რაც უფრო შორს არის ბიძინა ივანიშვილი, მთავრობა გაცილებით კარგად  მუშაობს, კონსტიტუციური წესრიგი აღდგა - გია ხუხაშვილი
რაც უფრო შორს არის ბიძინა ივანიშვილი, მთავრობა გაცილებით კარგად  მუშაობს, კონსტიტუციური წესრიგი აღდგა - გია ხუხაშვილი

A+ A-

14:22 27/03/2020

ვიდრექართული ოცნებისლიდერს და ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს სრულიად საქართველო ეძებს და  ვერ პოულობს, მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლას, ჯერჯერობით, კარგად ახერხებს.  ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მთავრობისგან შორს ყოფნა გახარიას გუნდის ეფექტურ ფუნქციონირებაზე  მხოლოდ დადებითად მოქმედებს.

„რაც უფრო შორს არის ბიძინა ივანიშვილი, მთავრობა გაცილებით კარგად მუშაობს“, -  აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, პროცესებისგან ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგა.

“მთავრობამ მცირე შეცდომები, შესაძლოა, დაუშვა. თუმცა ამ ეტაპზე მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგა, მთავრობამ საკუთარი პასუხისმგებლობა და გადაწვეტილებების ტვირთი იგრძნო, რამაც ის ფუნქციონალური გახადა.

ფაქტს, ივანიშვილის არგამოჩენის შესახებ, მთავრობის მუშაობისთვის ხელი სულაც არ შეუშლია. მეტიც, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა, გარკვეულ ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით, ეფექტურად მუშაობს და ჯერჯერობით, პროცესების მართვას ახერხებს.

ბიძინა ივანიშვილი, რაც უფრო შორს არის მთავრობისგან, ხელისუფლება მით უფრო ეფექტური და ფუნქციონალურია“, -  განაცხადა ხუხაშვილმა „2020NEWS“-თან საუბარში.  

როგორც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, მილიარდერი საზოგადოებაში მაშინ გაჩნდება, როცა ქვეყანას კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ძალიან გაუჭირდება ან პანდემიის გავრცელების საშიშროება აღარ იქნება.  მისივე თქმით, ივანიშვილი, შესაძლოა, ახლა იმიტომ არ ჩანს, რომ გარკვეულ მანევრს ინარჩუნებს.

ბიძინა ივანიშვილი, წმინდა პოლიტიკური გაგებით, შესაძლოა, იმიტომ არ ჩანს, რომ გარკვეულ მანევრს ინარჩუნებს. კრიზისის პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ივანიშვილს მანევრი სჭირდება იმისათვის, რომ საჭირების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის აქცენტები მთლიანად მასზე არ გადავიდეს. ივანიშვილი მაშინ გამოჩნდება, როცა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება პიკს მიაღწევს, ან როცა კორონავირუსის დამარცხებისკენ წავალთ, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, „ქართული ოცნების“ ლიდერი არსად გამოჩენილა. როგორც „2020NEWS“-მა გაარკვია, იგი ოჯახთან ერთად, საჩხერეში, მშობლიურ ჭორვილაში იმყოფება. ჭორვილაშია საფრანგეთიდან დაბრუნებული უტა ივანიშვილიც.

ბოლო მონაცემებით, კი, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამ დროის მონცემებით, ქვეყანაში ვირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4 505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 257 პირი იმყოფება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე