კორონავირუსის გავრცელება აპრილის ბოლოსკენ, სავარაუდოდ, დაღმა წავა, საქართველოს არ უნდა ეშინოდეს - თენგიზ ცერცვაძე
კორონავირუსის გავრცელება აპრილის ბოლოსკენ, სავარაუდოდ, დაღმა წავა, საქართველოს არ უნდა ეშინოდეს - თენგიზ ცერცვაძე

A+ A-

11:06 23/03/2020

"კორონავირუსის გავრცელება აპრილის ბოლოსკენ, სავარაუდოდ, დაღმა წავა", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ქვეყნის მთავარმა ინფექტიონისტმა თენგიზ ცერცვაძემ "2020NEWS"-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების მხრივ, პროცესები, ჯერჯერობით, კონტროლირებადია, თუმცა ქვეყანა პანდემიის მასიური გავრცელების ზღვარზე დგას.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი საქართველის საპატრარქოს მოუწოდებს, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ყველა წესი დაიცვას და საეკლესიო მსახურებები “გარკვეული ფორმით“ შეწყვიტოს.

ცერცვაძე საქართველოს მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის ტესტირება სავალდებულო არ იქნება და მის ხარჯებს, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაფარავს.

- ბატონო თენგიზ, რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან განაცხადეთ: “ყველას გვინდა, რომ კორონავირუსი გრიპის მსგავსად მოიქცეს და თუ ასე არ მოხდა, მზად უნდა ვიყოთ, რომ პიკი თუნდაც ივნისში დადგეს“. რა თვისებები შეიძლება შეიძინოს ან დაკარგოს კორონავირუსმა?

- ჩვენ, ჯერჯერობით, არ ველოდებით, რომ კორონავირუსი თვისებებს შეიცვლის. შესაძლოა, მასში მოხდეს ე.წ. წეტილოვანი მცირე ზომის მუტაცია, ანუ მან რაღაც მცირე თვისება შეიცვალოს - შეიძლება გახდეს უფრო გადამდები ან პირიქით, ნაკლებად გადამდები. უახლოესი ერთი წლის მანძილზე ამ ვირუსის სერიოზულ სახეცვლილებას არ ველოდებით. ასეთი ვირუსი სწრაფ სახეცვლილებას არ განიცდის. ხშირ შემთხვევაში, მის სახეცვლილებას წლები სჭირდება.

კორონავირუსი ჯერჯერობით, გრიპის ვირუსივით არ იქცევა. მარტის ბოლოდან გრიპის ვირუსის ტალღა თავისით იკლებს, ყოველგვარი ღონისძიებების გარეშე. ვარაუდოებენ და მეც იმედი მაქვს, რომ თუ ვირუსის გავრცელება აპრილის დასაწყისში დაღმა არ წავიდა, სადღაც აპრილის ბოლოსკენ მაინც წავა. ეს ჩვენი იმედი და სურვილია, მაგრამ კორონავირუსი ჯერჯერობით, ასე არ იქცევა.

საქართველოს კორონავირუსის არ უნდა ეშინოდეს, რადგან ქვეყანაში ამაზე ბევრად უფრო მძიმე ინფექციებიც გავრცელებულა. კორონავირუსი ხალხს შიშის ზარს არ უნდა სცემდეს, რადგან მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 2-3%-ია.

- როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება. იქნება თუ არა საზოგადოებისთვის ტესტირება უფასო და სავალდებულო?

- ჩვენ, სავარაუდოდ, მასობრივ ტესტირებას რამდენიმე დღეში ან ერთ კვირაში დავიწებთ. ეს პროცესი სავალდებულო არც ერთ ვარიანტში იქნება. მასობრივი ტესტირება ნებაყობლობითი იქნება. ტესტის გაკეთება შესაძლებელი იქნება სავადმყოფოებში, რამდენიმე პირველადი ჯანდაცვის ცენტრსა და ლაბორატორიებში.

ვარაუდობენ, რომ სახელმწიფოს მიერ საქართველოში შემოტანილი ტესტები ფასიანი არ იქნება. იქნება თუ არა ტესტის გაკეთება შესაძლებელი კერძო ლაბორატორიაში, რომელიც ტესტს თავად შემოიტანს და ფასსაც თავად დაადებს, ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

მე პირადად მიმაჩნია, რომ კერძო ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ტესტი გააკეთოს, თუმცა არა ეპიდემიის დროს. წესით, ეპიდემიის დროს ყველა გამოკველვის საფასურს, სახელმწიფო უნდა იხდიდეს. ვვარაუდობ, რომ ჩვენთან ასე იქნება.

- რა შემთხვევაში ჩაუტარდება პირს სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსზე ტესტირება?

- მასობრივი ტესტირებისთის საკმარისი საბაბი იქნება პაცინეტის სურვილი და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი. მაგლითად, ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი და ა.შ. ტესტის აღება სავალდებულო არ იქნება იმ პირისთვის, რომელსაც რისკის ზონასთან შეხება არ ჰქონდა.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში: იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, შვეიცარიაში, ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში, კორონავირუსზე იმ მასშტაბების ტესტირება არ ხორციელდება, როგორც ეს საქართველოში ხდება. საქართველოში იკვლევენ ყველას, ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი და წარმოადგენს რისკის ჯგუფს. თან ისე, რომ ტესტების პასუხები რამდენიმე საათში ხდება ცნობილი. უცხოეთის წამყვან ქვეყნებში კი, თუ ადამიანს მძიმე სიმპტომი არ აქვს, ტესტირებას არ უტარებენ.

- კორკონავირუსის განკურნების მიზნით, მსოფლიოში გამოცდას რამდენიმე მედიკამენტი გადის. რომელი მედიკამენტია ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური?

- მსოფლიოში ჯერ არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ოფიციალურად რეკომენდურებულია, როგორც პირდაპირი მოქმედების პრეპარატი კორონავირუსის განსაკურნებლად. მსოფლიოში არსებობს, დაახლოებით, 11-12 მედიკამენტი, რომელთა გამოცდა სხხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს. ზოგიერთი ქვეყანა ერთ წამალს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი - მეორეს.

როდესაც ჩვენ გავაანალიზეთ ყველა მონაცემი, მივედით დასკვანდე, რომ ამ მედიკამენტებიდან ყველაზე კარგი შედეგი უნდა მოგვცეს ე.წ. “პლაქვენილმა“. ყველა ჩვენი სიმპტომიანი პაცინტი ამ წამალს იღებს.

ჩვენდა სასიხარულოდ, 4 დღის წინ ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან სასიხარულო განცხადება. ექსპერტების რჩევის საფუძველზე, მან ჩათვალა, რომ “პლაქვენილი“ არის სხვებზე უკეთესი წამალი. მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, ტრამპმა განაცხადა, რომ დაინფიცირებულებზე ამ მედიკამენტების გამოყენება დაუყოვნებლივ დაიწყოს. ამერიკამ ახლა გააკეთა ის, რასაც ჩვენ თებერვლიდან ვაკეთებთ.

აქვე აღვნიშნავ, საქართველოს მასმედიას არც ერთი პრობლემის გაშუქებისას ისე კარგად არ უმუშავია, როგორც კორონავირუსზე მუშაობს. მედია ყოველგავრი ანგაჟირებისა და პოლიტიკური ქვეტექსტების გარეშე, ძალიან კარგად მუშაობს და საზოგადოებას ძალიან ღია ინფრომაციას აწვდის. კორონავირუსთან დაკავშირებით, არც ერთი ქვეყნის საზოგადოება ისე კარგად არ არის ინფორმირებული, როგორც საქართველოს მოსახლეობა.

- საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დადგენილების თანახმად, ქვეყანაში შეიზღუდა ნებისმიერი სახის შეკრების უფლებაც, თუმცა ამ წესს ეკლესია არ ასრულებს. უნდა დაიცვას თუ არა საქართველოს ეკლესიამ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ყველა წესი?

- ძალიან სენსიტიურ საკითხს შეეხეთ. ეკლესიას თავისი კანონები, პრინციპები და რწმენა აქვს. ის ხშირად ამ სეკულარ სახელმწიფოში სამოქალაქო მთავრობის მოსაზრებას არ იზიარებს.

მე არ მინდა ეკლესიის საქმეში ჩავერიო, მაგრამ მსურს მათ ვურჩიო, რომ ვირუსმა არ იცის გარჩევა, ვინ მორწმუნეა და ვინ - არა. ჩემი აზრია, რომ ეკლესიაშიც უნდა მოქმედებდეს იგივე შეზღუდვა, რაც საერო სამყაროში სრულდება. მითუმეტეს, გაითვალისწინეთ, რომის პაპმა აკრძალა შეკრება წმინდა პეტრეს მოედანზე, ანუ იქ, სადაც კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი რიტუალი იმართება ხოლმე.

ასევე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაიხურა მექა და მედინა, მუსულმანური წმინდა ქალქები, სადაც უამრავი მლოცველი მიდის.

მიმაჩნია, რომ გონივრული იქნება, თუ საქართველოში საეკლესიო მსხურებები რაღაც ფორმით შეწყდება. ეკლესიაში გარკვეული ცვლილებები დავინახეთ, მაგალითად, ადამიანებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ეკლესიაში საგანგებო მდგომარეობის ყველა წესი სათანადოდ იყოს დაცული.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე