ამ საქმეს ჰყავს დამკვეთი, დაკავებულმა უნდა თქვას, ვინ დაუკვეთა მკვლელობა - დოდო გუგეშაშვილი
ამ საქმეს ჰყავს დამკვეთი, დაკავებულმა უნდა თქვას, ვინ დაუკვეთა მკვლელობა - დოდო გუგეშაშვილი

A+ A-

18:53 25/01/2020
 „ამ საქმეს, ჩემი შვილის მკვლელობისა და ჩემი მკვლელობის მცდელობის საქმეს ჰყავს დამკვეთი, ამაში სრულად დარწმუნებული ვარ. დაკავებული უნდა ალაპარაკლდეს და უნდა თქვას, ვინ შეუკვეთა ეს მკვლელობა“, - განაცხადა „2020NEWS“-თან თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა.
 
„მხედრიონის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ უმძიმეს საქმეზე სამართალდამცავებმა მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავეს და ამ ეტაპზე, საქმე მიყვანილია ლოგიკურ დასასრულამდე - მკვლელი დაკავებულია.
 
„ამ უმძიმეს საქმეზე სამართალდამცავებმა მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავეს და ამ ეტაპზე, საქმე მიყვანილია ლოგიკურ დასასრულამდე - მკვლელი დაკავებულია. საქმეში დევს მოსამართლის განჩინება პირის დაკავების შესახებ, რომელიც მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაიცა. როგორ არ უნდა აღვნიშნო, რომ მკვდარი საქმე გახსნეს და რომ გახსნეს, ეს ფაქტია. ახლა მთავარი საკითხია გასარკვევი - ვინ დაუკვეთა ეს მკვლელობა. ამ საქმეს, ჩემი შვილის მკვლელობისა და ჩემი მკვლელობის მცდელობის საქმეს ჰყავს დამკვეთი, ამაში სრულად დარწმუნებული ვარ. დაკავებული, რომელიც, როგორც მე ვიცი, დუმილის უფლებით სარგებლობს, უნდა ალაპარაკლდეს. მან უნდა თქვას, ვინ შეუკვეთა ეს მკვლეობა და დარწმუნებული ვარ, ალაპარაკდება. მას სხვა გზა არ აქვს. შესაბამისად, გავარკვევ მეც და გავიგებთ ყველა, ვის სჭირდებოდა ჩემი მოკვლა და ეს უბედურება, რაც დამმართეს“, - განუცხადა გუგეშაშვილმა „2020NEWS“-ს.
 
თადარიგის პოლკოვნიკი მკვლელობის წინა დღესაც იხსენებს, როდესაც მკვლელი დაჟინებით ითხოვდა მასთან სელფის გადაღებას.
 
“მკვლელი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურებული იყო. წინა დღეს, 6 თებერვალს, დაჟინებით ითხოვდა ჩემთან სელფის გადაღებას, ჩემს პარტნიორს უნდა გადავუგზავნო, რომ ნახოს როგორ სერიოზულ ხალხთან მაქვს საქმეო. მე სელფის გადაღებაზე უარი ვუთხარი. ფაქტია, რომ ვიღაცისთვის უნდოდა ამ ფოტოს გადაგზავნა“, - აცხადებს დოდო გუგეშაშვილი.
 
მისივე მტკიცებით, გამოძიებას მოუწევს მუშაობა იმაზე, ჰყავდა თუ არა დამკვეთის გარდა მკვლელს თანამზრახველები.
 
„მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მას თანამზრახველები ჰყავდა. მეტსაც გეტყვით - იმ დღეს, როდესაც ვითომ შემთხვევით გამიცნო, მასთან ერთად ავტომანქანაში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა“, - აცხადებს დოდო გუგეშაშვილი.
 
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობილი 24 იანვარს გახდა. უწყების განმარტებით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. დაკავებული პირი ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელია. არაოფიციალური ინფორმაციით, მურჯიკნელი 2009 წელს მომხდარ მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ პირებს შორის იყო, თუმცა სხვა დაკავებულებთან ერთად 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
 
შეგახსენებთ, გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა დიღმის მასივში 2018 წლის 7თებერვალს მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.