არავის აქვს უფლება, მერაბიშვილს პოლიტიკაში ჩართვის უფლება ჩამოართვას - მელია ოქრუაშვილს პასუხობს
არავის აქვს უფლება, მერაბიშვილს პოლიტიკაში ჩართვის უფლება ჩამოართვას - მელია ოქრუაშვილს პასუხობს

A+ A-

11:13 21/05/2020

ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში ჩართვა ქვეყანასა და ოპოზიციას არ დააზიანებს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას თქმით, არავის აქვს უფლება მერაბიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება აუკრძალოს, რადგან ამომრჩეველი წყვეტს, ვინ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.

"დღეს დამიკავშირდნენ მედიიდან კითხვებით ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ვინაიდან თავად ვ.მერაბიშვილს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მე მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრების გაზიარებით შემოვიფარგლები.
რასაც ვაკვირდები, ბოლო პერიოდია ბევრნი, ვინც ფეხქვეშ დაახლოებით ფიანდაზად ეფინებოდნენ ხელისუფლებაში მყოფ ვ. მერაბიშვილს და ერთმანეთს ეცილებოდნენ მის ქება-დიდებაში, დღეს რაღაცნაირად თითქოს ერთმანეთს ეცილებიან იგივე ვ.მერაბიშვილის გაკიცხვასა თუ ირიბ კრიტიკაში.

ვ. მერაბიშვილს არც ვიცნობდი, დაპატიმრებამდე ერთხელ მყავდა ნანახი და მხოლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გავიცანი.
მის გაცნობამდე კი არაერთხელ ჩავსულვარ სამცხე-ჯავახეთში და კარგად ვიცი ხალხის, ამ რეგიონის ამომრჩევლის დამოკიდებულება ვ. მერაბიშვილისადმი.
სწორედ ეს ამომრჩეველი წყვეტს და გასცემს უფლებას ვინ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და ვინ არა. არავის აქვს უფლება პოლიტიკაში ჩართვის უფლება ჩამოართვას მას, ვისაც ამ უფლებას აძლევს ამომრჩეველი.
ვ. მერაბიშვილმა თითქმის იმდენივე წელი გაატარა სამარტოვე საკანში, რამდენიც ხელისუფლებაში. ბევრს მასზე შეხედულება შეეცვალა, ბევრისთვის მისაღებია, ბევრისთვის კვლავაც მიუღებელი.
სწორედ ამისთვისაა არჩევნები და თუ ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს რომ კენჭი იყაროს სამცხე-ჯავახეთში, რეგიონში, რომელიც დღეს კლასიკური მაფიოზის ენძელ მკოიანის ხელშია და იარაღით ხელში დარბის აღმართ- დაღმართ, არა მგონია მისმა ამ გადაწყვეტილებამ ან ქვეყანა დააზიანოს, ან ოპოზიცია...
ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას, მე ასე ვფიქრობ, სხვა ალბათ სხვაგვარად. ამ ეტაპზე გადამწყვეტია, რას გადაწყვეტს თავად, რას გადაწყვეტს პარტია და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს ხალხი!', - წერს მელია.

შეგახენებთ, რამდენიმე დღის წინ, პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის ადგილი პოლიტიკაში არ არის და მისი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ოპოზიციას დააზიანებს.