ბოშებისგან ინფიცირებული ჩრდილოეთ ესპანეთი, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ წამოსული კორონა - ესპანელების შეცდომების გამეორება არ ღირს!
ბოშებისგან ინფიცირებული ჩრდილოეთ ესპანეთი, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ წამოსული კორონა - ესპანელების შეცდომების გამეორება არ ღირს!

A+ A-

13:20 17/03/2020

ბასკეთი და ლარიოხა - ჩრდილოეთ ესპანეთის მეზობელი რეგიონები, რომელთა კორონავირუსით ინფიცირების წყარო ადგილობრივი ბოშები გახდნენ. გასვენებაში წასულმა ბოშა მამაკაცმა ვირუსი ჯერ საკუთარ, მრავალრიცხოვან ოჯახს გადადო და მათგან კი, უცნობი დაავადება უკვე ბასკეთის ერთ-ერთ დიდ ქალაქს ვიტორიას მოედო. უფრო მეტიც, ვირუსი მეზობელ ლარიოხაში ისევ ბოშების საშუალებით გავრცელდა და დღეს იქ დიდი რაოდენობის ბოშებით დასახლებული ორი, დიდი სოფელია ინფიცირებული. შესაბამისად, ორივე რეგიონი „წითელი განგაშის“ ზონადაა გამოცხადებული.

ელვის უსწრაფესად გავრცელებული კორონავირუსის გამო, ესპანეთი, სადაც „ბარი სალოცავივითაა“, საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ, „ზომბების ქვეყანად“ იქცა. სახელმწიფოს კონტროლი სამხედროებისა და პოლიციის ხელში გადავიდა.

„დილით, ადგომისთანავე, 10 წამის განმავლობაში ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოსუნთქვის შემდეგ, ან ამ 10 წამის განმავლობაში, თუ არ დაგახველებთ, ე.ი თქვენ კორონავირუსით არ ხართ ინფიცირებული“ - ეს რჩევა ბასკეთის ქალაქ ბილბაოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს სპეციალური ვიდეო-რგოლის საშუალებით მიაწოდა. თუმცა, ისეთი რჩევაა, მისი გათვალისწინება და შესრულება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც მიზანშეწონილია.

“2020NEWS” შეერთებული შტატების შემდეგ, აგრძელებს რეპორტაჟს იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსმა მოსახლეობას დიდი დარტყმა მიაყენა.

ესპანეთი ვირუსით დაზარალებული ქვეყნების ჩამონათვალში მეხუთე ადგილზეა.

9942 ინფიცირებული, 342 გარდაცვლილი, 530 გამოჯამრთელებული. ასეთია ამ დროისთვის ამ ქვეყნის ოფიციალური კორონავირუსული მონაცემები.

თუმცა, როგორც ესპანეთიდან ჩვენი რესპონდენტები გვეუბნებიან, პარასკევამდე, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი პედრო სანჩესი საგანგებო მდომარეობას გამოაცხადებდა, „დაუმორჩილებელი ესპანელები“ ვირუსის საშიშროებას ვერ აცნობიერებდნენ, ან არასერიოზულად უყურებდნენ და ბარებსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებში გართობას აგრძელებდნენ.

ხელისუფლებას ხალხის დამორჩილება გაუჭირდა, სწორედ ამიტომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ამ რეპორტაჟში ერთად გავივლით ესპანელების გავლილ გზას - კორონავირუსის პირველი შემთხვევებიდან საგანგებო მდომარეობამდე და იმედი გვაქვს, საქართველოს ბევრი მოქალაქის ქცევებსაც შევცვლით.

საქართველოში ხომ თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები მატულობს. ერთმანეთის მიმართასეთ დამოკიდებულებას სადამდე მივყავართ, ესპანელების მაგალითზე ყველაზე უკეთესად ვნახავთ.

ვნახავთ იმასაც, როგორ დაცარიელდა ერთ დღეში ის ქვეყანა, სადაც ღამითაც არავის სძინავს და ბარებსა თუ კაფეებში ერთობა.

იქნებ, ვიპოვოთ კიდევ პასუხი კითხვაზე, შეგვიძლია თუ არა, ყველამ ერთად მოვინდომოთ და საქართველო არ მივიყვანოთ საგანგებო სიტუაციამდე, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი, პირდაპირი თუ გვერდითი, უარყოფითი შედეგი აქვს.

მაგალითად, ესპანეთიდან მოწოდებული ფოტოები, ან ინტერნეტიდანაა მოპოვებული, ან ყველა სახლებიდანაა გადაღებული. იქ ქუჩაში გასვლა უკვე დიდი ფუფუნებაა.

ბოშებისგან დავირუსებული ჩრდილოეთი

ჩვენი პირველი რესპონდენტი ქალაქ ბილბაოდანაა. 26 წლის გიორგი ბაზანოვი ჩვენი თანამემამულეა, თუმცა, ამჟამად ესპანეთის მოქალაქეა.

 

იგი კიგ-ბოქსინგში ორგზის ესპანეთის ჩემპიონი, ბალკანური ქვეყნების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე ადგილის პრიზიორია. ბილბაოში საკუთარი სპორტული დარბაზი აქვს გახსნილი, სადაც მოზარდებს კიგ-ბოქსინგსა და ბოქსში ავარჯიშებს. სწორედ გიორგი გვიყვება „წითელი განგაშის“ რეჟიმზე გადასული ბილბაოს ცხოვრებაზე, სადაც დღეს ქუჩები, კაფეები, ბარები, რესტორნები ცარიელია.

გიორგი ბაზანოვი: „პარასკევამდე ხალხი ვირუსს დაცინოდა. სავსე იყო ბარები, დისკოთეკებიც ღია იყო. ახლა ყველაფერი დაკეტილია. საკვების მიტანის სერვისებმაც კი კარანტინი გამოაცხადეს. კორონავირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

საპირფარეშოს ქაღალდზეც ომობენ უკვე. აღარავის უნდა სახლიდან გამოსვლა, გეგონებათ, მესამე მსოფლიო ომი იწყება, ისეთი ცვლილება მოხდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 24 საათში.

ხალხი სახლში გამოიკეტა. პირბადეების დეფიციტი არის, მაგრამ დიდად არც იყენებენ. ვიდეოებს ავრცელებენ დაავადების სიმპტომებზე“.

როგორც გიორგი ბაზანოვი აცხადებს, მას კიგ-ბოქსინგის ფედერაციიდან, ასევე სპორტის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და ერთი თვით დარბაზის დაკეტვა სთხოვეს. რამდენადაც სპორტის ეს სახეობა კონტაქტურ სახეობებს განეკუთვნება, ვირუსის გადადების ალბათობა დიდია და შესაბამისად, მიღებულია დახურვის გადაწყვეტილებაც.

ამ ეტაპზე ბილბაოში არც სკოლები და არც უნივერსიტეტები მუშაობენ. ყველაფერს პოლიციელები აკონტროლებენ. ქუჩაში ვერ გახვალ, თუ არ გაქვს სამსახურში წასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც სახლიდან გასვლა, სამსახურის გამო, აუცილებელია.

გიორგი ბაზანოვი „ორშაბათიდან „წითელი განგაში“ გამოცხადდა. ბილბაოში კორონავირუსს ჯერ არ შემოუღწევია, მაგრამ არ უნდათ, ისე დაემართოთ, როგორც იტალიას, ძალიან მძიმე მდგომარეობაში რომ ჩავარდნენ, მერე დაიწყეს ზომების მიღება.

ბილბაოდან 50-60 კმ-ია ბასკეთის ე.წ. დედაქალაქვიტორიამდე, რომელიც ვირუსმა ძალიან დააზარალა. 

როგორც ადგილობრივი გაზეთი „El Correo - ელ კორრეო“წერს, ბასკეთის მეზობელ რეგიონში, ლარიოხაში გასვენების ცერემონიალის დროს დაავადებულმა ბოშამ ბევრი ადამიანი დააინფიცირა. ამ პიროვნებას ვიტორიაში ჰყავს ოჯახი. დაინფიცირებულმა ბოშამ ვირუსული ინფექცია მათაც და ვიტორიაში ბევრს სხვასაც გადადო.

როცა მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი წარმოადგენდა პირველწყაროს, უკვე გვიანი იყო. ამ შემთხვევამ  ვიტორიაში სიტუაცია ძალიან გაამწვავა. ბილბაოში კი თავს იზღვევენ, რომ ვირუსი აქაც მასიურად არ გავრცელდეს, ვიტორია ძალიან ახლოსაა ტერიტორიულად“.

გიორგი ბაზანოვი ასევე გვიყვება, რომ ბილბაოში მოსახლეობას განსაკუთრებულად ურჩევენ ხელების ხშირ დაბანას და სპეციალურ ხსნარებსაც არიგებენ, რომ ყოველი ხელით კონტაქტის დროს, ადამიანებმა ამ ხსნარით დეზინფექციის ჩატარება შეძლონ.

გიორგი ბაზანოვი: „პატარა ბოთლით გვირიგებენ სპირტიან სადეზინფექციო საშუალებას, გელს. ხელებს იბან ყველანაირი კონტაქტის შემდეგ. ხალხი დაძაბულია.

ჩემს ბევრ მეგობარს შვილები ჰყავთ და თან მუშაობას ვერ წყვეტენ. რა თქმა უნდა, ეშინიათ, სახლებში არაფერი შეიტანონ. საგანგებო მდგომარეობის გამო, ბავშვები სასეირნოდ ვერ გაჰყავთ.

გარდა ამისა, ოჯახი არაა აქ, ძაღლი ან კატა რომ არ ჰყავდეთ. მათი გარეთ გაყვანაც გართულებულია, ვერ ასეირნებენ. ბილბაოში 5 ადამიანია ჯერ ინფიცირებული. წინა კვირაში ჩემს უბანში ერთი ინფიცირებული საავადმყოფოში დაფიქსირდა. მის გამო, ჰოსპიტალი დაიხურა. დეზინფექცია ჩატარდა. მარტო სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობდა. ექიმები გვეუბნებიან, რომ თუ სიმპტომები გვაქვს, ჰოსპიტლებში არ მივიდეთ, რათა სხვების დაინფიცირება არ მოხდეს. ამ დროს სასწრაფო დახმარება მოდის სახლში, გიღებენ ანალიზს და ისინი წყვეტენ, როგორ გააგრძელონ მკურნალობის პროცესი“.

ასეთია ბასკეთის კორონავირუსუსლი საგა. ახლა კი გავყვეთ ბოშების კვალს, რომელსაც მეორე რეგიონში, ლარიოხაში გადავყავართ. ამ რეგიონში კი, როგორც უკვე გითხარით, ბოშების ორი, დიდი სოფელია „COVID-19”-ით ინფიცირებული.

ოხ, ეს ბოშები - კორონავირუსული ისტორიები ბოშების აკომპანიმენტით

"2020NEWS"-ის შემდეგი რესპონდენტი ესპანეთში, ქართველ ემიგრანტებში კარგად ცნობილი ბლოგერი გიორგი ქართველია.
იგი პროვინცია ლარიოხაში, ქალაქ არნედოში ცხოვრობს. ლარიოხა, როგორც უკვე გითხარით, ესპანეთის ჩრდილოეთით მდებარეობს და ბასკეთის მეზობელი რეგიონია. ქალაქი არნედო, ესპანეთის მასშტაბით, ქართველ ემიგრანტთა ერთ-ერთი მსხვილი ლოკაციაა. აქ, ქუჩაში ქართულ მისალმებას ხშირად გაიგონებთ.

სხვათაშორის, ბლოგერისგან ბოშებთან დაკავშირებით,საპირისპირო ისტორია მოვისმინეთ. თუ ბასკეთში თვლიან, რომ ლარიოხადან ბოშამ შეიტანა ვიტორიაში კორონავირუსი, ლარიოხაში ამბობენ, რომ ბოშა, პირიქით, ვიტორიაში დაინფიცირდა და დაავადება ლარიოხაში გაავრცელა.

ლარიოხაში 300 დაინფიცირებულია, სამი კი, გარდაცვლილი.

გიორგი ქართველი: „ძალიან მოედო ვირუსი აქაურობას. საბედნიეროდ, ლარიოხას პროვინციაში ქართველი დაინფიცირებული არაა. მადრიდში არის. ერთ-ერთი ვიდეო-ბლოგის კომენტარებში დამიწერეს, რომ ერთი ქართველი ბასკეთშია კიდევ დაინფიცირებული. ზუსტად არვიცი.

ზოგადად, ესპანეთმა, ჩემი აზრით, ვერ გაატარა შესაბამისი ზომები თავიდანვე ისე, როგორც უნდა გაეტარებინა. მაგალითად, არ შემოეშვა უცხოელები, საზღვარი ჩაეკეტა.

ლარიოხას რეგიონში კორონავირუსი იმიტომ გავრცელდა, რომ იგი, ტერიტორიულად, ბასკეთის მხარეს ესაზღვრება. ბასკებს იტალიასთან პირდაპირი ფრენები აქვთ, მაგალითად, ქალაქ ვიტორიადან მილანში პირდაპირი ფრენები ხორციელდება. ბასკეთში ვირუსი შევიდა და რადგან მას ლარიოხას რეგიონი ტერიტორიულად ესაზღვრება, აქაც ადვილად გავრცელდა.

მაგალითად, ლარიოხას ერთ-ერთ სოფელში - ააროში, რომელიც ახლოსაა ჩემს ქალაქთან, ასეთი ფაქტი მოხდა. სოფლის მაცხოვრებლები ვიტორიაში დაკრძალვაზე იყვნენ წასული. 9 ადამიანი სოფელში კორონავირუსით დაინფიცირეული ჩამოვიდა. ბოშები არიან. ასე გადადეს სხვებსაც.

ბოშებთან დაკავშირებით იყო უფრო საშინელი ისტორიაც: დაინფიცირებულები ხალხს აფურთხებდნენ.

საერთოდ, ამ მასშტაბით ვირუსი ესპანეთში ასეთი უპასუხისმგებლო ქცევების გამო გავრცელდა“.

ბლოგერი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას საზოგადოების უპასუხიმგებლო ქცევებზე, რაც კორონავირუსის გავრცელებას ხელს უწყობს და ხელისუფლებისგან კიდევ უფრო მკაცრი ზომების გატარებას ითხოვს.

მისი აზრით, მართალია, სამსახურში სპეციალური საშვებით შეიძლება მხოლოდ წასვლა და კომპანიები ვალდებულები არიან, სამუშაო ადგილებს შორის, 2 მეტრის დისტანცია უზრუნველყონ, მაგრამ ამ ეტაპზე, ესპანეთში კორონავირუსი ისე მძვინვარებს, ყველა სამსახური უნდა დაიკეტოს და დისტანციურ მუშაობაზე გადავიდეს.

გიორგი ქართველი: „ძალიან ცუდად იქცეოდა ბევრი. მადრიდი რომ დაინფიცირდა და დაიხურა ქალაქი, ეს დაინფიცირებული ხალხი სამხრეთისკენ დაიძრა, მაგალითად, ვალენსიის პროვინციაში და ეს მხარეც დააინფიცირეს.

14 მარტს, საღამოს ესპანეთის პრეზიდენტმა, პედრო სანჩესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 15 დღით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

უკვე აღარ შეგვიძლია სახლიდან გარეთ გასვლა. მარტო აფთიაქში,პროდუქტების საყიდლად, ფულის გამოსატანად, სიგარეტის საყიდლად და საპარიკმახეროში გასვლის უფლება გვაქვს. ეს დაწესეულებებიც გარკვეული საათების განმავლობაში იქნებიან ღია და იქ შესვლას ყველა ერთად ვერ შეძლებს. სამი ადამინი შევა ჯერ, მერე კიდევ სამი და ა.შ.

ასევე, თუ მოხუცი მარტო ცხოვრობს და თავის მოვლა არ შეუძლია, ნათესავს აქვს უფლება, მასთან მივიდეს. სხვა შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება არ გვაქვს, გაკონტროლებული იქნება პოლიციის მხრიდან და თუ საჭიროა, ჯარის მიერ.

მანამდე ხალხი ხელისუფლების მოწოდებებს არ უჯერებდა. ვერ აკონტროლებდნენ და ამიტომ შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა.

ფინანსური ჯარიმები დაწეს და სკოლები რომ დაითხოვეს, ხალხმა ბავშვებიანად პარკებსა და სკვერებში დაიწყო სიარული. მერე გამოვიდა მინისტრი ტელევიზიით და თქვა, რა მნიშვნელობა აქვს, თავშეყრის ადგილი სად იქნება სკოლაში თუ პარკშიო?

ამის გამო, საერთოდ დახურეს სკვერები და პარკები. ყველა მათგანზე პოლიციის ლენტებია შემოვლებული. თუ გაგრძელდა ეს სიტუაცია და მოსახლეობა არ დაემორჩილა საგანგებო წესებს, შეიძლება, სისხლის სამართლის საქმეებიც აღძრან და დაუმორჩილებლობის გამო, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევები დააპატიმრონ.

ქალაქში ვიყავი გასული და არნედო ზომბების ქალაქს ჰგავს, ქუჩაში, ფაქტობრივად, არავინ დადის“.

ასეთია საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ ესპანეთი. ამ რეპორტაჟის შემდეგ, იმედია, ყველა დაფიქრდება, გვიღირს თუ არა, საკუთარი უპასუხისმგებლობისა და არხეინობის გამო, საქართველოც „ზომბების ქვეყანად“ ვაქციოთ. იქნებ, სჯობს, დავრჩეთ სახლში და არც თავი დავიინფიციროთ, არც სხვას გადავდოთ ვირუსი!

სამხრეთისკენ - რეისი დუბლინი-მალაგა

ახლა კი ჩრდილოეთისგან დაინფიცირებული სამხრეთისკენ დავიძრათ. თუმცა, მარშრუტს ცოტათი შევცვლი და ირლანდიის დედაქალაქიდან, დუბლინიდან ესპანეთის საკურორტო ქალაქ მალაგაში ფრენის ისტორიას მოგიყვებით.

ამ რეისით - დუბლინი-მალაგა, 17 წლის ლუკა გვარამიამ იმგზავრა. ლუკა ქართველია, მაგრამ ესპანეთის მოქალაქეა. ის ამჟამად, დუბლინში (WOODBROK COLLEG,IRLANDA,DUBLIN) სწავლობს და თან მოცურავეა.

ლუკა გვარამია ლარიოხას რეგიონის ცურვის ნაკრების წევრია. უმარავი საპრიზო ადგილიც აქვს დაკავებული. სწავლის პარალელურად, ცურვას დუბლინის ცურვისცნობილ კლუბშიც (ESB SWIMMING CLUB, SPORTSCO)-აგრძელებდა, თუმცა, კორონავირუსის გამო, მისი კოლეჯი და ცურვის კლუბი დაიხურა და ესპანეთში დაბრუნება მოუწია.

ესპანეთის მიმართულებით ყველაზე უსაფრთხო რეისი დუბლინი-მალაგა აღმოჩნდა.

ლუკა გვარამია 17 წლის: „დუბლინში უფრო კარგი მდგომარეობა იყო. მე დუბლინთან ახლოს, პატარა დასახლებაში, შანკინში ვცხოვროდი. იქ ხალხს დაძაულობა დიდად არ ეტყობოდა თუმცა, სკოლაც, სპორტიც წრეებიც დახურეს. არ წამოვიდოდი, მაგრამ ოჯახთან მინდოდა ყოფნა. ესპანეთში ასეთი მძიმე სიტუაციაა, შეიძლება, ფრენებიც აეკრძალათ.

მე რომ წამოვედი, 14 მარტს, ირლანდიაში 90 ადამიანი იყო ინფიცირებული. თუმცა, პანიკა იქ არ იყო.

პირადეების დეფიციტი იქაცაა, თუმცა, ქუჩაში პირბადეებით არ დადიოდნენ. დუბლინის აეროპორტში კი, ყველას პირბადეები და ხელთათმანები ეკეთა.

მე დუბლინი-მალაგას რეისით ჩამოვფრინდი, მალაგა უფრო უსაფრთხო იყო. მერე მომწერეს ახლობლებმა, რომ დუბლინიდან ესპანეთის ზოგიერთი ქალაქის მიმართულებით თვითმფრინავებს ფრენის უფლება არ მისცეს. მაგალითად, მადრიდის მიმართულებით, როგორც მითხრეს, ფრენა გააუქმეს.

აეროპორტში არც ტემპერატურა გაუზომიათ და არც სხვანაირად შევუმოწმებივართ.

თვითმფრინავში მგზავრები ერთმანეთის გვერდით ისხდნენ, საუბრობდნენ, თუმცა ყველას პირბადე ეკეთა.

ბორტგამცილებლებს არც პირბადეები ეკეთათ და არც ხელთათმანები“.

თუმცა მალაგაც აღარაა უსაფრთხო კურორტი. 16 მარტს იქ, კორონავირუსით 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

 

 იქ არსებული სიტუაციის შესახებ,“2020NEWS” ბიზნესმენ ნიკო ჯიქურს ესაუბრა. მას სამშენებლო ბიზნესი ინგლისში აქვს, თუმცა, ესპანეთის მოქალაქეა და ამ რეპორტაჟის მომზადების დროს, საქმიანი ვიზიტით, მალაგაში იმყოფებოდა.

ნიკო ჯიქური: „ამჟამად, მალაგასთან ახლოს მდებარე ქალაქში ვიმყოფები. ქალაქს კალა დე მიხასი ჰქვია. ანდალუზიის მხარეა. გუშინ, 14 მარტს შევიდა ძალაში საგანგებო მდგომარეობა. განცხადება უკვე სახელმწიფო გაზეთშიც გამოაქვეყნეს.

როგორი სიტუაციაა იცით, შიში ნამდვილად ვერავის შევამჩნიე, მაგრამ დაბნეულობა არის. ეს დაბნეულობაც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ გაჩნდა, თორემ 13 მარტს ხალხი ქუჩაში ჩვეულებრივად დადიოდა.

60 წლის ასაკს ზემოთ ადამიანები, ე.წ. რისკ ჯგუფს რომ განეკუთვნებიან, ჩვეულებრივად შეგეძლოთ, ქუჩაში გენახათ. დადიოდნენ, სეირნობდნენ, ვარჯიშობდნენ. ამ ქალაქში ბევრი უცხოელი ცხოვრობს. სანაპირო ზოლი, 200 კილომეტრი, სულ საკურორტოა. სახლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ შეძენილი.

საგანგებო მდგომარეობა ქუჩებს მაშინვე დაეტყო, დაცარიელდა. მოძრაობაც ნაკლებია, მაგრამ ძალიან დიდი დაბნეულობაა, მიუხედავად იმისა, სახელმწიფოს გავრცელებულ ინფორმაციაში განსაზღვრულია ყველა დეტალი, რა უნდა გავაკეთოთ.

ამ ინფორმაციაში ძაღლის გასეირნებაზეც კი არის საუბარი. ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს შუძლია გაასეირნოს შინაური ცხოველი და ისიც ცოტა ხნით. გარეთ გაყვანის დროს უნდა მოარიდო სხვა ადამიანებთან კონტაქტს. ერთი მეტრი და ნახევარი უნდა დაიცვა მანძილი. უნდა ასეირნოს ზუსტად ის დრო, რაც ცხოველს სჭირდება და ბინაში სწრაფად უნდა დააბრუნოს.

აკრძალვაა თავშეყრის ადგილებში ყოფნაზეც, ვირუსის გავრცელების რისკის გამო, აიკრძალა სტუმრად სიარული. ბარები, კაფეები, რესტორნები, კინო, თეატრები, მუზეუმები დაიკეტა.

ესპანეთში ბარი სალოცავივით არის და აქ რომ ბარებს დაკეტავ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება?!.

სხვათაშორის, დიდი ზეწოლა მიდის კერძო სექტორზე, კომპანიებზე, რომ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ“.

ასეთია ინფიცირებული ესპანეთის ჩრდილოეთი და სამხრეთი. კორონავირუსი ცეცხლოვან ესპანელებს ძალიან უტევს. ეს კი, როგორც რეპორტაჟიდან გამოჩნდა, იმის ბრალიცაა, სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან, შესაბამისი ზომების მიღებათავიდანვე რომ არ მოხდა. ერთმანეთის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო კი, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა და სიკვდილიანობა ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ადამიანით იზრდება.

ფაქტია, ესპანელების შეცდომების გამეორება არ ღირს!

რუსა მუმლაძე