წიგნები პანდემიისას - ღმერთის სინათლე სარკმელში - გიორგი ლობჟანიძე
წიგნები პანდემიისას - ღმერთის სინათლე სარკმელში - გიორგი ლობჟანიძე

A+ A-

22:16 06/05/2020
"ღმერთი ერთ კარს ისე არავის არ დაუხურავს, რომ, სამაგიეროდ, ათასობით სარკმელი არ გაუღოს, მთავარია, არ შეგვეშინდეს",- პოეტი და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟაბიძე ბლოგ-პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბარია პანდემიაზე, ადამიანთა ცნობიერებაზე, სინათლეზე, ღმერთსა და სიცოცხლეზე.
 
"დღეს სწორედ ჩარაზული კარებისა და გაღებული სარკმლების დროა!'",- ამხნევებს პანდემიის გამო, სახლში გამოკეტილ საზოგადოებას პოეტი.
 
პოსტი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, სათაურით  -"წიგნები პანდემიისას".
 

შაბათი ადამიანისათვის

კორონას პანდემია ჩემთვის დიდი მასწავლებელი აღმოჩნდა. ზოგ შემთხვევაში კარგა ხნის წინანდელი ვარაუდები დამიდასტურა, ზოგ შემთხვევაში კი სრულიად ახალ აზრებთან და შეფასებებთან მიმიყვანა.
 
ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა მქადაგებლებმა (ვთქვათ, ექსპერტებმა) უკან გადაიწიეს და წინ კონკრეტული დარგის, ზუსტი მეცნიერების, ვიროლოგიის საუკეთესო  სპეციალისტები წამოვიდნენ, რომელთა აზრებმაც ჩემთვის და ალბათ ძალიან ბევრისათვის უცებ და სრულიად მოულოდნელად სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა.
 
თუმცა სულ რამდენიმე კვირაში მათი მოსმენაც ისეთივე აუტანელი გახდა, როგორი მტანჯველიც აქამდე პოლიტიკოსების ყურისგდება იყო.
 
ეს, ძირითადად, ორი მიზეზით მოხდა.
 
პირველი ის არის, რომ ვიროლოგებმაც აშკარად არ იციან, როგორ მოექცნენ ვირუსს, რომელიც ახალია და იმდენად შეუსწავლელი, რომ მათ აქამდე დაგროვებულ ცოდნას სრულიად თავდაყირა აყენებს.
მაგალითად, მათ აქამდე მე, უვიც ჰუმანიტარს, ისიც კი ვერ ამიხსნეს წესიერად, ზედაპირებიდან გადადის თუ არა ეს ვირუსი; ანდა დამიცავს თუ არა პირბადე შიდაგადადების საფრთხისაგან.
 
სამაგიეროდ, სულ ცოტა ხანში ინფექციონისტებისა და ვოროლოგების ფუნქცია ერთ უსიამოვნო რუტინამდე დავიდა: ისინი ყოველდღიურად ჩნდებიან ტელეკამერების წინ (და ამასობაში აშკარად დახვეწეს მათთვის სრულიად არასაჭირო არტისტული ხელოვნება: კარგ ამბებს გაღიმებული სახით გვაწვდიან, სამწუხარო ამბებს ოდნავ მოღუშულნი და შეფიქრიანებულნი.
 
არ ავიწყდებათ, დატუქსონ ზედმეტად გათავხედებული ჟურნალისტები, დაამუნათონ და დაამადლონ საკუთარი თავი ისევე, როგორც ჰოლივუდის გატუტუცებულმა ვარსკვლავებმა) და გვაცნობენ უბრალო სტატისტიკას, რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა კიდევ კოვიდ-19 (რომელთაც ისინი „დადასტურებულ შემთხვევებად“ მოიხსენიებენ), რამდენი გამოჯანმრთელდა და რამდენმა განუტევა სული (მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში აქამდე ასეთი სიმამაცე მხოლოდ სამმა მოხუცებულმა გამოავლინა, რომელთაც კოვიდ19ის ინფექციამ თანმხლები, ქრონიკული სნეულებები გაურთულა).
 
ამასთანავე, ექიმები წინასწარმეტყველებენ ვირუსის გავრცელების დინამიკას და აქაც მათი მესიჯები მეტისმეტად დამაბნეველია, რადგან საეკრანოდ შერჩეულმა 4-მა წამყვანმა ვიროლოგმა და ინფექციონისტმა ისიც კი ვერ შეძლო, პოზიციები ამ საკითხში მაინც შეეჯერებინა: ერთი გამოვა და იტყვის, რომ საფრთხემ უკვე გადაიარა და,როგორც ჩანს, იტალიისა და ესპანეთის მოდელს საქართველოში არ უნდა ველოდოთ, მეორე დღეს კი მეორე ამტკიცებს, რომ ჯერჯერობით თავის დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ვირუსის გავრცელების პიკი, სავარაუდოდ, მომდევნო ორ-სამ კვირაში იქნება.
 
თავიდან ერთ რამეს მაინც გვეუბნებოდნენ გარკვევით, რომ ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო, დაგვეცვა სოციალური დისტანცია და დავრჩენილიყავით შინ, იზოლაციაში, მაგრამ მერე ეს მოწოდებაც გაბუნდოვანდა, რადგან საეკლესიო დღესასწაულებზე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შემოსავლის დაკარგვის შიშით ტაძრების დაკეტვა არ მოისურვა და ეს ამბავი მოახლოებულ აპოკალიფსს დაუკავშირა.
 
ჟურნალისტებთან ნამეცადინებმა ინფექციონისტებმა კი ახლა მღვდლებთან კეკლუცობასა და სურათების გადაღებას მიჰყვეს ხელი და პიარში კი არა, მთლად საბჭოთა კაგებეს პროპაგანდაში გამოწრთობილმა მამაოებმა ისინი აშკარად დაჯაბნეს, რადგან ვირუსებზე გაბეჯითებულმა ხუთოსანმა ინფეცქიონისტმა გოგონებმა (რომელთა შესახებ საიტები პარალელურად ასეთი სათაურის სტატიებს აქვეყნებენ: რა ტრაგედია შეემთხვა მავანსა და მავანს ცხოვრებაში და როგორ გადაიტანა ეს ტრაგედია!) საიდან უნდა იცოდნენ საბჭოური პროპაგანდის ერთი ვერაგული ხერხი, რაც, მათგან განსხვავებით, ეკლესიის მამებმა ძალიან კარგად იციან: როცა საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაციისას ანდა არჩევნებისას რომელიმე მხარის დეკლარირებულ ადეპტთან იღებ სურათს და ფოტოს მერე საჯარო სივრცეში გამოჰფენ, შენ სრულებითაც რომ არაფერი თქვა ამა თუ იმ საკითხზე, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეთანხმები იმ მხარეს, ვისთან ერთადაც სურათი გადაიღე!
 
თორემ კაცმა რომ თქვას, სურათის გადაღება რა ისეთი ცოდვაა?! მითუმეტეს, პანდემიისას, როცა ადამიანს განსაკუთებით უმძაფრდება ვნება, რომ რაღაცას მოეჭიდოს, რაღაცას დაეყრდნოს, რაღაცაში დააფიქსიროს საკუთარი თავი, რათა მერე, როცა ყველაფერი გადაივლის, თუკი ვინმე გადარჩა, წარწყმედილები ამ ფოტოებით მაინც გაიხსენოს.
 
ვიღაცას ალბათ ძალიან ეხამუშა ამ კონტექსტში სიტყვა წარწყმედილების გამოყენება. წარწყმედა იგივე სიკვდილია, უბრალოდ სიძველემ კიდევ ერთი დამატებითი და მნიშვნელოვანი, ოდნავ ზეაწეული ელფერიც შესძინა და ეს ელფერი მარადიულობაა, რადგან თუ სიკვდილი ამქვეყნიური არსებობის დასასრულია, წარწყმედა მარადიულ მოსპობას გულისხმობს, სულის სიკვდილს, სრულ აღარყოფნას.
 
მორწმუნისათვის კი შემზარავი სწორედ ეს არის და არა ჩვეულებრივი სიკვდილი, რომელიც უბრალოდ გარდაცვალებაა, ერთი სამყაროდან უცნაური და ეგებ საინტერესო გადასვლაც კი მეორე სამყაროში.
 
და რადგან პანდემიისას, ჩვენ, ყველანი, გადარჩენისათვის ვიბრძვით, ალბათ არც არავის გაემტყუნება. არც იმას, ვისაც გადარჩენა ამქვეყნად სიცოცხლის გაგრძელება ჰგონია და არც იმას, ვინც ხსნას იმქვეყნიურ ცხონებას უკავშირებს.
 
მაგრამ აქ ჩნდება სწორედ წინააღმდეგობა: მაშ, პანდემიაც რომ არ იყოს, რად გვინდა ეს მიწიერი ცხოვრება საერთოდ, თუკი საბოლოო მიზანი ჩვენი იმქვეყნიური გადარჩენაა. აქ ხომ მაინც დროებითა ვართ და ჩვენი მუდმივი საცხოვრებელი სადღაც სხვაგანაა?!
 
ვინაიდან რელიგიური აზრის განვითარება საუნივერსიტეტო დონეზე მისწავლია, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, გითხრათ, რომ არც ერთი რელიგია ამქვეყნიურ ცხოვრებას არავითარ შემთხვევაში არ განიხილავს, როგორც აბსოლუტურ ბოროტებას.
 
ამ მხრივ თუ ერთმანეთს შევუპირისპირებთ ინდოირანულ რელიგიურ კონცეფციასა და სემიტურ რელიგიურ აზრს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდოირანული (ნაწილობრივ ინდურბუდაისტური და განსაკუთრებით ირანული რელიგიების) კონცეფცია, სადაც დუალისტური საწყისია გამოკვეთილი, ამქვეყნიურ სიცოცხლეს ბნელის, ბოროტის, ეშმას ტერიტორიად კი არა, სინათლის, სიკეთის, ღვთის სამფლობელოდ მოიაზრებს.
 
ამ კონცეფციაში მიწიერი ცხოვრება ღვთის საჩუქარია, რომელიც ადამიანმა შემოქმედებითად უნდა აითვისოს. ამქვეყნიური დოვლათის დაგროვებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იმქვეყნური ხვასტაგისა, რადგან ქვეყნიური სიმდიდრე, ფიზიკური ჯანმრთელობა და თუნდაც საღი სექსუალური ინსტინქტი ღვთის უპირობო წყალობად მიიჩნევა.
 
ოდნავ განსხვავებული ვითარება გვაქვს ამ მხრივ სემიტურ რელიგიურ თვალსაზრისში. აბრაამული ტრადიციის სამივე დიდი რელიგია (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებას ასევე ღვთის დიდ წყალობად განიხილავს, რადგან ღმერთმა სწორედ კონკრეტული ადამიანები გამოარჩია იმითი, რომ მათ არსებობა მიანიჭა. ოღონდ სამივე რელიგიაში ეს ცხოვრება მეტ-ნაკლებად განიხილება, როგორც გამოცდა, ერთგვარი მოსამზადებელი საფეხური შემდგომი ცხოვრებისთვის.
 
ამ სამ რელიგიაში ქვეყნიური ცხოვრების განსაკუთრებული მიუღებლობით მაინც ქრისტიანობა გამოირჩევა, რამაც განაპირობა მის წიაღში ბერმონაზვნობის ინსტიტუტის გაჩენა და განვითარება.
 
თუმცა სამივე ამ რელიგიისათვის კაცის კვლა, მათ შორის თვითმკვლელობა, კატეგორიულად მიუღებელია.
 
ითვლება, რომ თუნდაც ამ სამ რელიგიაში ქრისტიანობა ყველაზე მეტად არის სიყვარულის, სიყვარულზე ორიენტირებული რელიგია. ამის მიუხედავად (და ვინ იცის, ეგებ სწორედ ამიტომაც), გარეგნული სილაღის ფონზე, ამ რელიგიის მცნებათა განუხრელი დაცვა, ქრისტიანად შედგომა და ქრისტიანად ყოფნა ადამიანისათვის მეტისმეტად რთული ამოცანაა.
 
რადგან სიყვარული, ქრისტიანული სიყვარული ეგოიზმისა და თვითტკბობის აბსოლუტურ დათრგუნვას გულისხმობს.
 
სახარების სწავლების მიხედვით, თუკი მოყვასთან, ანუ ადამიანთან, ნაჩხუბარი იქნები და ლოცვას მოინდომებ, მანამდე არ უნდა დადგე სალოცავად, არ უნდა წახვიდე ეკლესიაში, სანამ მოყვასთან არ მიხვალ და არ შეურიგდები.
 
სახარება ასევე გამუდმებით გვიბეჯითებს ერთ რამეს: „სძლიე სიხარბესა შენსა“. სიხარბე აქ ყველანაირი ეგოისტური სურვილია, რამაც შენი ნდომის, შენი პიროვნული მოსაზრებებისა თუ გამორჩენის საპირისპიროდ, შეიძლება სხვა ადამიანის ზიანი და ნგრევა გამოიწვიოს.
 
სანამ ამას ვერ გაიაზრებს და ბოლომდე არ გაითავისებს ადამიანი, შეუძლებელია იმას ქრისტიანი ეწოდოს.
 
ეგებ, შინაგანად ქრისტიანად ყოფნის ამ ობიექტური სიძნელეების გამო, ადამიანი მუდამ ეძებს გამოსავალს, რაღაც შემამსუბუქებელს და ამიტომ რიტუალზე ჩაბღაუჭება, რიტუალური გააფთრება, რასაც განსაკუთრებით მკაფიოდ ამ დღეებში ვხედავთ, ერთი ასეთი გამოსავალია.
 
სახარებას კი ამაზეც მკაფიო პასუხი აქვს: შაბათია შექმნილი კაცისათვის და არა კაცი შაბათისათვის. შაბათი აქ ყველა იმ ფორმალურ მხარეს გულისხმობს, რომლის დაცვასაც რელიგია გვავალდებულებს.
 
ეს გულისხმობს არა ამ ფორმალობათა სრულ უგულებელყოფას, არამედ იმას, რომ თუკი ოდესმე არჩევანის წინაშე დადგები, რა სჯობს, რიტუალური რწმენა თუ ადამიანის დახმარება, რა თქმა უნდა, არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა გააკეთო.
 
მეც პირადად ამ პანდემიამდე მკაფიოდ არ მესმოდა ბოლოს დამოწმებული ციტატის აზრი. ახლა კი სრულად ჩავწვდი და გავიაზრე, რომ ღვთის აღდგომას შენს გულში ვერაფრით ვერ იზეიმებ, თუკი ამ ზეიმით ერთი ადამიანის სიცოცხლეს მაინც საფრთხე შეექმნება. რადგან იესო ჯვარს სწორედ ადამიანის სიცოცხლისთვის ეცვა და არა სიკვდილისთვის. მისი გადარჩენისათვის და არა გაწირვისთვის.
 
ჩემი ერთ-ერთი დიდი შთაბეჭდილება ეგვიპტეში კატაკომბური ეკლესიის მონახულებას უკავშირდება.
 
ეს ეკლესია პირველმა ქრისტიანებმა იმ ადგილას მოაწყვეს, სადაც გადმოცემის მიხედვით თავს წმინდა ოჯახი აფარებდა. მიწაში ძალიან ღრმად გათხრილ და გამოქანდაკებულ ამ უზარმაზარ ნაგებობაში დღემდე ის ჭაც კი არის შემორჩენილი, საიდანაც წყალს სვამდა წმინდა დედა და ალბათ, ჩვილი იესოც. მსურველს ახლაც შეუძლია ამ ჭის წყლით გული გაიგრილოს.
 
ვიდექი ამ საოცარ ეკლესიაში და ვფიქრობდი, რა რწმენა უნდა ჰქონოდათ იმ ქრისტიანებს, რომ წარმოუდგენელი დევნისა და შევიწროვების პირობებში ასეთი ეკლესია აეშენებინათ. ეკლესია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით იყო თავშესაფარი.
 
როცა ჭიდან წყლის დალევა დავაპირე, ჩემმა ადგილობრივმა მეგზურმა გამაფრთხილა: „დაფიქრდით! ამ ბაქტერიებს თქვენი ორგანიზმი შეჩვეული არ არის, ამიტომ ეგებ ეს წყალი არც მოგიხდეთ!“ „მწყურია!“ ვუთხრი ერთი სიტყვით და ლამის მთელი სათლი გამოვცალე.
 
ერთი წუთითაც კი არ დამიშვია, რომ იმ ჭის წყალი რაიმე ზიანს მომიტანდა. ახლა ვფიქრობ, ჩემს საფრთხეზე კი არა, ვინმე სხვის ზიანზე რომ გავეფრთხილებინე, უარს ვიტყოდი თუ არა ჭის წყლის დალევაზე. ალბათ, მაშინაც კი, ახლა კი უყოყმანოდ, რადგან ამ წლების განმავლობაში ჩემი ცხოვრების მთავარ პრინციპად იქცა: არ ავნო! არავის მოუტანო ზიანი, არც სხვასა და არც საკუთარ თავს.
 
ამიტომაც, არ ვღელავ, თუნდაც ამ ერთ აღდგომას თუ არავინ მივა ეკლესიაში, რადგან ტაძარში დგომა დღეს საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენას ნიშნავს, საკუთარ თავში, როგორც ღვთის ტაძარში, მუხლმოდრეკას და უფლისადმი კაცობრიობის გადარჩენისათვის ლოცვას.
 
ვეჭვობ, ფორმალისტები ამ სიტყვებს ვერაფრით გამიგებენ. რადგან პანდემიამ და მის გამო იზოლაციამ ისიც კარგად დამანახვა, რომ ადამიანს ისე არაფერი უჭირს დღეს, როგორც საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.
 
როგორც ის, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გენიალური სიტყვები რომ მოვიშველიო, „თავი გაითავისწინოს“, ანუ პირისპირ დაისვას საკუთარი თავი და მას ძალიან ახლოდან შეხედოს და დაათვალიეროს! ახლა ადამიანს თავის გათავისწინებას თავის გათვალისწინება ანუ საკუთარი თავის შეცოდება და ეგოისტური წუწუნი ურჩევნია.
 
რადგან ასე, სხვაზე ხელის შეწმენდა გაცილებით იოლია, ვიდრე საკუთარი თავის, საკუთარი პასუხისმგებლობის დანახვა, რადგან მარტო დარჩენლ, თავისი თავის თავის წინ ჩამომსმელ და დამთვალიერებელ ადამიანთა უმეტესობა იმ შემზარავ სინამდვილეს აღმოაჩენს, რომ მათ პირისპირ სიცარიელის შემზარავი უფსკრული ამთქნარებს.
 
უფსკრული, რომელიც თავის დროზე, ცოდნით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, ლოცვით, სიყვარულით უნდა ამოვსებულიყო.
 
მარტო?! მარტონი თქვენა ხართ! თორემ ერთი ამ გულშიაც ჩამოიხედეთ, შიგ რამდენი ბღარტები მყვანან! შემოგვიძახებდა ომახიანად ოთარაანთ ქვრივი.
 
და ისევ „ვეფხისტყაოსანი“: „თუ შენი თავი თან გახლავს ღარიბად არ იხსენები“.
 
ჩვენ ხომ ნახევარცოდნებით გაგვაქვს თავი, ამიტომ მაინც შეგახსნებთ, რომ ღარიბი აქ უცხოს ნიშნავს, უცხოელს, მარტომყოფსაც. და, მართლაც, როგორ უნდა იყო მარტო, თუკი საკუთარი თავის ამარა დარჩენის ფუფუნება მოგეცემა.
 
პირადად მე ჩარაზული კარი არასოდეს მაშინებს, რადგან სულ მახსოვს ერთი სუფისტური გამონათქვამი: ღმერთი ერთ კარს ისე არავის არ დაუხურავს, რომ, სამაგიეროდ, ათასობით სარკმელი არ გაუღოს.
 
სინათლე სწორედ სარკმლებიდან ჩამოდის; მოღიავებული კარიდან კი საფრთხე უფრო შემოეტევა.
 
დღეს სწორედ ამიტომ: ჩარაზული კარებისა და გაღებული სარკმლების დროა! მხოლოდ სარკმლებიდან შემოსული სინათლე გადატყდება ათინათების ფერად მოზაიკად. მთავარია, არ შეგვეშინდეს!
 
მე არ მეშინია, რადგან მგონია, რომ ღმერთი ჩვენთან არის და რაღაც მეტაფიზიკური არსების სახებით კი არა, თუნდაც ჩემ მიერ დასაწყისში მწარედ გაკენწლილი იმ 4 ექიმის სახით, რომლებიც, ჩემთვის დღეს, აქ და ახლა, უფლის ანგელოზების განსახიერებები ბრძანდებიან და იმიტომ, რომ სწორედ ისინი აკავებენ ბოროტებას.