რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა გიორგი რურუა ? – თავისივე დაგებულ მახეში გაბმული ივანიშვილი
რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა გიორგი რურუა ? – თავისივე დაგებულ მახეში გაბმული ივანიშვილი

A+ A-

00:41 16/05/2020

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ დამარცხდა ოპოზიციასთან. ხელისუფლებას, დიდი უარის მიუხედავად, მაინც მოუწია ორი ოპოზიციური ლიდერის გამოშვება ციხიდან.  გასათავისუფლებელი დარჩა ერთი. მას შემდეგ, რაც პატიმარი პოლიტიკური ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა და მათ რუსთავის ციხე დატოვეს, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა: რატომ არ გათავისუფლდა პატიმრობიდან „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა? უფრო მეტიც, აქ ისიც საინტერესოა, საერთოდ ეკუთვნოდათ თუ არა შეწყალება ოქრუაშვილ-უგულავას.

მოკლედ, რურუა კვლავ პატიმრობაში კი რჩება, მაგრამ რატომ არ გაათავისუფლეს ის პატიმრობიდან, ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ჯერ მსჯავრდებული არ არის. შეწყალება კი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ, დანაშაულისთვის უკვე გასამართლებული და მისჯილი პირების.  

ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა მსჯავდებულები არიან. ოქრუაშვილს 5 წელი აქვს მისჯილი, უგულავას - 3 წლით და 2 თვით პატიმრობა, რუსუას საქმე კი, ჯერ სასამართლო განხილვის სტადიაშია, შესაბამისად, რურუა ჯერ განსასჯელია და არა - უკვე მისჯილი მსჯავრდებული, ამიტომ მას პრეზიდენტი ვერ შეიწყალებს. ანუ, პრეზიდენტის ინსტიტუტს ხელისუფლება ჩიხიდან გამოსვლისთვის ვერ გამოიყენებს.

მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების პირველი მუხლის თანახმად, შეწყალება გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს, ან სხვა სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე.

მერაბისა და ზვიადი შემდეგ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ ყოფილა. არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს. დამნაშავე დამნაშავედ ება. შეწყალებით პირი  სასჯელისგან თავისუფლდება და არა - დანაშაულისგან. შეწყალება გამართლებას არ ნიშნავს“, - განაცხადა პოლიტიკური ლიდერების შეწყალებისას პრეზიდენტმა, რომლის გამოყენებაც მოხდა ორი პოლიტიკური ლიდერის შეძლებისდაგვარად რბილად გათავისუფლებისთვის.

ახლა, რაც შეეხება რურუას, რომელსაც პრეზიდენტი ვერ გაათავისუფლებდა იმის გამო, რომ მსჯავრდებული არაა და ამასთანავე აუცილებლად გასათავისუფლებელია, რადგან იმ 4 პოლიტპატიმარშია, რომელთა გათავისუფლებაზე 8 მარტს ხელისუფლება-ოპოზიციას შორის მოხდა შეთანხმება-ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანდასწრებით.

1.რურუას გათავისუფლება გაიწელება მანამდე, ვიდრე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ვიდრე არ მიუსჯიან, ანუ წაყენებულ ბრალში დამნაშავედ არ ცნობენ. აი, შემდეგ უკვე პრეზიდენტს მისი შეწყალება შეეძლება.

2.შეიძლება, გათამაშდეს მეორე ვარიანტიც, ანუ ის  წაყენებულ ბრალში სწორედ სასამართლო განხილვის დროს გამართლდეს.

3.ანდაც მესამე ვარიანტი, თავად რურუამ უნდა აღიაროს დანაშაული და საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს მასთან, რაც ასევე ნაკლებად სავარაუდოა. “მთავარი არხის“  დამფუძნებელიცა და მისი დაცვის მხარეც აცხადებენ, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს.  თუმცა, საპროცესო შეთანხმება, რურუას გათავისუფლების პროცესს დროში აღარ გაწელავს.

თუმცა, იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, რიხით დაკავებული მედიამფლობელის გათავისუფლება ამ ხელისუფლებისთვის როგორი ადვილი საქმეა, თანაც - სრულად გამართლებით,  ძნელი წარმოსადგენი არაა.

მით უმეტეს, დღეს მათ მარცხი, თავიანთივე დაგებულ პოლიტიკურ მახეში გაბმით, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის თვალში განიცადეს. ეს ამომრჩეველი კი, „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი რეჟიმის მოწინააღმდეგე და მგმობელია. ვნახოთ, რა მოხდება.

რურუას წაყენებული აქვს შემდეგი ბრალი, რომელზეც დაცვის მხარე აცხადებს, რომ შეთითხნილი და ტყუილი ბრალდებაა, მაგრამ ის საკმაოდ მძიმედ გამოიყურება:

გიორგი რურუა 18 ნოემბერს,  სისხლის სამართლის კოდექსის 236- მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს,

ბრალდების მხარის თანახმად, გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და ხელის კვლების ნიმუშის აღებაზე. მოგვიანებით მას ეს პროცედურა ძალის გამოყენებით ჩაუტარეს. პროკურატურა აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებულ პროცედურას ესწრებოდნენ მისი ადვოკატებიც.

ამ სიტუაციაშია გაჭედილი „მთავარი არხის“ მეპატრონის საქმე. უკვე გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა, ციხის დატოვების დროს, უკვე განაცხადეს, რომ ვიდრე გიორგი რურუაც არ დატოვებს საპატიმროს, მანამდე ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებს. როგორც ხედავთ, რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები მარტივი ნამდვილად არ არის.

თუმცა, ვიდრე მისი გათავისუფლების საკითხი გაირკვევა, მანამდე კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა - პრეზიდენტის შეწყალების აქტს „ქართული ოცნების“ ახალი ბავშვური პოლიტიკური სვლა მოჰყვა, ერთის მხრივ, გაბრაზებული მომხრეების დასანახად, მეორეს მხრივ კი იმ ტყუილების მახიდან თავის გამოსახსნელად, უხვად რომ აფრქვევდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემასთან დაკავშირებით.

პოლიტიკური ტყუილი N1

პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემიდან დაახლოებით ერთ საათში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ბრიფინგი გამართა.

„ჩვენ არ შეგვიტყვია ეს პრეზიდენტისგან გავიგეთ მისი გამოცხადების შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა, ფიცი რომ  წამს და ბოლო გაკვირვებს, ზუსტად ასეა ქვეყნის მმართველების საქმე. დღეს ხომ ამავე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა კახი კალაძემ ზუსტი მესიჯი უკვე გაუშვა მედიიის საშუალებით და პირდაპირ პრეზიდენტის მიმართულებით.

 „ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეწყალების შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს, პრეზიდენტმაც გაიგო გზავნილი და შეიწყალა.

„2020NEWS“-მა უკვე დაწერა, რომ ხელისუფლებას, კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის გამო, პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად დასავლეთისგან გამოყოფილი მილიონები გვერდზე დარჩებოდა, თუ საარჩევნო თემაზე ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებდა და პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებდა.

უკვე ვწერდით იმ მახეზეც, რომელშიც მმართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჩავარდებოდა, თუ დასავლეთთან გაჯიუტებას დაიწყებდა. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ხელისუფლების უარის შემდეგ,  საზოგადოებამ კარგად დაინახა, პანდემიის მიუხედავად, რა რეაქცია გამოიწვია დასავლეთის მხრიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში მმართველების გაჯიუტებამ და როგორი მკაცრი ტონით ითხოვდნენ ამერიკელი თუ ევროპელი კანონმდებლები მათგან პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას.

მეტიც,  დასავლელმა პოლიტიკოსებმა არა თუ დაადასტურეს, რომ 8 მარტის შეთანხმების დროს, ნამდვილად დაიდო პირობა დაპატიმრებული პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე, არამედ ეს სიტყვა „პოლიტპატიმარი“ ამ ხელისუფლების პირობებში პირველად გაჟღერდა საერთაშორისო არენაზე, რაც ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელია.

ამის შემდეგ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის გამო, რასაც შეიძლება საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა მოჰყვეს, დასავლეთის მხრიდან პანდემიისგან დაზარალებული ქართული ეკონომიკის გასაძლიერებლად გამოყოფილი თანხების დაბლოკვით დაისჯება.

და აი, რა თქვა ევროპარლამენტარმა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა, მმართველი პარტია ისევ არ ასრულებს თავის დაპირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგავს ნდობას. და ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, რომ გასცეს ფინანსური დახმარება. მე ამის გამო ვწუხვარ. თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს დადებულ პირობებს, თუ ევროკავშირში იქნება ეჭვები, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია, ეს შეაფერხებს თქვენთვის იმ დახმარების გამოყოფას, რომელიც საქართველოსთვის არის გათვალისწინებული.

ამით დაზარალდება ქართველი ხალხი და არა მთავრობა, ევროკავშირის დახმარება ხალხს ეკუთვნის, მაგრამ ამ სახსრების გამოყოფას თავისი პირობები მოყვება - ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს დასავლურ სტანდარტებს. ევროპარლამენტში სულ უფრო მეტი დამეტი დეპუტატია, რომელიც შეწუხებულია მთავარი შეთანხმების შეუსრულებლობით. იგივე ამერიკის კონგრესშიც.

მე ვნახე მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები, რომ ოპოზიციის ლიდერები ჩვეულებრივი კრიმინალები არიან. მე არ ვიცი ამის მტკიცებით რის მიღწევას ცდილობს მმართველი ძალა, შეიძლება დასავლეთ ევროპაში, მათ ვინც არ იციან საბჭოთა ტრადიციები დაიჯერონ მათი ენა, მგრამ ჩვენ ლიეტუველებს, რომლებმაც კარგად ვიცით რა არის საბჭოთა კავშირი, ამის არ გვჯერა.

ჩვენ გულუბყვილოები არ ვართ, ეს დავიჯეროთ. ამიტომ მე დაჟინებით ვთხოვ მმართველ პარტიას ხელისუფლებას და მათ ლიდერებს ნუ დაადგებიან იანუკოვჩის გზას... იანუკოვიჩის, რომელიც დადიოდა ევროპის დედაქალაქებში და ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის ლიდერები იულია ტიმოშენკო და იური ლუცენკო უბრალოდ დამნაშავეები იყვნენ. ჩვენ სამწუხაროდ იგივეს ვხედავთ. ამიტომ, მოვუწოდებ თქვენს მთავრობას არ დახარჯოს დრო იგივეს სამტკიცებლად და არ მოიქცეს ისე როგორც იანუკოვიჩი, - განაცხადა კუბილიუსმა "მთავარ არხთან“ საუბრისას. 

ახლა საზოგადოების ჯერია, დაიჯეროს, რომ დეპუტატი კობახიძეაა მართალი და დასავლეთის ზეწოლის გამო, არ შეიწყალა პრეზიდენტმა უგულავა-ოქრუაშვილი, თუ ევროპარლამენტარი კუბილიუსი იყო მართალი, როცა ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და დასავლეთის მკაცრ სანქციებზე გააფრთხილა.

პოლიტიკური ტყუილი N2

მეტიც, ზემოთ ნახსენები სახელისუფლებო პოლიტიკური ტყუილების კიდევ ერთი მაგალითი ისაა, რომ არც უგულავა და არც ოქრუაშვილი არ შედიან იმ კატეგორიის მსჯავრდებულებში, რომელთა გათავისუფლება ხდება.  მათ სულ რაღაც რამდენიმე კვირა და თვეა მიესაჯათ სასჯელი.

არადა, „მსჯავრდებულთა  შეწყალების შესახებ“  პრეზიდენტის ბრძანებულებაში გარკვევით წერია, რა კატეგორიის მსჯავრდებულებს არ ეხებათ შეწყალება და ამ ბრძანებულების  თანახმად, არც უგულავა და არც ოქრუაშვილი შესაწყალებელ პატიმართა კატეგორიაში არ შედიან.

ამონაწერი დადგენილებიდან:

  1. შეწყალება გამოიყენება:

ა) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია სხვა სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) იმ სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რომელსაც არა აქვს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა.

  1. შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებული პირის მიმართ:

ა) რომელსაც მიესაჯა უვადო პატიმრობა, თუ მას ფაქტობრივად არა აქვს მოხდილი თავისუფლების აღკვეთის 25 წელი;

) რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;

გ) რომელსაც მსჯავრი დაედო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;

) რომელიც ადრე მსჯავრდებული იყო და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი დანიშნული სასჯელის ნახევარი;

) რომელიც პირველადაა მსჯავრდებული ხუთ  წლამდე თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის 1/3;

ვ) რომლის მიმართ ადრე გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული;

ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის;

თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული;

ი) რომელსაც სასამართლოს მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილი აქვს უფრო მსუბუქი სასჯელით;

კ) რომელიც სასჯელის მოხდის ადგილიდან ხასიათდება უარყოფითად;

) რომელიც არ ცნობს თავს დამნაშავედ, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ ითხოვს შეწყალებას“.

ამ ჩამონათვალის გაცნობის შემდეგ, ნათელი ხდება, რომ უგულავა- ოქრუაშვილს შეწყალება არ ეკუთვნოდათ,  

ისინი შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სტანდარტულ ჩამონათვალში არ ჯდებიან, მეტიც იმ კატეგორიაში არიან, ვისაც არ უნდა იწყალებდნენ  იმიტომ, რომ  სულ ახლახან დაედოთ სასჯელი ახალი დანაშუალისთვის და არც თავს ცნობდნენ დამნაშავედ, მით უმეტეს, არ ინანიებდნენ.

 თუმცა აქ არის ერთი მომენტი, პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული გარემოებების გამო, ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალების უფლება. 

ეს განსაკუთრებული გარემოებები კი, სხვა არაფერია, თუ არა 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო,  ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო გარემოს დაძაბვა ქვეყანაში და შესაბამისად, მათზე განხორციელებული დიდი საერთაშორისო ზეწოლა.

„გეთანხმებით, იმ სტანდარტებში, რომელშიც მსჯავრდებული პირი უნდა ჯდებოდეს, პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, არც უგულავა მოიაზრება და არც ოქრუაშვილი. თუმცა,  განსაკუთრებული გარემოებების გამო, პრეზიდენტს მათი შეწყალების უფლება ჰქონდა და ამ უფლებას პრეზიდენტის ბრძანებულებაშივე მითითებული შესაბამისი მუხლი აძლევს.

აღნიშნა კიდეც სალომე ზურაბიშვილმა, რომ ამ პირების შეწყალება მოხდა იმისთვის, ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო გარემო შექმნილიყო. გიდასტურებთ, იურიდიულად პრეზიდენტს ამის უფლება ჰქონდა“, - განუცხადა „2020NEWS”-ს პოლიტიკური პარტიის - “ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, იურისტმა კახა კოჟორიძემ..

ასე ხდება ხოლმე, როცა ისე ერთობი პოლიტიკური თამაშებით, არ უკვირდები, რის ფასად დაგიჯდება ისინი შენ და რის ფასად - ქვეყანას.

რუსა მუმლაძე