ინფლუენციამ ზარი დასცა მთელ მსოფლიოს - რას წერდნენ კორონავირუსზე მე-19 საუკუნეში?
ინფლუენციამ ზარი დასცა მთელ მსოფლიოს - რას წერდნენ კორონავირუსზე მე-19 საუკუნეში?

A+ A-

16:37 02/04/2020

კორონავირუსმა თითქოს გააჩერა დედამიწა, არადა მზეც ამოდის და ღამე მთვარეც ანათებს დაცარიელებულ ქუჩებს. ამ უხილავი მტრის გამოჩენამდე არსებული პრობლემებიც ძალაში დარჩა და ეს ყველაფერი არახალია. ასე იყო სხვადასხვა პანდემიების დროს: ქოლერა, შავი ჭირი, ინფლუენცია - ესპანური გრიპი. მსოფლიოს მიერ გადატანილ პანდემიებს შორის ხშირად სწორედ ამ უკანასკნელს, 1920 წლის ესპანურ გრიპს იხსენებენ, რომელსაც როგორც შეყვითლებულფურცლებიანი გაზეთები გვამცნობენ, მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იცნობს მსოფლიო და საქართველო.

1880-1890-იანი წლების გაზეთი "ივერია” ყველა ნომერში აქვეყნებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან „ისპანკის“ გავრცელების შედეგებს: სოხუმი ( მოწერილი ამბავი) ახალ მოდის სნეულებამ, ინფლუენციას რომ უწოდებენ ჩვენი მკურნალები, ზარი დასცა აფხაზეთისა და სამურზაყანოს მცხოვრებლებს. ეს სნეულება ხოლერას არ ჩამოუვარდება სწორედ.

გახდება თუ არა ავად ადამიანი მეორე დღეს, ან მესამე დღესვე, ღმერთს აბარებს თავის სულს. აბა რას უშველის ორის მკურნალის ოსტატობა იმ ადგილს, სადაც სცხოვრობს 80 ათას სულამდე ხალხი. ეს ავადმყოფობა სოხუმის სამხედრო ლაზარეთშიც იყო გავრცელებული და საბრალო ჯარისკაცებსაც დიდი ზარალი მისცა, ვიდრე ბატონმა არშაროვსკიმ, ამ ლაზარეთის მკურნალმა არ მიმართა ახალს თავისებურს წამლობას; ეს წამლობაა გვამის განბანვა და განწმენდა (იგულისხმება ზონდის მეშვეობით კუჭ-ნაწლავის გაწმენდა)... თითქმის ყოველის გემით მოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდგან ავადმყოფები აქაურის ჰაერისათვის.

მაგრამ უბედურება ის არის, რომ ვერა შოულობენ შესაფერს სადგურს. სასტუმრო სახლები აქ ძალიან მცირეა და ამიტომ ავადმყოფები ხშირად უბინაოდ რჩებიან. ბევრი რამე სჭირია ჩვენს ქალაქს, მაგრამ ვინ არის პატრონი და გულშემატკივარი, რომ მიიღოს მხედველობაში ყოველივე, ან უმთავრესი ჩვენი საჭიროება მაინც.

ბრალი უმეტესად ედებათ აქაურ მოქალაქეთ, რომლებიც თავიანთ სადგურში დიდის მჭერმეტყველებით საუბრობენ, პრტყელ-პრტყელსა ლაპარაკობენ და როდესაც საქმე თხოულობს იმათს ერთობილს გადაწყვეტილებასა და დასკვნას, მაშინ ერთი ალთას იწევს, მეორე ბალთას.... თუ ამნაირად წაიყვანეს თავისი საქმეები, მაშინ ვგონებ არავითარი წარმატება არ მიეცემა ჩვენს დაჩაგრულს ქალაქს. ბევრის თქმა არ შეიძლება, ცოტას თქმით გულის ტკივილს ვერ გამოჰხატავს კაცი და ამისთვის უმჯობესია გავჩუმდეთ და მოვითმინოთ, ვიდრე შესაძლო იქნება ამგვარი მოთმენა. საჩინო (ქვემო იმერეთი) საჩინოში ძალიან მოდებულია ინფლუენცია.

ოჯახი არაა, რომ ორი-სამი ავადმყოფი მაინც არ იყოს. დაუდევნელების მიზეზით ფილტვების ანთებადაც გადაიქცევა ხოლმე და ჰხოცავს ხალხს. ხშირად მთელი ოჯახობაა ამ სენით ავად და მომვლელი აღარავინა ჰყავთ, შიმშილ-წყურვილით იხოცებიან. ამ ორი კვირის განმავლობაში მარტო ერთს პატარა სოფელ სალხინოში ( 85 მაცხოვრებელი) 10 კაცი იმსხვერპლა ინფლუენციამ.

სხვათაშორის, ერთ გლეხის ოჯახში ორი დღის განმავლობაში ორი სული მოკვდა და მესამე ავადმყოფმა მწუხარებისდა გამო, დანით ყელი გამოიჭრა რაკი დაინახა ქმრისა და დედის სიკვდილი. ორი ძუძუს მწოვარა ბავშვი დარჩა ამ ოჯახში ობლად და უპატრონოდ. თითქოს ჯიბრზედ ინფლუენციას თან დაერთო ყვავილი. ესღა გვაკლდა. წარსულს წელს დიდხანს იყო გავრცელებული ეს სენი (ყვავილი) და ეხლა კვლავ გაჩნდა აქა-იქ“, - წერდა გაზეთი „ივერია“ 1890 წელს.