გიორგი გახარიამ განმარტა, რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება
გიორგი გახარიამ განმარტა, რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება

A+ A-

14:46 21/03/2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განმარტა, რას ითვალისწინებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. შესაბამისი წარდგინებით მან რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აძლევს მთავრობას შემდეგ შესაძლებლობებს:

იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იყოს გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები:

საერთაშორისო სამგზავრო, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;

დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხავავებული წესები და ვადები;

საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;

იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს და ბიზნეს-სტრუქტურებს შეუზრუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;

აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;

მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;

საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება;

საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად;

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით;

სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.

ეს გახლავთ ის ჩამონათვალი, რომლითაც ჩვენ პრეზიდენტს მივმართავთ“, - განაცხადა გახარიამ.