"რაც იყო იყო", გამოუშვით რურუა და მორჩება ეს ისტერია - ირაკლი ოქრუაშვილი
"რაც იყო იყო", გამოუშვით რურუა და მორჩება ეს ისტერია - ირაკლი ოქრუაშვილი

A+ A-

10:34 21/05/2020

გიორგი რურუას მალე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც ოქრუაშვილი წერს, "ქართულ ოცნებას" აუცილებლად მოუწევს რურუას გამოშვება და სჯობს ეს არჩევნებამდე ბევრად ადრე გააკეთოს, რადგან შემდეგ მიზეზს ვეღარ აუხსნის ამომრჩეველს.

„ქართული ოცნება" რაც მალე გამოუშვებთ გიორგი რურუას, მით მალე დამთავრდება ის ჩიხი, რომელშიც თავისივე სურვილით შეხვედით. რაც დიდხანს გააგრძელებთ მის დემონიზაციას, მით უფრო ვეღარ აუხსნით თქვენს ამომრჩეველს, როდესაც (მაინც) გამოუშვებთ.

რაც მეტი არგუმენტი მოგყავთ ჩვენი გამოშვების გასამართლებლად, მით მეტად აღიზიანებთ თქვენს მხარდამჭერებს. არადა ორივე მხარემ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ: "რაც იყო, იყო". ამას უფრო გაგვიგებს ამომრჩეველი.

ჩემი არყოფნის პერიოდში იმდენად პოლარიზებული გამხდარა საზოგადოება და იმდენად მოუმატია ისეთ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მზად არიან დანები იშიშვლონ და ერთმანეთი დაჩეხონ, რომ თუ ვინმე გონიერი დარჩა თქვენთან, ადვილად უნდა ხვდებოდეს საით მივდივართ. გაითვალისწინეთ, რაც დრო გადის ამას მით მეტად ემატება მშიერი ადამიანების აგრესია.

გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია. მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ, გინდა აგენტები, გინდა ყაჩაღები“, -აცხადებს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, "ევროპული საქართელოს" ლიდერი გიგი უგულავა და  "გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ ვიდრე "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.