ბიძინა ივანიშვილი თუ ბადრი პატარკაციშვილი? - რაზე ვერ შეთანხმდნენ ეროსი კიწმარიშვილი და გია დვალი?!
ბიძინა ივანიშვილი თუ ბადრი პატარკაციშვილი? - რაზე ვერ შეთანხმდნენ ეროსი კიწმარიშვილი და გია დვალი?!

A+ A-

13:20 21/03/2020

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონენებში იმ დაპირისპირების შესახებ წერს, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს შორის მოხდა:

“გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ „რუსთავი 2“-ის დაარსების შემდეგ, მშვიდობიანი ერთი დღეც არ მქონია, არც მე და არც დათო დვალს. უამრავ წნეხს, ზეწოლას, დაპირისპირებას გავუძელით და 2003 წელს “ვარდების რევოლუცია” მოვაწყვეთ. ვფიქრობდი, რომ ამის შემდეგ საქმიანობას უფრო მშვიდ რიტმში გავაგრძელებდით. ამიტომ გამარჯვების შემდეგ მოვეშვი, მოვდუნდი და ყველა ტკივილმა თავი იჩინა, რომელსაც იმ დაძაბულობის ფონზე, არც ყურადღებას ვაქცევდი და მაინც და მაინც ვერც ვამჩნევდი.

რელაქსირება ვერც მოვასწარი, რომ შემდეგ უარესი “საგიჟეთი” დამეწყო. ჟვანიამ ბინძური და ცილისწამებლური კამპანია გამიჩაღა, თუმცა მეტად ჩემს პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვა მაღელვებდა.

მე, დათო დვალს და ჯარჯი აქიმიძეს 25 წლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა. 17-18 წლის ვიყავით, როცა მთაში ერთმანეთი გავიცანით და მას შემდეგ უფულობა, გაჭირვება და უამრავი განსაცდელი ერთად გადავიტანეთ. ჯარჯის ტელევიზიაში მუშაობის რესურსი არ აღმოაჩნდა და ამის გამო, “რუსთავი 2“-ის მართვაში არ მონაწილეობდა. ფლობდა მესამედ წილს და ვინაიდან ტელეკომპანიას მოგება არ მოჰქონდა, დივიდენდს ვერ იღებდა. მე და დათოს ეს გვაწუხებდა, ვინაიდან ჩვენ ხელფასს მაინც ვიღებდით, ხოლო ჯარჯის ობიექტური გარემოების გამო, ესაც არ ჰქონდა.

 ეროსი კიწმარიშვილი-ის სურათის შედეგი

რა თქმა უნდა, მე და დათოს ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება არ გვქონდა, რაც ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია, მით უფრო ბიზნეს სფეროში. ხშირად გვიკამათია უამრავ საკითხზე - ფინანსურზე, პრინციპებზე, შეხედულებებზე, კომპანიის განვითარების გზებზე, ოპერატიულ მართვაზე და ასე შემდეგ. ასეთი კამათები ჩვენი ურთიერთობისთვის პრობლემად არ ქცეულა. ამას შესაძლოა, ხელს ისიც უწყობდა, რომ მუდმივად საომარ რეჟიმში ვიმყოფებოდით, რაც გვაიძულებდა ერთმანეთის მიმართ მტკიცე ურთიერთობა გვქონოდა. ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ჩვენს სიმტკიცეზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, და არა მარტო „რუსთავი 2“-ის მომავალი.

2003 წლის სექტემბერში დვალს უფრო ღრმა ტიპის კრიზისი დაეწყო, ვიდრე ეს ადრე ემართებოდა. ეს გამოიწვია იმან, რომ დვალი „რუსთავი 2“-ის განვითარების პერსპექტივას ვეღარ ხედავდა. მან მოიფიქრა გეგმა, რომლის მიხედვით, ჩვენ პატარკაციშვილთან ერთად, ზურა ჟვანია პრეზიდენტად გაგვეხადა, რის შემდეგ მზად ვიყავით ტელეკოპანია ბადრისთვის მიგვეყიდა. ამ პროექტს ბადრიმ უღალატა, შემდეგ ჟვანიამაც გვიღალატა, როცა არ დაგვეხმარა, რომ ბადრი პატარკაციშვილს პირგასამტეხლო გადაეხადა. გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა, რის გამოც დვალი დეპრესიაში ჩავარდა. სექტემბრიდან მოყოლებული 2 ნოემბრის არჩევნებამდე ის სახლიდან არ გამოდიოდა და მასთან საუბარსაც ვერ ვახერხებდი. ამ პერიოდში მთლიანად ჩემზე გადაიარა ტელევიზიის მართვამ, იქ ეგზიტპოლის ორგანიზებამ, მერე ამ ეგზიტპოლის გამოქვეყნებაზე ჟვანიასთან დაპირისპირებამ.

2 ნოემბრის შემდეგ რევოლუციურ სიტუაციებში დვალი აქტიურად ჩაერთო და შესანიშნავი აზრები მოდიოდა. რევოლუციის შემდეგ, როცა ნახა, რომ ბადრი პოლიტიკურად გადარჩა და სააკაშვილს და ჟვანიას დაუმეგობრდა, ამის გამო კვლავ დეპრესია დაემართა და ჩვენი დაპირისპირებაც აქედან დაიწყო.

როგორც კი რევოლუცია დამთავრდა და  ჩვენ დავინახეთ რომ ბადრი, ისევ მიშასთან და ზურასთან და სხვა ვიღაცასთან არის და რატომღაც გადარჩა, ამაზე დეპრესია დაემართა და დაიწყო ჩვენი დაპირისპირება.

თავდაპირველად პრეტენზიით მომმართა, რომ ტელეკომპანია ხელისუფლების მიმართ ლოიალური გახდა და თუ რატომ აღარ აკეთებდნენ ჟურნალისტები მწვავე სიუჟეტებს. მე ჩემი პოზიცია მქონდა, ჩემთვის მთავარი იყო სააკაშვილის საპრეზიდენტი ინაუგურაციამდე ქვეყანა მშვიდობიანად მისულიყო. ბუნებრივია, პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ხელისუფლება სუსტი იქნებოდა. ამის გამო,  რევანშის საფრთხეც არსებობდა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ პროვოკაციებს აწყობდნენ, ჩვენ ყუმბარა გვესროლეს, ყოფილი გუბერნატორი კვიციანი, ვიღაცები დაუმორჩილებლობას გვიცხადებდა და ამას მარტო შიშველი ხელებით არ აპირებდა, ჩემთვის უცნობი მიზნით, ბერეზოვსკი შემოაპარეს ქვეყანაში.

ამასთან, ხელისუფლება ფორმირებულიც კი არ იყო და ჟურნალისტებს ვისზე უნდა ეკეთებინათ მძაფრი სიუჟეტები?

ინაუგურაციის შემდეგ 100 დღის მანძილზე, საყოველთაოდ მიღებული ნორმაა, რომ თუ ხელისუფლებამ რაიმე საშინელება არ მოიმოქმედა, მძაფრ კრიტიკაზე მასმედია მორატორიუმს აცხადებს და ეს წესი მე არ მომიფიქრებია. მე ვფიქრობდი, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენი მხრიდან სიტუაციის გამწვავება მიზანშეუწონელი იყო. ამას მაისის დასაწყისში აჭარის მოვლენები დაერთო, მე ჟურნალისტებს ვეხვეწებოდი, ყოველი სიტყვა აეწონათ და ისე ეთქვათ, რომ მდგომარეობა მეტად არ დაგვეძაბა.

დვალი არ მეთანხმებოდა და მან სუბორდინაცია დაარღვია. „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი მე ვიყავი და საინფორმაციო პოლიტიკის თუ კომპანიის ოპერატიული მართვის ფუნქცია მე მეკისრებოდა. ამ დროს დათო ჟურნალისტებს თავისთან იბარებდა და თავის აზრებს თავზე ახვევდა, ჟურნალისტებიც დაიბნენ, სახეზე იყო ორხელისუფლებიანობა და აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ.

მე შევეცადე დათოსთან საერთო ენა გამომენახა, რომ შემენარჩუნებინა მასთან მეგობრობა და კომპანიაც, რომელიც ჩვენი ოჯახების კეთილდღეობაც, რომელიც „რუსთავი 2“-ს უკავშირდებოდა. დათოს ვუთხარი, მოვილაპარაკოთ და რასაც შენ მეტყვი იმას გავაკეთებ, ოღონდ სუბორდინაცია დაიცავი-მეთქი. ვერაფერს მივაღწიე, კომპიუტერთან იჯდა და ჩათაობდა, პასუხს აღარ ამბობდა.

კიდევ ერთი მიზეზი, რამაც ჩვენი ურთიერთობა დაანგრია, “ღამის კურიერის” დახურვა გახდა, რომელიც ეკა ხოფერიას მიჰყავდა. ეს გადაცემა მარაზმად იქცა. პოლიტიკოსები, სამსახიობო ბომონდი ყოველდღე გაუთავებლად 3-4 საათი პირდაპირ ეთერში ისხდნენ და რომ იტყვიან, წაქცევამდე საუბრობდნენ ათას თემაზე. ხოფერიას ვეჩხუბებოდი, რომ გადაცემისთვის გაქვს 40 წუთი, როგორმე ჩაეტიე ამ დროში. ეს არ გამოდიოდა, ღამის ორ საათზე ჩავრთავდი ტელევიზორს, ვხედავ ლაყბობას აგრძელებენ.

შემდეგ ანალოგიური გადაცემები “იმედზე” და სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზეც დაიწყეს.

ამ პოლიტიკოსებსაც საქმე გაუჩნდათ, საღამომდე წამოწოლილები გაზეთებს კითხულობდნენ, შემდეგ საღამოს რომელიმე ტელევიზიის ეთერში, ხან ორგან მისვლას ასწრებდნენ და სიბრძნეებს აფრქვევდნენ.

გადავწყვიტე ამ სიგიჟეს ბოლო მოღებოდა. ტელეკომპანიის ოპტიმიზაციას ვაპირებდი და ერთადერთი ამ მიზნით, გადაცემის დახურვა გადავწყვიტე. თუმცა, ვეჭვობდი, რომ თუ მარტო მე დავხურავდი ღამის ამ თოქ-შოუს, ეს საბაბს მისცემდა უამრავ ადამიანს, რომ ჩვენთვის წამოეძახებინათ, სამთავრობო არხი გახდა და ტელედებატებიც ამიტომ დახურაო. არადა,  მაშინ ვის ეშინოდა ტელედებატების. პირიქით, სულ ის მაწუხებდა,  პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია არ გავიდეს-მეთქი.

მე ჟვანიას ვუთხარი, რომ პატარკაციშვილსაც დაეხურა ღამის ეს   მასკარადი. ზაზა შენგელიას თვითონვე ავუხსენი სიტუაცია და სამივე ტელეარხზე ღამის დებატები ერთდროულად დაიხურა.

ამის შემდეგ მე და დვალი ყვირილის გარეშე ვეღარ ვკამათობდით. მასთან სასაუბროდ მივდიოდი და იქედან ხან ჩემი ხავილი ისმოდა, ხანაც დვალის ყვირილი. ეს გამოწვეული იყო იმის გამო, რომ საერთო ენას ვეღარ ვპოულობდით, რის გამოც ემოციებზე კონტროლს ვკარგავდი. ამასთან, მე სამსახურში 9 საათზე მივდიოდი, დათო დასვენებული 4 საათზე მოდიოდა და მერე ნერვებს მიშლიდა.

აუცილებლად უნდა განგვეხილა ბიძინა ივანიშვილის წინადადებაც, რომელიც ტელევიზიის მომავალს ეხებოდა და დამფუძნებლებს რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, თუმცა ათასი რამის მომიზეზებით, ხან არ ეცალა, ხან მერე ვისაუბროთო და ეს საკითხიც ვერ განვიხილეთ, რაც მე მთრგუნავდა. ბოლოს მას შევთავაზე, ოღონდ მეგობრობად დავრჩეთ და მზად ვარ,  ყველაფერი გადმოგაბარო. გენდობი, საქმეს წაიყვან და მე სულ წავალ ამ ქვეყნიდან, გინდა შენ შემეშვი და მე გადავწყვეტ ყველაფერს, მოკლედ როგორც მეტყვი ისე მოვიქცევი-მეთქი. მან ვერაფერი გადაწყვიტა, ისევ იმ დეპრესიაში ჩავარდა და კონფლიქტმა პიკს მიაღწია.

ასეთმა დაძაბულმა ურთიერთობამ დაუსრულებელი ციკლის სახე მიიღო და მაისამდე - 7 თვე გაგრძელდა“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებებში.

გაგრძელება იქნება

1. ჟვანიამ და სააკაშვილმა პატარკაციშვილთან “ქაჯეთის ციხეში“ ძალით წამათრიეს, მე მათთვის ძალიან საშიში ვიყავი - ეროსი კიწმარიშვილი

2. "ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ...

3. "არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

4. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

5.  რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

6. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

7. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

8. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

9. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

10. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

11.  ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

12. როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

13.  რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

14.  რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

15. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?

16. "ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი... ასე მოდიოდა "ვარდების რევოლუცია"

17. "რუსთავი 2"-ის შენობას ე.წ "მუხა" ესროლე, მსხვერპლს სასწაულებრივად გადავურჩით..."- ეროსი კიწმარიშვილი

18. რატომ მიატოვა გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ ნიკა ტაბატაძემ "რუსთავი 2" და ვის მიყიდა არხის წილი?

19. როგორ გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილი ზურაბ ჟვანიას პრემიერობიდან გადაყენებას და რაში იხდიდა 220 მილიონ დოლარს?

20. ასე იწყებოდა "ვარდების რევოლუცია" აჭარაში - რაზე თქვა უარი ასლან აბაშიძემ?

21."ჩემს წინააღმდეგ ზურაბ ჟვანის თანაშემწეს რედაქციებში ცილისმწამებლური წერილები და 500 დოლარი ერთად დაჰქონდა"