"ერთკაციანი" პარტიების ლიდერები სააკაშვილს საარჩევნო სიის ოცეულში ჩასმას სთხოვენ - მერაბიშვილს კი ნაყოფია შეცვლის
"ერთკაციანი" პარტიების ლიდერები  სააკაშვილს საარჩევნო სიის ოცეულში ჩასმას სთხოვენ - მერაბიშვილს კი ნაყოფია შეცვლის

A+ A-

17:05 25/02/2020

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი შიდაპარტიული ცვლილებები იგეგმება. ამავდროულად, როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, “ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული პარტიების ლიდერებმა ხელშეკრულებისმაგვარი დოკუმენტი მოამზადეს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კიევში გაუგზავნეს.

ამ დოკუმენტით პარტიები ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადოს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებულ, „ერთკაციანი“ პარტიების ლიდერებს საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ჩასვამს. ამაზე მიხეილ სააკაშვილი სერიოზულად გაბრაზებულა და ლიდერებისთვის უარი შემოუთვლია.

აურზაური „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამით არ დამთავრებულა. ექსპრეზიდენტს, როგორც უკვე ცნობილია, სერიოზულად აქვს დაძაბული ურთიერთობა პარტიის თავმჯდომარესთან, გრიგოლ ვაშაძესთან და მის ჩანაცვლებას აპირებს.

ჩანაცვლების სქემა კი ასეთია: გრიგოლ ვაშაძის ადგილს პარტიის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი ნიკა მელია დაიკავებს. თუმცა, ამ გადაწყვეტილების განხორციელებამდე ჯერ მელიას სასამართლო პროცესს ელოდებიან.
სხდომა 10 მარტს არის დანიშნული. თუ მელიას პატიმრობას არ შეუფარდებენ, მაშინ ის პარტიის თავმჯდომარე ნამდვილად გახდება, ვაშაძე კი პარტიის კულისებში გადაინაცვლებს.

ცვლილებები „ნაციონალურ მოძაობაში“ ამით არ დასრულებულა და ვიდრე სკანდალური ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკითხი გაირკვევა, მიხეილ სააკაშვილმა პარტიაში ბიზნესმენი კობა ნაყოფია გააქტიურა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე, რომელიც სამომავლოდ, გენერალურ მდივნად „გადამისამართდება“.

ამჟამად ეს თანამდებობა პარტიას არ აქვს, რადგან ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებასთან ერთად გაქრა წესდებიდან. თუმცა, რამდენადაც, ექსპრეზიდენტისთვის თავისი სკანდალური ექსმინისტრის პარტიაში მობრუნება სასურველი არაა, მისი ჩამნაცვლებელი მოძებნა.

„პარტიის ყრილობა განსაზღვრავს პარტიის წესდებას. წესდების მიხედვით, ჩვენთან არის გათვალისწინებული აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა, ეს თანამდებობა დაკავებული მე მაქვს. ახალი წესდებით, გენერალური მდივნის თანამდებობა გათვალისწინებული არ არის. წესდების მიხედვით, ჩვენთან არის აღმასრულებელი მდივანი და პარტიის თავმჯდომარე. საკადრო გადაადგილებებზე საუბარი ზედმეტია. ჩვენთან გადაადგილებები ნამდვილად არ იგეგმება“,- განუცხადა კობა ნაყოფიამ “2020NEWS“-ს.

პარტიაში რაიმე ტიპის გადაადგილებები უარყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემაც. “ეს არასერიოზული ინფორმაციაა. “ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება“, - განაცხადა გოცირიძემ.