რეჟისორი რეზო ესაძე გარდაიცვალა
რეჟისორი რეზო ესაძე გარდაიცვალა

A+ A-

13:26 18/04/2020

გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი რეზო ესაძე. ინფორმაციას ამის შესახებ რეჟისორის მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.

რეზო ესაძე 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. იყო ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელია, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.

გადაღებული აქვს 11 ფილმი: „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; „ნეილონის ნაძვის ხე“ „საქორწილო საჩუქარი“; „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“; „ერთი ნახვით შეყვარება“ „წკიპურტები“; „ყოველ შაბათს“ ; „წამმზომი“; „ოთხი ფურცელი“; „ფრო“; „ერთხელ“.

რეზო ესაძეს შესრულებული აქვს მთავარი და ეპიზოდური როლები სხვადასხვა ავტორის ფილმებში.

რეზო ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.

საქართველოს პირველი არხის ეთერში 18 თებერვალს მისი ბოლო ფილმის, „თვე, როგორც ერთი დღე“ ტელეპრემიერა შედგა. ფილმი რეჟისორმა 2016 წელს, 82 წლის ასაკში გადაიღო.