თავდაცვის უწყებაში კორონავირუსით ინფიცირებული პირები შესაძლოა, სამხედრო ახალწვეულები არიან - ვახტანგ მაისაია
თავდაცვის უწყებაში კორონავირუსით ინფიცირებული პირები შესაძლოა, სამხედრო ახალწვეულები არიან - ვახტანგ მაისაია

A+ A-

17:19 30/03/2020

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროში გამოვლენილი, კორონავირუსით ინფიცირებული პირები, სავარაუდოდ, სამხედრო მოსამსახურეები არიან.
როგორც ცნობილია, 28 მარტს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

დღეს, 30 მარტს კი ჩატარებული სკრინინგის საფუძველზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული 10 პირიდან ოთხს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ირკვევა, ყველა მათგანს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების თანამშრომლებთან ჰქონდათ შეხება.

როგორც მაისაიამ სააგენტოსთან განაცხადა, დაინფიცირებულები მართლაც დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები რომ ყოფილიყვნენ, მათ სამკურნალოდ სამხედრო ჰოსპიტალში არ გადაიყვანდნენ, რადგან იქ მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს მკურნალობენ.

“იქედან გაომდინარე, რომ ეს ადამიანები სამხედრო ჰოსპიტალში წაიყვანეს, დიდი ალბათობით, ისინი სამხედრო მოსამსახურეები არიან. სხვა შემთხვევაში, სამხედრო ჰოსპიტალში არ წაიყვანდნენ.
სამოქალაქო პერსონალს თავისი დაზღვევა აქვს, ხოლო სამხედრო მოსამსახურეები და მათთან გათანაბრებული პირები სამხედრო ჰოსპიტალში მიჰყავთ. შესაძლოა, ისინი სამხედრო სამსახურის წვევამდელები იყვნენ“, - განაცხადა მაისაიამ.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 18 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმშია 4 876 პირი. ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264 ადამიანი.

ავტორი : ეკატრინე ზარნაძე