საქართველოში ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა გაუფასურებულიყო - იოსებ არჩვაძე
საქართველოში ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა გაუფასურებულიყო - იოსებ არჩვაძე

A+ A-

18:36 25/03/2020

“საქართველოში ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა გაუფასურებულიყო“, - ამის შესახებ “2020NEWS“-თან ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტა, უფრო მძიმე კორონავირუსუსლი სიტუაციის მიუხედავად, ასე არ გაუფასურებულა.

„პარალელი გაავლეთ, სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოზე უფრო მძიმე მდგომარეობაა, მათ შორის, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მხრივ. ამ ქვეყნებში ეროვნული ვალუტა შედარებით ნაკლებად არის გაუფასურებული, რაც საქართველოში ნაკლები პასუხისმგებლობის  ქონის შედეგია“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.

როგორც არჩვაძემ სააგენტოსთან აღნიშნა, ეროვნული ბანკი, ეკონომიკური პროცესების დასტაბილურების მხრივ, უფრო ეფექტურ ნაბიჯებს უნდა დგამდეს.

“საქართველოში ტურისტული ნაკადი მყისიერად შემცირდა. იმედია, ეს ვითარება რამდენიმე კვირაში გამოსწორდება. ეროვნულ ბანკს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამომწვევ მიზეზებზე უფრო დამაჯერებლად უნდა ესაუბრა. ეროვნულ ბანკს ვუსურვებ,  რომ მომავალში მისი გამოსვლა საზოგადოებაში არსებული მღევარებს ჩაქრობისკენ იყოს მიმართული“,- განაცხადა არჩვაძემ.

ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.4576 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3. 4494 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი ოფიციალური ღირებულება 3.7370 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი კი 3.7437  ლარს შეადგენდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე