მსოფლიოს რომელ დედაქალაქში გამოჩნდა პირველი ტაქსი? - 22 მარტი ტაქსისტების საერთაშორისო დღეა
მსოფლიოს რომელ დედაქალაქში გამოჩნდა პირველი ტაქსი? - 22 მარტი ტაქსისტების საერთაშორისო დღეა

A+ A-

16:09 21/03/2020

1907 წლის 22 მარტს ბრიტანეთის დედქალაქის ქუჩებში გამოჩნდა მრიცხველიანი ავტომობილი და ლონდონელმა მეეტლებმა „ტაქსიმეტრი“ შეარქვეს.

„ტაქს“ (ფრანგულად) ნიშნავს გადახდას, „მეტრო“ (ბერძნულად) გაზომვას. 22 მარტი გამოცხადდა ტაქსის მძღოლების, ტაქსისტების საერთაშორისო დღედ. პირველი მრიცხველიანი ავტოები მწვანე და წითელი იყო, მოგვიანებით კი ჯონ ხორსიტის იდეა მსოფლიომ გაითავისა და ყვითელი ფერი იქცა ტაქსის კლასიკურ ფერად - მკვეთრი ყვითელი წლის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში ადვილად შესამჩნევია. თუმცა ყველა ქვეყანა როდი დაეთანხმა ჯონ ხორსიტის: სინგაპურმა ტაქსებისათვის ცისფერი ირჩია, ჰონკონგში წითლის და მწვანე შეფერილობის ტაქსები სჭარბობენ, ტაილანდში კი ვარდისფერი;

ისე ამ რამდენიმე წლის წინ თბილისშიც გამოჩნდა ვარდისფერი ტაქსი, ტაქსი ქალებისათვის და როგორც მოულოდნელად გამოჩნდა, ასე დაუმშვიდობებლად გაქრა. ტაქსისტების საერთაშორისო დღეს საუკუნეზე მეტია მსოფლიო 22 მარტს აღნიშნავს, რუსეთი კი 25 ივნისს. მართალია 1912 წელს მოსკოვის ტაქსოპარკი 230-მდე მანქანას აერთიანებდა, 1917-მა წელმა მთელი 8 წლით დააკონსერვა მომსახურების ეს სახეობა და უკვე 1925 წლის 25 ივნისს აღდგა მოსკოვის საბჭოს გადაწყვეტილებით. საქართველოში პირველი ტაქსის შესახებ ბევრი ვერაფერი აღმოვაჩინეთ, თუმცა 1931 წლის გაზეთ „კომუნისტში“ მივაკვლიეთ თბილისის რაიაღმასკომის შუამდგომლობას დედაქალაქისათვის 40 ავტოსა და 10 ტაქსომოტორის გამოყოფის თაობაზე.

თქვენი არ ვიცი და მე ხშირად მახსენდება ფრთოსან ფრაზად ქცეული „მცხეთაში დავეწევით“! - გაგახსენდათ ფილმი „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ და კეთილი და თავდადებული ტაქსის მძღოლი? - ჰოდა, გილოცავთ ტაქსისტების საერთაშორისო დღეს - 22 მარტს. მწვანე შუქს და მადლიერ მომხმარებელს გისურვებთ და ერთი სურვილიც... შეიძინეთ იმ ქალაქების ქუჩების რუკები, სადაც მოძრაობთ.

მოამზადა ნინო გედენიძე