რას ინახავს ცისფერი გალერეა? - აქ იფინებოდა საქართველოს დახეული დროშები, და რუსეთის ძლევამოსილების დამადასტურებელი ექსპონატები...
რას ინახავს ცისფერი გალერეა? - აქ იფინებოდა  საქართველოს დახეული დროშები, და რუსეთის ძლევამოსილების დამადასტურებელი ექსპონატები...

A+ A-

11:17 18/05/2020

ამ გაჩერებას ორი სახელი აქვს, ქაშვეთის ეკლესია და „ ცისფერი გალერეა“. ასე ეძახიან თბილისელები საქართველოში სახვითი ხელოვნების პირველ მუზეუმს, რომელიც წელს იუბილარია. საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა ზუსტად 100 წლის წინ გაიხსნა მხატვრისა და მეცენატის, დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით. 1917 წელს კი მან ამავე შენობაში მოაწყო ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

ეროვნული გალერიის შენობა იმთავითვე საგამოფენო სივრცედ იყო ჩაფიქრებული. კავკასიის დაპყრობაში რუსეთის არმიის მიერ მოპოვებული გამარჯვებების უკვდავსაყოფ „დიდების ტაძრად“. 1892 წელს აშენებული სამხედრო-ისტორიული მუზეუმის პროექტის ავტორი გახლდათ ზალცმანი. ტიციან ტაბიძე იხსენებდა, რომ აქ იფინებოდა საქართველოს დახეული დროშები, შამილის გატეხილი ხმალი და რუსეთის ძლევამოსილების დამადასტურებელი ექსპონატები. გასაბჭოების, რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორედ ოკუპაციის შემდეგ, სტალინის გარდაცვალებამდე, საგამოფენო სივრცე საბჭოური იდეოლოგიის პროპაგანდისათვის გამოიყენებოდა.

2020 წელი შეიძლება ითქვას, რომ ქაშვეთის ეკლესიისათვისაც საიუბილეოა. გივი ამილახვრის მიერ 1753 წელს ძველი ეკლესიის ადგილზე აშენებული ეკლესია ყაბახის ტერიტორიაზე ჩატარებულმა სამხედრო წრთვნებმა ძლიერ დააზიანა და 1904 წელს დაიწყო მშენებლობა; 110 წლის წინ, 1910 წლის 31 ოქტომბერს საზეიმოდ აკურთხეს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია (არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი), რომელიც 1947 წელს ლადო გუდიაშვილმა მოხატა. აქვეა ჰრინევსკის მიერ შექმნილი დავით აღმაშენებლისა და მეფე თამარის ხატები. შენობის ცოკოლში, პირველ სართულზე კიდევ ერთი ეკლესიაა, რომელიც 1909 წელს, მთავარი ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე, სულიწმიდის სახელზე აკურთხეს. 1945 წელს, რემონტის შემდეგ კი - წმ. მარინეს სახელზე. ტაძრის ეზოში ბარათაშვილების საგვარეულო აკლდამა -სამლოცველოა და 1995 წელს გადმოსვენებული დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ფორაქიშვილის ძვალშესალაგი. ამ ადგილზე ეკლესიის არსებობის ისტორია კი მე-6 საუკუნიდან იწყება და 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, დავით გარეჯელს უკავშირდება. მამა დავითმა სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია და მოწაფესთან, ბერ ლუკიანესთან ერთად დასახლდა მთის ფერდობზე მდებარე ქვაბულში (მთაწმინდა). ხუთშაბათობით ქალაქში ჩამოდიოდა ქრისტიანობის საქადაგებლად. მრევლის ზრდამ მაზდეანები შეაშფოთა, მოისყიდეს ფეხმძიმე ქალი, რომელმაც სიძვის ცოდვაში დასდო ბრალი მამა დავითს. თქმულების თანახმად, დავითმა მთელი ღამე ილოცა, მეორე დღეს კი კვერთხი მიადო ფეხმძიმის მუცელს და ჰკითხა ნაყოფს, თუ ვინ იყო მისი მამა. ქალის მუცლიდან მოისმა ხმა - მამა მჭედელიაო. ცილისმწამებელმა ქალმა ქვა შვა და აქდან მოდის ტაძრის სახელწოდებაც - ქვაშვეთი.

ქაშვეთის ეკლესიის ქვედა შესასვლელი არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზე გადის. ეს პატარა ქუჩა ერთის მხრივ ლადო გუდიაშვილის ქუჩას და მეორეს მხრივ 9 აპრილის სახელობის ბაღს ემიჯნება და თაბუკაშვილის ქუჩას უერთდება. თაბუკაშვილის ქუჩის გადაკვეთის შემდეგ, პატარა კიბეებს დაინახავთ, რომლითაც მარტივად მოხვდებით ათონელის ქუჩაზე. არჩილ ჯორჯაძის ქუჩა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში წარმოიქმნა და 1923 წლამდე წმ. გიორგის, გეორგიევსკის სახელს ატარებდა და ათონელის (მადათოვის) ქუჩამდე ჩადიოდა, მისი პარალელური, გია ჭანტურიას სახელობის ქუჩის მსგავსად. ამ ორ ქუჩას კიდევ ერთი მსგავსება აქვს, ისინი პოლკოვნიკმა ბანოვმა დააპროექტა 1809 წელს. 1906 წელს სწორედ აქ მოაწყო არსენა ჯორჯიაშვილმა გენერალ გრიაზნოვზე თავდასხმა და ამ ფაქტის უკვდავსაყოფად, 1922 წელს ქუჩას ჯორჯიაშვილის სახელი მიაკუთვნეს. 1867 წლის თბილისის გეგმაზე ბარიატინსკის სახელით არის დატანილი. რადგან ჯორჯაძე-ჭანტურიას ქუჩებს შორის მოქცეული სივრცის პარკად გადაქცევა ბარიატინსკის მეფინაცვლობის პერიოდს უკავშირდება. ყოველ ეპოქას თავისი გასართობები ახლავს და მე-19 საუკუნის დასაწყისში თბილისში ახალი გასართობი ალექსანდრეს პარკი გაჩნდა. ბაღი დამრეცი რელიეფის ორ დონეზეა გადაშლილი. ბაღის ქვედა ბაქანი დღეს გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს.

აქ ყაბახი, ანუ ასპარეზი იყო და ასევე აქვს მითითებული ვახუშტი ბატონიშვილს მისეულ გეგმაზე.1800 წლის გეგმაზეც ყაბახის სახელით არის დატანილი. ყაბახი, სადაც ფეოდალურ ხანაში სხვადასხვა სახის თამაშობები და შეჯიბრებები იმართებოდა. ქაშვეთის ეკლესიასა და გია ჭანტურიას (ჯორჯიაშვილის) ქუჩას შორის ქართული სასაფლაო ყოფილა, რომელიც პარკის განაშენიანების გამო დახურეს და ვერაზე გადაიტანეს. 1826 წელს დაიწყო ბაღის დაგეგმარება, აიღეს მოძველებული, არასაჭირო ნაგებობები; ალექსანდრეს ბაღი სისტემური მორწყვისა და მოვლის გამო სწრაფად გაშენდა, რასაც ხელი შეუწყო 1862 წელს მტკვარზე ყორღანოვის საქაჩავის მოწყობამ. თავდაპირველად ბაღზე სახელმწიფო ზრუნავდა. 1890 წელს გადავიდა ქალაქის განკარგულებაში. 1859 საფუძველი ჩაეყარა პირველ საზოგადოებრივ ბაღს, რომელის 1865 წელს საზეიმოდ გაიხსნა, და რომლის პროექტიც ეკუთვნის წარმოშობით შვედ აკადემიკოსს ოტო სიმენსონს. მასვე ეკუთვნის ბაღისათვის განკუთვნილი პავილიონების პროექტი.

თბილისური პრესა წერდა, რომ ეს იყო პირველი ევროპული ყაიდის ბაღი, რომელსაც მოგვიანებით, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში კომუნარების ბაღი უწოდეს. 1918 წელს, ბოლშევიკების მიტინგის დარბევისა და კომუნარების დახვრეტის გამო. დღეს ქვედა ბაქანზე მდებარე ბაღი გიორგი ლეონიძის სახელობისაა და ათონელის ქუჩიდან შესასვლელს გიორგი ლეონიძის ქანდაკება ამშვენებს; ზედა, 9 აპრილის სახელობის ბაღი კი ნამდვილი არაჩვეულებრივი გამოფენაა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალური დაფებით, ეგნატე ნინოშვილის, რამაზ ჩხიკვაძის, ლადო გუდიაშვილის, ანატოლი სობჩაკის ქანდაკებებით, ულამაზესი ცაცხვის ხეებით და ბაღში შემოჭრილი სამრეკლოთი. „აგესლილ მზერას ქაშვეთი მოგირჩენს, ყოველი ქვა ტაძრისა ქალწულია თვითონ: ნელი-რბილი-ნაზი-ტაძარი თვითონაა ქალწული... აუარ ქაშვეთს , უეცრად თვალები გამოანათებენ ათასში-ერთხელ ათას თვალებში გამოიცნობ ამ თვალებს, ივერიის ქალწულის თვალები, რასსა შეურეველი და ხალასი, სიამაყე და დარცხვენა - ერთად“, - წერდა გრიგოლ რობაქიძე.

მოამზადა ნინო გედენიძემ