ნათელა მაჭავარიანს ვარსკვლავი იმიტომ გავუხსენით, რომ გეგა კობახიძის დედაა - დავით ოქიტაშვილი
ნათელა მაჭავარიანს ვარსკვლავი იმიტომ გავუხსენით, რომ გეგა კობახიძის დედაა - დავით ოქიტაშვილი

A+ A-

17:19 25/01/2020

კულტურის პალატის პრეზიდენტს, დავით ოქიტაშვილს, წლებია უწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რა ნიშნით უხსნიან საქართველოში ადამიანებს ვარსკვლავებს. განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა გასული წლის ბოლოს მსახიობ ნათელა მაჭავარიანისთვის ვარსკვლავის გახსნას. მას 2019 წლის დეკემბერში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. რა დამსახურებისთვის გაიხსნა ნათელა მაჭავარიანის ვარსკვლავი, ბევრისთვის გაურკვეველი დარჩა. სოციალურ ქსელში ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ ვარსკვლავი 80 წლის ქალბატონმა იმიტომ დაიმსახურა, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მეგობარია.

თუმცა აუცილებელია ითქვას, რომ ნათელა მაჭავარიანი „თვითმფრინავის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის, გეგა კობახიძის დედაა, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა ისე დახვრიტა, რომ მისი საფლავიც კი არ არსებობს.

ნათელა მაჭავარიანისა და „ხმაურიანი ვარსკვლავების“ შესახებ რამდენიმე კითხვით “2020NEWS“-მა დავით ოქიტაშვილს მიმართა:  

- ბატონო დავით, როგორ ხდება იმ ადამიანების შერჩევა, რომლებსაც სხვადასხვა ადგილზე ვარსკვლავებს უხსნით?

-თეატრალურ საზოგადოებიდან ან კინოცენტრიდან მოდის განაცხადი, რომ ამა თუ იმ მსახიობს შეუსრულდა საიუბილეო თარიღი და გთხოვთ კომისიამ იმსჯელოთ და მიიღოთ გადაწყვეტილება, გაუხსნათ ვარსკვლავი. ჩვენ მათ დავალებას ვასრულებთ. ეს კითხვა, რატომ ვუხსნით ამა თუ იმ დამსახურებულ მოღვაწეს ვარსკვლავს, ისმება 2000 წლიდან და ვერ ვხვდები, რატომ?

-ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე მსახიობის ვარსკვლავის გახსნაზე უარი გითქვამთ?

-არა, ჩვენთან არასდროს შემოსულა განცხადება ისეთ ადამიანზე, რომელიც ვარსკვლავის გახსნას არ იმსახურებდა.

-სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილებოდა ნათელა მაჭავარიანის ვარსკვლავის გახსნა. ბევრმა არ იცის მისი სამსახიობო კარიერის შესახებ.

-ნათელა მაჭავარიანი არის ადამიანი, რომელიც შვილის გამო, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, მოსპეს და გაანადგურეს. ახლა მოხდა ამ ქალის რეაბილიტაცია. ის არაჩვეულებრივი მსახიობი იყო, რომელიც შვილის გამო ყველგან დაბლოკეს. ჩამოაშორეს ყველა სცენას. სწორედ ამიტომ გაიხსნა მისი ვარსკვლავი და არა იმიტომ, რომ ის ჩვენი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მეგობარია. ამ ქალს დიდი დამსახურება აქვს კინოს და თეატრის წინაშე. მისი შვილი, გეგა კობახიძე კი იბრძოდა ჩვენი და თქვენი თაობისთვის, იმისთვის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში გვეცხოვრა, დედამისი გარეწარმა კომუნისტებმა დასაჯეს.

-ბატონო დავით, შეგიძლიათ საზოგადოებას მისი ნათამაშები როლები შეახსენოთ?

-ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში ძალიან ბევრი როლი აქვს ნათამაშები. ნათელა მაჭავარიანი არის რუსეთის იმპერიის მსხვერპლი და მისთვის ვარსკვლავის გახსნით ჩვენ რუსეთს ვუთხარით, რომ მისი შვილი იბრძოდა თქვენ ის დასაჯეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა მას ვარსკვლავი გაუხსნა, რადგან მან ქვეყანას გმირი შვილი გაუზარდა. დედაზე, რომელმაც შვილის საფლავიც არ იცის სად არის, ვინმე რომ იტყვის, რატომ გაუხსნეს ვარსკვლავიო, უსამართლობა მგონია. სულ რომ ერთი როლი არ ჰქონდეს ნათამაშები, მარტო იმიტომ ეკუთვნის ვარსკვლავის გახსნა, რომ ასეთი შვილი ჰყავდა.

-ბევრი ალბათ არ დაგეთანხმებათ, რადგან გმირი შვილი ბევრს გაუზრდია. ამ წუთას ლევან აბაშიძე გამახსენდა...

-თქვენ სულ სხვაგან წახვედით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვინც ახლა ახსენეთ, მისი დედაც რომ მსახიობი იყოს, მასაც გავუხსნიდით ვარსკვლავს.

-ლევან აბაშიძის ვარსკვლავის გახსნა არ იგეგმება?

-მიცვალებულებისათვის ვარსკვლავის გახსნას სამწუხაროდ, ჩვენი პროექტი არ ითვალისწინებს... მე გეტყვით, რატომ არიან გაგიჟებულები ნათელა მაჭავარიანისთვის ვარსკვლავის გახსნის გამო. იმიტომ, რომ ის პრეზიდენტის მეგობარია. მაგრამ ჩვენ მისი ვარსკვლავი იმიტომ არ გაგვიხსნია, რომ იგი უკვე 16 წელია, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მეგობარია.

-უახლოეს მომავალში ვისი ვარსკვლავის გახსნა იგეგმება?

-24 აპრილს „თეატრალური კვარტეტის“ ვარსკვლავის გახსნა იგეგმება. ეს ფილარმონიის წინ 55-ე ვარსკვლავი იქნება, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით - 138-ე.