საქართველო "კორონას" ალყაშია - კავკასია სახიფათო რეგიონი ხდება - "COVID-19"-ის გამო, სომხეთთან საზღვარი რამდენიმე თვით უნდა ჩაიკეტოს
საქართველო "კორონას" ალყაშია - კავკასია სახიფათო რეგიონი ხდება - "COVID-19"-ის გამო, სომხეთთან საზღვარი რამდენიმე თვით უნდა ჩაიკეტოს

A+ A-

17:25 20/03/2020

„სომხეთთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს“, - მეზობელ ქვეყანაში არსებული მძიმე კორონავირუსული მდგომარეობის გამო, კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „2020NES“-თან საუბრისას განგაშის ზარების შემოკვრას ითხოვს.

ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს საფრთხე რუსეთისგან უპატრონოდ მიტოვებული ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც ემუქრება.

არეშიძის თქმით, ჩვენი მეზობელი, პოსტსაბჭოთა ქვეყანა სომხეთი, რომელიც კავკასიის რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკური მაჩვენებლით, პირველ ადგილზეა, დაავადების გავრცელების რეალურ მონაცემებს მალავს.

იქ, კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა სამი დღის წინ გამოცხადდა და ამ დროის მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 136 შეადგინა. ინფიცირებულთა რიცხვი, სამწუხაროდ, ყოველდღიურად საგრძნობლად იზრდება. ამ ქვეყანაში მოქალაქეები საგანგებო მდგომარეობით გამოცხადების შემდეგ დაწესებულ შეზღუდვებს არ იცავენ.

საფრთხე N1 - სომხეთი სახიფათო მეზობელი საქართველოსთვის

ექსპერტის თქმით, სომხეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ფორმალურ ხასიათს ატარებს.

“სხვადასხვა წყაროები მატყობინებენ, რომ სომხეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ფორმალურ ხასიათს ატარებს. კერძოდ, ის შეზღუდვები, რომლებიც საქართველოსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში ამოქმედდა, სომხეთში არ არსებობს. საუბარია, მაგალითად, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვასა და ხალხმრავალი ღონისძიებების აკრძალვაზე“, - აცხადებს არეშიძე.

მისივე ინფორმაციით, სომხები საგანგებო წესებს არ ემორჩილებიან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ამ ქვეყანაში მაინც იმართება ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები, გასვენებები.

მამუკა არეშიძე: „საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარება არ შეიძლება, თუმცა მეზობელი რესპუბლიკა ამ წესს არ ასრულებს. იქ ახლა ქორწილებიც იმართება და სხვა ბევრი ღონისძიებაც. აქედან გამომდინარე, საქართველო ნამდვილად სახიფათო ზონაშია“.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელებას საქართველო ამ დრომდე ეფექტიანად უმკლავდება, ამ საშიშროებისადმი მეზობელი ქვეყნის მაცხოვრებელთა ასეთმა ზერელე დამოკიდებულებამ, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება მკვეთრად შეცვალოს.

- რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართოს საქართველომ იმისთვის, რომ სომხეთში არსებული ეპიდსიტუაციისგან თავი დაიცვას?

მამუკა არეშიძე: „საქართველომ სომხეთისგან თავი მაქსიმალურად უნდა დაიცვას. იქედან გამომდინარე, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა ფორმალურია, ახლა ნამდვილად ღირს, რომ სომხეთთან და არა მარტო მასთან, ყველა მეზობელ ქვეყანასთან კომუნიკაციის ფორმას გადავხედოთ.

ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებში არსებული ვითარება უნდა შევაფასოთ იმ რეგულაციების მიხედვით, რომელსაც ქვეყანა აწესებს და მერე ასრულებს. თუკი ხელისუფლება დაინახავს, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობის პრინციპები არ სრულდება, მაშინ ამ ქვეყანასთან მიმართებით, დღის წესრიგში, შესაძლოა, საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლის აკრძალვა რამდენიმე თვით დადგეს“.

ფაქტია, სომხეთი თავისივე დაწესებულ საგანგებო წესებს სათანადოდ არ იცავს, ამით კი, საშიშროება მათთვისაც იზრდება და ჩვენთვისაც.

რაზდანი - ვირუსის გავრცელების წყარო

“სომხეთის ქალაქი რაზდანი კორონავირუსის გავრცელების მთავარი წყაროა“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისივე ინფორმაციით, რაზდანში კორონავირუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გაავრცელეს.

„სომხეთში კორონავირუსის გავრცელება ქალაქ რაზდანიდან დაიწყო. ამ ქალაქში უცხოეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ერთ-ერთ სახალხო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ვირუსი დიდი რაოდენობით გაავრცელეს. ასე რომ, იქ დღეს ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა. რაზდანი, ფაქტობრივად, ვირუსული ინფექციის გავრცელების წყაროა“, - ასეთი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს ექსპერტმა.

ქალაქი რაზდანი ქვეყნის დედაქალაქ ერევნიდან 51,6 კილომეტრში მდებარეობს.

ინფიცირებულ რაზდანიდან საქართველოს უახლოეს ქალაქ მარნეულამდე კი, სულ რაღაც 213 კილომეტრია, ხოლო „სადახლოს“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე - 180 კილომეტრი, სამხრეთ საქართველოს ქალაქ ვალემდე კი - 324 კმ.

სტუმართმოყვარე და სტუმრობისმოყვარე მეზობლებისთვის, როგორც კილომეტრაჟი აჩვენებს, საქართველოსკენ გამომგზავრებაც დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, თუ ქვეყნის შიგნით არ იცავენ გადაადგილების შეზღუდვის შესახებ საგანგებო მდგომარეობის წესებს.

საფრთხე N2 - რუსეთისგან უყურადღებოდ მიტოვებული ოკუპირებული ტერიტორიები

ექსპერტის განცხადებით, საქართველოს მეზობელი პოსტაბჭოთა ქვეყნები ვირუსის გავრცელების რეალურ მაჩვეენებლებს, როგორც წესი, მალავენ, რაც ეპიდემიასთან ბრძოლას ხელს უშლის.

ვირუსის გავრცელების მხრვ, კავკასიის რეგიონში საგანგაშო მგომარეობაა. ჩვენ პოსტსაბჭოთა პერიოდიდან ვცხოვრობდით ისეთ სივრცეში, სადაც ტრადიციულად ხდებოდა დამალვა იმ მოვლენებისა, რომლებიც ხელისუფლების სისუსტეზე აკეთებდა აქცენტს. შესაბამისად, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში ვირუსის გავრცელების რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცახდა არეშიძემ.

მისივე თქმით, ძალიან დიდი საშიშროება მოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც.

“კავკასიას გავანებოთ თავი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ბედის ანაბარაა მიტოვებული. ოკუპირებულ რეგიონებში, ვითომ ვირუსის ტესტები მიიღეს და რეალურად, იქ არსად სამედიცინო ინფრასტრუქტურა არ არის მზად, რომ ინფექციის ეპიდემიას გაუმკლავდნენ. ესეიგი, უკვე ვირუსის გარცელების ხარისხი მატულობს. კავკასიაში უაღრესად ბუნდოვანი და რთული მდგომარეობაა“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ინფორმაციისთვის, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული. ქართველი მედიკოსების ძალისხმევით, 43 პაციენტიდან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა. ექსპერტთა შეფასებით, საქართველო კორონავირუსთან გამკლავებას, ჯერჯერობით, ახერხებს და იმედია, ტენდენცია შენარჩუნდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე