მესი და ინიესტა ესპანელებს ამხნევებენ - ინფიცირებულ ქვეყანაში საწვავი გაიაფდა და საკვები არ გაძვირდა - ვინ "ითბობს" საქართველოში კორონავირუსით ხელს?
მესი და ინიესტა ესპანელებს ამხნევებენ - ინფიცირებულ ქვეყანაში საწვავი გაიაფდა და საკვები არ გაძვირდა - ვინ "ითბობს" საქართველოში კორონავირუსით ხელს?

A+ A-

13:47 19/03/2020

ბარსელონაში კორონავირუსით გარდაიცვალა ქართველი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.

„ჩვენ რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი და იყავით ძლიერად, რადგან ჩვენი შვილები დაცული იყვნენ ამას ძალიან დიდი ძალა სჭირდება“, - ასე ამხნევებს ფეხბურთის ლეგენდა მესი ესპანელებს. მართლაც, „წითელი განგაშის“ სტატუსიდან „წითელი ზონის“ პრეტენდენტობამდე ესპანეთი ელვისებური სისწრაფით მიექანება. იქ, ყოველდღიურად, თითქმის 2000 ადამიანით იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანაში, საქართველოსგან განსხვავებით, საკვებ პროდუქტებზე ფასებმა არ მოიმატა, გაიაფდა ბენზინი და დიზელი.

სამწუხაროდ, მადრიდის შემდეგ, ბარსელონაში ქართველი ემიგრანტების კიდევ ერთი ოჯახი დაინფიცირდა,ოჯახის წევრი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და ის დღეს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქართველ ემიგრანტებს იტალიის შემდეგ, ესპანეთშიც ძალიან გაუჭირდათ. ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩება. ესპანეთში ახლა ყველას ძალიან უჭირს.

„ბარსას“ ლეგენდამ, ლიონელ მესიმ თავისი სამი დიდი სასტუმრო კორონავირუსით ინფიცირებულ კატალონიელებს გადასცა. ამ სამიდან ყველაზე დიდი სასტუმრო კი დაუთმო  „COVID-19”-ით  დაავდებულ იმ ადამიანებს, რომლებიც კარანტინს ბავშვებთან ერთად გაივლიან. 

„მე ვრჩები სახლში“ - ასე ცდილობს ესპანელებისთვის მაგალითის მიცემას ცნობილი ესპანელი ფეხურთელი, ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი ანდრეს ინიესტა.

თუმცა, ამაოდ. მადრიდი „წითელი განგაშის“ წესებს სათანადოდ მაინც არ ემორჩილება. 14 მარტს, შაბათს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ორშაბათს მადრიდის მეტროსადგურები უნიღბო და უხელთათმანო ხალხით იყო გადაჭედილი. ამ დროს კი, ყოველდღე, ამ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება.

ესპანეთმა ჩინეთის, იტალიისა და ირანის შემდეგ, კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების სიაში „საპატიო“ მეოთხე ადგილი დაიკავა მაშინ, როცა კვირის დასაწყისში, ორშაბათს - მეხუთეზე იყო. 13 ათას 910 - ინფიცირებული, 624 გარდაცვლილი - ასეთია ამ ქვეყნის უახლესი კორონავირუსული სტატისტიკა. ესპანეთი ირანს სულ რაღაც 4 ათასამდე ინფიცირებულით „ჩამორჩება“.

ვირუსის მომძლავრებასთან ერთად, მწვავდება ადამიანური ისტორიებიც. ესპანეთის ყველა ქალაქის ყველა ქუჩას პოლიცია და ჯარი აკონტროლებს, მაგრამ ამ ქვეყანას კორონავირუსთან გამკლავება უჭირს.

„COVID-19”-ით ინფიცირების თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა მადრიდშია, შემდეგ კატალონია მოდის, მერე კი ბასკეთი და ლარიოხას რეგიონი. ბოლო ორ რეგიონში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „2020NEWS“-მა უკვე შემოგთავაზათ რეპორტაჟი. ახლა კი, ვნახოთ, როგორი სიტუაციაა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდსა და კატალონიის ბარსელონაში.

ქართველი ემიგრანტი ირმა ჩანქსელიანი ბარსელონადან: „სამსახურში თუ მიდიხარ, სპეციალური საშვი უნდა გქონდეს, თორემ ისე, სასეირნოდ გასვლისთვის, მაღალი ჯარიმებია დაწესებული. 16 მარტს 8 საათიიდან შევიდა კანონი ძალაში, ამ ჯარიმების შესახებ.

თუ სამუშაო საშვის გარეშე გადაადგილდები, 500-დან 2000 ევრომდეა ჯარიმა, თუ თანხა არ გაქვს, მაშინ 3-თვიანი პატიმრობა მოგესჯება“.

მარიამ რობაქიძე მადრიდიდან: „წითელ ზონად“ არ მოვიაზრებით, მაგრმ აღარაფერი უკლია ამ ყველაფერს. ქალაქში გადაადგილება შეიძლება ძალიან კონკრეტული საქმისთვის: მაღაზიაში, აფთიაქში შეგიძლია გასვლა და შინაური ცხოველის გასასეირნებლადაც, ისიც ცოტა ხნით.

დღეს, ჩემი აივნიდან დავინახე, ორ ქალს, რომლებიც ძაღლებს ასეირნებდნენ, პოლიციამ მოსთხოვა, ცხოველები ხელში აეყვანათ და სასწრაფოდ დაეტოვებინათ პარკის ტერიტორია“.

ანტონიო გაუდის ქალაქი - ბარსელონა და ინფიცირებული ქართველები

მაშ ასე, დავიწყოთ ბარსელონას ქართული ისტორიებით, როლებსაც ქართველი ემიგრანტი, 2 შვილის დედა, ირმა ჩანქსელინი გვიყვება. ჩვენი რესპონდენტი ბარსელონაში ცხოვრობს. მისი ინფორმაციით, 18 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბარსელონაში ერთი ქართველი ოჯახი დაინფიცირდა. აქამდე ინფორმაცია მხოლოდ მადრიდში დაინფიცირებულ ქართველის შესახებ არსებობდა. ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციაა გავრცელებული ბასკეთში დაინფიცირებული კიდევ ერთ ქართველი ემიგრანტის შესახებ.

ირმა ჩანქსელიანი: „გუშინ ბარსელონა, მადრიდის შემდეგ, ყველაზე მეტადაა დაზარალებული. აქ არანაირი თავშეყრის ადგილები აღარ არსებობს. დაკეტილია სასტუმროები, ბარები, კაფეები, მუზეუმები, სასწავლო დაწესებულებები. მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებია ღია: საავადმყოფოები, აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები. სახელმწიფო უწყებებიც მუშაობენ.

გუშინ ქართველ ოჯახს დაუფიქსირდა ვირუსი, ოჯახის ერთ-ერთი წევრი გახლდათ ონკოლოგიური ავადმყოფი. ვარაუდობენ, რომ ეს პიროვნება იყო კოვიდვირუსის მატარებელი. დღეს იგი გარდაიცვალა სხვა ქართველების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა“.

როგორც ქართველი ემიგრანტი გვიყვება, ის ემიგრანტები, რომლებიც ახალი ჩასულები არიან კატალონიაში, ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავარდნენ, რადგან ხელფასზე არიან დამოკიდებული და უმეტესობას სამუშაო ადგილის დაკარგვა ემუქრება.

„მომავალში სიტუაცია როგორ განვითარდება, არ იციან. შემოსავალი თუ გაუჩერდათ, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან. ძალიან ნერვიულობენ და ტირიან.

უფრო დიდი ხნის წინ ჩამოსულ ემიგრანტებს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. დანაზოგი გაგვაჩნია და 1-2 თვე რომ გაგრძელდეს ეს სიტუაცია, თავის გატანას შევძლებთ. თუ უფრო მეტი მასშტაბებითა და დროით გაგრძელდა სიტუაცია, მერე სხვა ხერხებსაც მივმართავთ.

საქართველოს ელჩმა უკვე გამოაქვეყნა ცხელი ხაზის ნომერი და ინფორმაცია, რომ თუ ვინმეს საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს, ამ ნომერზე უნდა დავუკავშირდეთ და სპეცრეისით დავბრუნდებით საქართველოში. ჯერჯერობით, ჩემს გარშემო არავის გამოუთქვამს

დაბრუნების სურვილი“, - ამბობს ჩანქსელიანი.

ვინ ითბობს ხელს საქართველოში კორონავირუსით?

ირმა ჩანქსელიანის ინფორმაციით, ბარსელონაში ბენზინი 1 ევრო 35 ცენტი ღირდა და 96 ცენტამდე გაიაფდა. დიზელი გაიაფდა მადრიდშიც, სადაც 1 ევრომდე ღირებული საწვავის ამ სახეობის ფასი ახლა 80 ცენტამდეა დასული.

არადა, მიუხედავად იმისა, მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 86 დოლარის ნაცვლად 27 დოლარია, საქართველოში ბენზინი კვლავ 2,65 - გაუფასურებული - ლარი ღირს.


საინტერესოა, რასთან გვაქვს საქმე, როგორც ჩანს, ჩვენ ან ნავთობის გასაყიდ მსოფლიო ფასს „თავადვე ვადგენთ“, ანდაც, უბრალოდ, ამ მომაკვდინებელი ვირუსის ფონზე, ვიღაცეები კარგად ითბობენ ხელს ბენზინზეც და ლარზეც!

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მე-5 დღეს, კატალონიაში საკვები პროდუქტების დეფიციტი არ არის. თუმცა მაღაზიები შეშინებული ხალხისგან ძალიან სწრაფად იცლება. საქართველოსგან განსხვავებით, საკვები პროდუქტები იქ არ გაძვირებულა.

იგივე მდგომარეობაა მადრიდშიც. მიუხედავად იმისა, რომ დაიკეტა საკვები პროდუქტის ორი უდიდესი კარტელი ჩინური და ლათინური, არც მადრიდი განიცდის პროდუქტების სიმცირეს. მათი გაძვირება არც იქ მომხდარა.

„საკვების დეფიციტი ნამდვილად არ არის. უბრალოდ, უნდა დაუყარაულდე კონკრეტულ საათს, როცა მომარაგების მანქანები შემოდიან, მაშინ გახვიდე მაღაზიაში, იყიდო, რაც გინდა, რადგან იმდენად არის ხალხი შეშინებული, 2-3 დიდი კალათით მიაქვთ სახლში პროდუქტები. სურსათის პატარა მაღაზიები დაკეტილია. მათ მფლობელებს ეშინიათ, რადგან ითქვა, რომ დაწესდა ჯარიმები, რომლებიც 30 ათასიდან 600 ათასამდეა, პატარა მაღაზიების, რესტორნების, ბარებისა და კაფეებისთვის, აკრძალვის მიუხედავად, თუ მაინც იმუშავებენ. ამიტომ ყველაფერი დაკეტილია“, - უთხრა “2020NEWS”-ს მადრიდის მაცხოვრებელმა, მარიამ რობაქიძემ. იგი ესპანეთის მოქალაქეა. და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად უწევს, გაუძლოს მადრიდის მძიმე, კორონავირუსული ცხოვრების რიტმს.

ერთადერთი, რაც ესპანეთის ორივე მსხვილ ქალაქში ისევ დეფიციტშია - ეს პირბადეებია. როგორც ქართველი ემიგრანტი მარიამ რობაქიძე “2020NEWS”-თან აცხადებს, მადრიდში სპირტი, ხელთათმანი და პირბადე ხელმისაწვდომი აღარაა.


მარიამ რობაქიძე: „დეფიციტის გამო, აფთიაქებმა თავადვე დაიწყეს სპირტის დამზადება. პატარა ბოთლი მიგაქვს და მასში გისხამენ სპირტს. პირბადე აქ შეკვეთითაა. ადრე თუ 4 ევრო ღირდა, ახლა 12 ევრო გახდა. ჩემს წინ, რიგში 76 კაცი იყო ჩაწერილი და მე 77-ე ვიყავი. სერიოზული რიგებია. 1-2-ზე მეტს კი, არც სპირტს იძლევიან, არც - პირბადეს. ორსაც განსაკუთრებულ შემთხვევებში გასცემენ“.

“საქართველოსთვის კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალი, დაახლოებით, 500 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. ამავდროულად, პროდუქტებზე ფასის ხელოვნურად გაზრდის შემთხვევაში, მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკა, შესაძლოა, ხელოვნურ მართვაზე გადაიყვანოს“, - ამის შესახებ “2020NEWS“-თან ინტერვიუში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

ქართული კლანური ეკონომიკის სწორი მართვის რა გითხრათ, აგერ ლარი „კოსმოსში მიფრინავს“, მაგრამ საქართველოს მთავრობას ლარისა და საწვავის ფასების გაკონტროლება არ აწყენდა. მაგ საწვავი ისედაც გაგიუფასურდებათ გაუფასურებულ ლარებში, თუ მოქალაქეებს სახლებში გამოკეტვა მოუწევთ.

ფაქტია ძალიან თვალშისაცემია საწვავზე ფასთა სხვაობა ჩვენი ქვეყნისა და იმ ქვეყნის, რომლის მოსახლეობა 46,66 მილიონია, სხვა ვალუტა გააჩნია, სხვა სავალუტო პოლიტიკაც, სხვა ეკონომიკური სიმძლავრეებიც და არც მეზობელი ქვეყნიდან შემოაქვს ნავთობპროდუქტები. თორემ 500 მილიონს, თანაც ევროს, ესპანეთი მარტო ერთი ღონისძიებიდან კარგავს, ამ კორონავირუსის გამო.

მარიამ რობაქიძე: „ესპანეთში რაც არის ყველაზე დიდი და გრანდიოზული დღესასწაული, ესაა ვალენსიის ფაია - თოჯინების დღესასწაული. აპრილის დასაწყისში იმართება ხოლმე და ახლა აღარ ჩატარდება. არადა, მთელი წელი დიდი თოჯინები იკერება და მერე სახალხოდ წვავენ. ასევე უდიდესი დღესასწაულია სემანა სანტა, ანუ აღდგომა. ჩვენს აღდგომას ორი კვირით ასწრებს ამათი აღდგომის დღესასწაული. ვირუსის გამო კი, სააღდგომო ცრემონიალიც არ ჩატარდება.

ამ ორი ღონისძიების გადადებით, ესპანეთმა უდიდესი ეკონომიკური ზარალი მიიღო. სემანა სანტას გადაწევის გამო, როგორც ხელისუფლება აცხადებს, 500 მილიონი ევროს ზარალი მიიღო ქვეყანამ,  ფაიას - თოჯინების დღესასწაულის გაუქმების გამო კი - 700 მილიონის“.

მადრიდისა და ბარსელონას მთავარი სატკივარი - საავადმყოფოები არ ჰყოფნით

პანდემიის გამო, ესპანეთის ამ ორ უდიდეს ქალაქს საავადმყოფოებში საწოლი ადგილების დეფიციტიც შეექმნა. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, საქართველოში ეს პრობლემა არ დგას. აქაური ხელისუფლება საკარანტინო ზონების შექმნას წარმატებით ახორციელებს.

ირმა ჩანქსელიანი ბარსელონადან: „ცნობილმა ფეხბურთელმა მესიმ თავის კლიპში მოგვიწოდა, რომ თვითიზოლაციით დავიცვათ თავი, 1-2 მეტრის რადიუსით გვქონდეს კონტაქტი სხვა პირთან. მან თავისი 3 სასტუმრო სახელმწიფოს, ინფიცირებულების სამკურნალოდ, გადასცა. ერთი, ყველაზე დიდი სასტუმრო გადასცა იმ ინფიცირებულებს, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ. აქ ჰოსპიტლებში ძალიან ცუდი სიტუაციაა იმ თვალსაზრისით, რომ ადგილები არ აქვთ და ცნობილი პიროვნებები სახელმწიფოს ასე ეხმარებიან“.


ესპანეთის მასსტაბით ინფიცირებული 13 ათასე მეტი მოქალაქის 40% მადრიდზე მოდის, ინფიცირებული მადრიდელების 50%-ზე მეტი კი, სახლის პირობებში იცავს კარანტინს, დაავადების ფორმების მიხედვით. კლინიკებში მხოლოდ მძიმე ავადმყოფები ჰყავთ მოთავსებული.

მარიამ რობაქიძე მადრიდიდან: „მადრიდი უკვე ერთ კვირაზე მეტია კარანტინშია. მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ საავადმყოფოები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და თამბაქოს მაღაზიები. ე.წ. საპარიკმახეროებიც მუშაობდნენ, მაგრამ ესეც აკრძალეს და ბინაზე მომსახურების სერვისი დარჩა მარტო, ისიც მოხუცებისთვის, რადგან ხელისუფლებამ სალონი ინფექციის გავრცელების სერიოზული წყაროდ ჩათვალა. საერთოდ კი, ესპანელებისთვის „საპარიკმახეროში“, თმის დასავარცხნად, წასვლა ითვლება, როგორც პირველადი მოხმარების სერვისი, კვებასთან ერთად.

მოხდა ძალიან მძიმე შემთხვევა. მადრიდში მოხუცთა რამდენიმე ე.წ. თავშესაფარი -რეზიდენციაა. ერთ-ერთს „მონტე ჰერმოსო“ ჰქვია. იქაურმა თანამშრომელმა კორონავირუსი შეიტანა და ამის გამო, 19 დაინფიცირებული მოხუცი გარდაიცვალა. მათი ოჯახის წევრები რეზიდენციას, დაუდევრობის გამო, უჩივიან“.

მძიმე ისტორიაა, მაგრამ უმძიმესი ვირუსული ინფექციის შემოტევის ფონზე, მასთან მებრძოლ მედიცინის ყველა ღირსეულ მუშაკს ნამდვილად ეკუთვნის მადლიერების ტაში!

დაცარიელებული მადრიდი - ქალაქები და ქუჩები ვირუსის მატარებლები არ არიან

ესპანეთში ამ პერიოდისთვის ინფიცირებულია პრეზიდენტის ცოლი, ვიცე-პრეზიდენტი, მინისტრი, რამდენიმე ცნობილი კალათბურთელი და ფეხბურთელი.

მარიამ რობაქიძე: „ყველაფერი დაკეტილია: მეფის სასახლეც, კორიდაც, „პრადოს“ მუზეუმიც. ქალაქის ცნობილ მოედანს - „სოლს“, საიდანაც იწყება მთელი მადრიდის კილომეტრების ათვლა, სადაც მადრიდის სიმბოლო - დათვი დგას, პოლიციის ლენტი აქვს შემოვლებული და დაკეტილია. თავიდან ითქვა, რომ ეს ყველაფერი 2 კვირა გაგრძელდებოდა, მაგრამ ეჭვია, რომ საგანგებო სიტუაცია უფრო დიდხანს გასტანს, რადგან ინფიცირების შემთხვევების სერიოზული მატებაა.

სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს, მეფესაც და დედოფალსაც ჩაუტარდათ ანალიზი კორონავირუსზე. აქ პოლიტიკოსებიც არიან დაინფიცირებული. და რადგან ინფიცირებულ მინისტრს დედოფალ ლეტისიასთან ჰქონდა ურთიერთობა 8 მარტს - ქალების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, შეეშინდათ და შეამოწმეს ყველა. სამეფო ოჯახის წევრების ანალიზის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითი იყო.

ტელევიზიით ცნობილი სპორტსმენები გამოდიან და მოუწოდებენ ადამიანებს, არ გავიდნენ სახლებიდან, თუ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე არ აქვთ. ინიესტა იყო ერთ-ერთი პირველი , ვინც 15 მარტს გააკეთა მოწოდება: „მე ვრჩები სახლში!“.

„ქუჩები და ქალაქები არ არიან ვირუსის მატარებლები, მატარებლები ვართ ადამიანები, აქედან გამომდინარე, ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის უნდა დავრჩეთ სახლში“, - ამ შინაარსის მოწოდებას აკეთებენ აქ ცნობილი სპორტსმენებიც და მთავრობის წარმომადგენლებიც. ითქვა, რომ კალათბურთსა და ფეხბურთშიც რამდენიმე მოთამაშე ინფიცირებულია. ისინი კარანტინში იმყოფებიან.


პოლიციელები და სამხედროები ყველას აფრთხილებენ, რომ სახლში უნდა დარჩნენ, რადგან არსებული სიტუაცია უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ქართველები სამსახურებში მაინც მიდიან. ვიღაცას რაღაცა უჭირს, რაღაც საქმე უფუჭდება და რისკავენ საკუთარი ჯანმრთელობით. 1 ქართველია ინფიცირებული, მეტი შემთხვევა არ გამიგია. მადრიდში ქართველების დიდი უბანია ალკობენდასი. იქ ერთი რომ დაინფიცირდეს, ვირუსი მაშინვე მთელ უბანს მოედება“.

როგორც ჩვენი თანამემამულე აცხადებს, ესპანეთში ახლა იწყებენ იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც ჩვენთან უკვე გაკეთდა, მაგალითად, ბანკების მიერ სესხებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება. ასევე განიხილება კომუნალური გადასახადების გადავადების საკითხიც.

ფაქტია, ესპანეთის მაგალითზე კარგად ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე აქვს გატარებული ბევრი ღონისძიება, რომელიც იქ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შემოიღეს.

მოკლედ, კორონავირუსთან ბრძოლაში, რაღაცით წინ ვართ ესპანეთზე, რაღაც საკითხებში ისინი იქცევიან უკეთესად, მთავარია, მათი შეცდომები არ გავიმეოროთ!

რუსა მუმლაძე