120/30 - დაითანხმებს თუ არა ამერიკის ელჩი ოპოზიციას ხელისუფლების ამ შეთავაზებაზე?
120/30 - დაითანხმებს თუ არა ამერიკის ელჩი ოპოზიციას ხელისუფლების ამ შეთავაზებაზე?

A+ A-

19:25 07/03/2020

შეერთებული შტატების ელჩი კენი დეგნანი სხვა დიპლომატებთან ერთად ოპოზიციის ლიდერებს დახურულ კარს მიღმა ხვდება. ოპოზიცის შემდეგ შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართება. როგორც "2020NEWS" უკვე წერდა, შეხვედრის მთავარი მიზანი საარჩევნო მოლაპარაკებების განახლება და 120/30-ზე (120 - პროპორციული სიით გასული დეპუტატი და 30 მაჟორიტარი) თანაფარდობის შეთანხმებაა.

თუ ელჩი ოპოზიციას ამ თანაფარდობაზე დაითანხმებს, ხელისუფლება მას უკვე ოფიციალურად გააჟღერებს. შესაბამისად, ხელისუფლება-ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მაგიდა კიდეც განახლდება და 9 მარტამდე შედეგითაც დასრულდება.

როგორც უკვე ცნობილია, თუ საარჩევნო საკითხზე შეთანხმება 9 მარტამდე არ შედგა, მერე საკანონმდებლო ორგანო კანონმდებლობაში ცვლილებებს ვერ მოასწრებს და 2020 წლის არჩევნები არსებული, შერეული (77 - პროპორციული, 73 - მაჟორიტარული) სისტემით მოხდება.

ელჩის შეხვედრა ოპოზიციონერებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრა უკვე გაიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგა ბოკერიასთან. აშშ-ის ელჩი ასევე შეხვდა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს.

არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი ოპოზიციონერების შემდეგ კი, დეგნანი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, საერთაშორისო ზეწოლის წყალობით, ძველებურად ხისტი აღარ იყო. როგორც მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, ოპოზიცია თავად უნდა შეთანხმდეს, როგორი სისტემა სურს.

„პირადად ჩემთვის არც 100/50-ზეა პრობლემა, არც 120/30-ზე, არც 110/40-ზე, არც არსებული შერეული სისტემა. არჩევნებს იგებს საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა და არა საარჩევნო სისტემები“, -  ასეთი შინაარსის კომენტარი გააკეთა საარჩევნო თემაზე გუშინაც და დღესაც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

სწორედ კახა კალაძის კომენტარში გაჟღერდა პირველად 120/30-ზე თანაფარდობის თემა, რომელზეც 2020NEWS’ -ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მმართველ პარტიაში შეთანხმება მიღწეულია და ამ შეთანხმებას თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უჭერს მხარს. ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება თმობს კიდევ 10 მანდატს და სხვა შეთანხმებაზე ოპოზიციასთან აღარ წავა.

აშშ-ის ელჩისა და საერთასორისო დიპკორპუსის წარმომადგენელთა შეხვედრები  ოპოზიციის ლიდერებთან  სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ხელისუფლებასთან საერთაშორისო ზეწოლით მიღწეული შეთანხმება ახლა ოპოზიციის სიჯიუტემ აღარ ჩააგდოს.

როგორც უკვე ცნობილია,  ოპოზიციის „გაჯიუტების“ მიზეზი არამარტო აქამდე შეთავაზებული 100/50-ზე, ან 110/40 თანაფარდობა იყო, არამედ მოლაპარაკების პარალელურად  ოპოზიციონერების დაპატიპრებაც გახლდათ. ზუსტად ამ დღეეში, ხელისუფლებამ ერთი დათმობა ამ თვალსაზრისითაც განახორციელა და ციხიდან გირაოთი გამოუშვა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, 20-21 ივნისის ღამის საქმეზე დაკავებული ირაკლი ორუაშვილის პირადი დაცვის უფროსი კობა კოშაძე.

ციხიდან თანამერძოლებს წერილი გამოუგზავნეს საარჩევნო თემაზე მოლაპარაკების პროცესში ციხეში ხელმეორედ შერუნებულმა ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ და ოპოზიციური ტელეარხის - „მთავარი არხი“ დამფუძნებელმა, გიორგი რურუამ. ორივე მათგანი თავიანთ წერილებში აცხადებენ, რომ მათი პატიმრობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესის შემაფერხებელი  ფაქტორი არ უნდა გახდეს.

ამ წერილებით  პოლიტიკურმა პატიმრებმა ოპოზიციას უხერხულობა მოუხსნეს და მოქმედებაში თავისუფლება მისცეს, ანუ თუ ხელისუფლება გონივრულ წინადადებაზე წამოვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ პატიმარი თანამებრძოლების გამო, უკან არ უნდა დაიხიოს  და რაციონალურ შეთავაზებას დათანხმდეს.

120/30-ზე  თანაფარდობა კი, ოპოზიციონერ ლიდერთა ბევრი კომენტარის თანახმად, სწორედაც რომ რაციონალური შეთავაზებაა. ხელისუფლება რომ ამ შეთავაზებას თანხმდება, ეს დამსახურებაა სწორედ იმ საერთაშორისო თანამეგობრობის, რომელსაც არც კულუარებში და არც საჯაროდ შეუწყვეტია ბრძოლა, რათა გაეტეხა პოლიტიკური ნება ივანიშვილის ხელისუფლების, რომელმაც დიდი სახალხო დაპირების  მიუხედავად,  პროპორციული არჩევნების  ჩატარების პირობა არ შეასრულა და ხალხი მოატყუა.

რუსა მუმლაძე