ივანიშვილი მაფიოზია - პოლიციელებს არღვევინებს კანონს -  პოლიტიკოსები იზორიას ძმის "ზემოდან ჩარევით" გათავისუფლებაზე
ივანიშვილი მაფიოზია - პოლიციელებს არღვევინებს კანონს -  პოლიტიკოსები იზორიას ძმის "ზემოდან ჩარევით" გათავისუფლებაზე

A+ A-

16:45 24/01/2020

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ძმის დაკავებისა და შემდეგ „ზემოდან ჩარევით“ გათავისუფლების კადრების გავრცელებამ, მთავრობასა და ოპოზიციაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ვიდრე  ხელისუფლება ისევ „ნაციონალებისკენ“ იშვერს ხელს, მაგათ გაავრცელეს კადრებიო, ოპოზიცია ერთიანია იმ აზრში, რომ „სალხინეთში“ სისტემური დანაშაული ხდება და ბიძინა ივანიშვილს ჯაბა იოსელიანობამდე აღარაფერი უკლია.

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც „ქართული ოცნების“ სისტემის მამხილებელი კადრები გაავრცელა, დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის მატარებლად გამოაცხადა.

მისი თქმით, ამ კადრების გასაჯაროება დვალიშვილს 5 წლის წინაც შეეძლო, თუმცა ახლა  გააკეთა ეს, რადგან „ნაციონალებს“ უნდოდათ.  

„ნაციონალების“ ნარატივში ჯდება ამ პოლიციელის ქმედება. 5 წელი სად იყო, თუ პოლიციელის მუნდირი ადარდებდა?“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილი ამ განცხადებას, მწვავე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. მათი აზრი ამ თემაზე, მიუხედავად განსხვავებული პარტიული და იდეოლოგიური კუთვნილებისა,  ერთიანი და მყარია, რომ ეს კადრები ასახავს „ქართული ოცნების“ მმართველობის სახეს, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულდეს.

როგორც “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “2020NEWS“-თან საუბარისას განაცხადა, ოხანაშვილის განცხადება საოცრად უსუსური ახსნაა სისტემური დანაშაულის გადასაფარად.

„ძალიან უსუსური ახსნაა, ვის ნარატივში ჯდება და ვის ინტერესებში ამ კადრების გავრცელება. ჩვენ ვნახეთ კადრები, ცოცხალი ადამიანი, ცოცხალი მინისტრის, ცოცხალი ძმა, რომელიც ასე იქცევა და კონკრეტული პოლიციელები, რომლებიც არა კანონს. არამედ კონკრეტული მინისტრის ინტერესებს იცავენ და ეს არის ძალიან დიდი სისტემური  დანაშაული.

ეს არის პოლიციელების შეურაცხყოფა და დაკნინება.

ამ კადრებით კარგად ჩანს ის მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თავის მსახურებსა და მონებს მისცა სრული თავისუფლება და ამ დროს პოლიციელებს არღვევინებენ კანონს. რა მნიშვნელობა აქვს ვის აწყობს და ვის არ აწყოს ამ კადრების გავრცელება, ფაქტია, რომ დანაშაულია მომხდარი“, - განაცხადა ხოშტარიამ სააგენტოსთან საუბრისას.

კითხვაზე, როდესაც ქვეყანაში სისტემური დანაშაული ხდება, გამოსავალი რაშია, ფაქტია, იზორიას ძმის საქმის გამოძიება ახლაც არ აწყობს ხელისუფლებას, ხოშტარია აცხადებს, რომ გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაშია.

„ამ საქმიდან გამოსავალი არის მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა, რადგან ამ ხელისუფლებამ, როგორც ადრე არ გამოიძია ის საქმეები, რომლებიც არ აწყობდა, ისე არ გამოიძიებს ამასაც, როდესაც  ჩვენ სახეზე გვაქვს არაერთი, მსგავსი სისტემური დანაშაული, ამიტომ უნდა შეიცვალოს მთავრობა. ვინაიდან ამ სისტემის გაჯანსაღება, ამ გუნდის გამოსწორება და ჭკუაზე მოსვლის დრო უკვე ძალიან დიდი ხანია გავიდა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ოხანაშვილის განცხადებაზე ხოშტარიას კომენტარს იზიარებს ასევე პარტიის “თავისუფალი საქართველო“ თავმჯდომარე კახა კუკავა.

კუკავას განცხადებით, მაშინ როდესაც დანაშაული გვაქვს სახეზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აწყობდა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კადრების გავრცელება.

„იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, თუ ის საჯარო მოსამსახურეა და არა ბიძინა ივანიშვილის პირადი მსახური, უნდა ესმოდეს, რომ როდესაც სახეზე არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაშინ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აწყობდა თუ არა ვინმეს ამ კადრების გავრცელება,. მთავარი არის ის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

ადრეც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ მცდელობა, ნაციონალური მოძრაობით გადაეფარა დანაშაული სარალიძის საქმეზე და ამბობდნენ, რომ სარალიძის ოჯახი ნაციონალი იყო და ნაციონალბის ნარატივს ატარებდნენ.

მე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს განცხადება, რომელიც ოხანაშვილმა გააკეთა, არის აფრიკული ტომის ბელადის განცხადება, სამწუხაროდ, ოხანაშვილი აზროვნებს ისე, როგორც აფრიკული ტომის ბელადი, რადგან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისგან მსგავსი განცხადების გაკეთება აბსოლიტურად  არაადეკვატურია“, - განაცხადა კუკავამ “2020NEWS“-თან საუბრისას.

საქმის გამოსავალი და საკითხის ერთადერთი მოგვარების საშუალება კუკავასთვისაც მხოლოდ მთავრობის შეცვლაშია.

 „კონკრეტულად ამ საქმეს ეშველება თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ სისტემის წყალობით,  ამ ტიპის საქმეები ყოველდღიურად ხდება საქართველოში და ამ საქმიდან გამოსავალი არის მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა და  სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, რადგან ივანიშვილი, თავისი არსით, თავისი გაგებით, ოჯახით, მენტალობით არის მაფიოზი.

აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი ჯაბა იოსელიანისა და „მხედრიონელების“ მენტალობას ვერ მოიშლის, ვერასდროს შეეშვება, თავისი ნათესავების, თავისი ახლობლების დასაქმებასა და გამდიდრებას სახელმწიფოს ხარჯზე.. ის არც თავის ხელქვეითებს დაუშლის  ამას, მისთვის  სამართლებრივი სახელმწიფო არის აბსოლუტურად გაუგებარი მცნება.

იმისათვის, რომ მოხდეს მსგავს ქმედებებზე ადეკვატური რეაგირება. აუცილებელია, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც  ივანიშვილის რეჯიმის პირობებში ვერ შეიქმნება. შესაბამისად,  მე ვფიქრობ, რომ ოქტომბერში, ამ კორუმპირებულ, დაჭაობებულ რეჟიმს განაჩენი უნდა გამოვუტანოთ“, -  განაცხადა კუკავა.

პოლიციელის მიერ გავრცელებული კადრების სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვს “ევროპული საქართველოს“  წევრი ირმა ნადირაშვილიც. მისივე თქმით, მედიაში გავრცელებული კადრები დამამცირებელი იყო თითოეული პოლიციელისა და მოქალაქისათვის.

“მოვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და პასუხი გაგვცენ კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ პოლიციელები, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და დააკავეს ადამიანი, რომელიც მათი აზრით და კადრებიდანაც ჩანს, რომ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, აიძულეს, რომ დანაშაული ჩაედინათ და სამართალამცველებს სამართალდამრღვევი გაეთავისუფლებინათ. ამაზრზენი იყო, როდესაც ვხედავდით პატრულის მაღალჩინოსნები როგორ უხდიდნენ ბოდიშს იზორიას ძმას და იზორიას პირად მძღოლს. ეს იყო დამამცირებელი კადრები თითოეული მოქალაქისთვის და პოლიციისთვის,“ - განაცხადა ნადირაძემ.

საგანგებო ბრიფინგი გამართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემაც და განაცხადა, რომ პოლიციელ გიორგი დვალიშვილსა და მის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლები უთვალთვალებენ. მისი თქმით, ის პირადად იმყოფებოდა დვალიშვილის ოჯახში და თავად ნახა უცნობი პირები მათ სახლთან.

„შესასვლელთან, ეზოში იდგნენ სუსის თანამშრომლები და ტელეფონით იღებდნენ ყველას, ვინც პოლიციელ გიორგი დვალიშვილთან მიდიოდა. მე ვერ მოვასწარი მათი სახეების დაფიქსირება, რადგან ისინი გაუჩინარდნენ“, -  თქვა ხატია დეკანოიძემ და დაამატა, რომ ინფორმაციას დვალიშვილის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით ასაჯაროებს.

მართალია, თავად ექსმინისტრი იზორია დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა, მაგრამ სამაგიეროდ, იზორიების დედა გულიკო კვირკველია, მათი  ოჯახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. იზორიების დედაც ვიდეოკადრების გავრცელებაში „ნაციონალუ მოძრაობას“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი შვილების მიმართ “უბინძურესი პროპაგანდაა მიმართული“. ვიდეოკადრების გამართლებას კი იმით ცდილობდა, რომ მისი შვილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დღემდე მკურნალობს და არავის შეურაცხყოფა ჰქონდა განზრახული.

ალბათ, სპეციალური საშვი „ნარუშილოვკაც“, რომელსაც მხოლოდ  სამართალდამცავი უწყებების მაღალჩინოსნებსა და სპეცწარმომადგენლებს აძლევენ ხოლმე,   სწორედ ამიტომ „გაუჩალიჩა“ უმუშევარ კიტა იზორიას  მისმა, შს მინისტრის მოადგილე ძმამ - ავადაა, არღვევს წესრიგს  და ბარემ, დაუსჯელად დაარღვიოსო.

„აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მიმართ. ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას. იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის სკამაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთთქმული მიზეზის გამო გამოხატავდა გარკვეულ”, – წერს გულიკო კვირკველია სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს მაშინდელი შს მინისტრის, ლევან იზორიას ძმის, კიტა იზორიას დამკავებელი გიორგი დვალიშვილი, ამ ფაქტიდან მალევე  თანდათან დააქვეითეს და ბოლოს კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. დღეს დვალიშვილი სამართალს პროკურატურაში ეძებს. მან გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ მოხდა კიტა იზორიას დაკავება და რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ მისი გათავისუფლება.

ავტორი : მარიამ მაჭარაშვილი