმეზე უზენაეს და საქალაქო სასამართლოებში პროცესები დღეს განახლდება. სასამართლო სხდომები ორივე ინსტანციაში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც “2020NEWS”-ს ხორავას ქუჩის ტრაგედიაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა განუცხადა, დაცვის მხარისთვის უცნობია, ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ვის წარმოადგენს.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა „მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს, რათა ზაზა სარალიძემ შემდეგ არ იხმაუროს“.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმის გამოკითხვა მოხდება, ჩემთვის უცნობია, ვის წარმოადგენენ, თუმცა, ჩვენ მზად ვართ, დავუსვათ კითხვები და სათანადო პასუხები მივიღოთ.

თქვენ იცით, რომ პარალელურად, უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარეობს ანალოგიური, მსგავსი სასამართლო პროცესი, სადაც გენერალური პროკურატურა მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის მიმართ გასამართლებას ითხოვს იმავე მუხლითა და იმავე ფორმულირებით, რითაც კალანდიასი. ანუ ერთ შემთხვევაში პროკურატურა კალანდიას დამნაშავედ ცნობას ითხოვს, რომლის საქმე საქალაქო სასამართლოშია და მეორე შემთხვევაშიც, პროკურატურა იგივე დანაშაულზე, იგივე ჭრილობის მიყენებაზე ბარბაქაძის დამნაშავედ ცნობასაც მოითხოვს.

პროკურატურა არ არის ჩამოყალიბებული და არ იცის, რა უნდა. მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს, რათა ზაზა სარალიძემ შემდეგ არ იხმაუროს“, - აცხადებს თოდუა.

“2020NEW”-თან კალანდიას ადვოკატმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოკლული დავით სარალიძის მამისა და ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, გუშინდელ სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძემ „იმიტირება მოახდინა იმისა, რაც ხორავას ქუჩაზე მისი შვილის მიმართ მოხდა“.

,,ზაზა სარალიძემ სასამართლო დარბაზი არათუ პროტესტის ნიშნად, არამედ ფაქტობრივად, იმიტირება მოახდინა იმისა, რაც ხორავას ქუჩაზე მისი შვილის მიმართ მოხდა.

გუშინდელ სასამართლო სხდომაზე მოწმე მშვიდ და წყნარ გარემოში იძლეოდა ჩვენებას, თუმცა, რატომღაც, აუხსენელი მიზეზების გამო, სარალიძემ კალანდიას მშობლების მიმართ პროვოკაცია მოაწყო. ისინი ქუჩაში სალაპარაკოდ გამოიწვია. ამის შედეგად სასამართლო დარბაზი კარის გარეშე დარჩა, კიდევ კარგი, რომ მანდატური ჩაერია, თორემ არ ვიცი, როგორი შედეგები შეიძლება ყოფილიყო“, - აცხადებს ადვოკატი.

სააგენტოსთან საუბარში, თოდუამ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებაც შეაფასა. ლონდარიძის თქმით, ხორავას ქუჩის საქმეში დამნაშავედ ცნობილ პირებს საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ და აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ მიხეილ კალანდიასაც გაუფორმდეს.

თოდუას თქმით, ლონდარიძის ნათქვამი მორიგი „ბოდვა“ და კალანდიას საპროცესო შეთანხმება არასოდეს გაუფორმდება.

„ეს არის მორიგი ბოდვა, რომელიც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმდევრებს შეიძლება, აზრად დაებადოთ. კალანდიას არავითარი საპროცესო შეთანხმება არ გაუკეთდება, არასდროს. იგი არის სრულიად უდანაშაულო და მალე პროკურორი გახდება. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, 4-5 წელიწადში მიხეილ კალანდია პროკურორი გახდება“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით ასევე დაკავებულია მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე - ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.

22 იანვარს კი უზენაეს სასამართლოში ბარბაქაძე-ჯანაშიას საქმის განხილვა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, დავით სარალიძის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება მიღწეულია. პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით მიმართა ასევე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის, გუგა ბარბაქაძის ადვოკატმაც.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, რომლის საქმეც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს და იგი დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივნის დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ანა ქორჩილავა