ოპოზიციას არ მოსწონს მთავრობის მიერ გაკეთებული კარგი საქმეები - არჩილ თალაკვაძე
ოპოზიციას არ მოსწონს მთავრობის მიერ გაკეთებული კარგი საქმეები - არჩილ თალაკვაძე

A+ A-

13:00 22/05/2020

ოპოზიციას არ მოსწონს მთავრობის მიერ გაკეთებული კარგი საქმეები. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, როდესაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებზე გუშინ გამართული განხილვა შეაფასა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ის ორი სადისკუსიო საკითხი, რაც პროექტის კონსტიტუციასთან შესაფერისობასა და საპარლამენო კონტროლს გულისხმობს, ფაქტობრივად, ამოიწურა.

„დისკუსია ორი საკითხის გარშემო წარიმართა. პირველი - პასუხობს თუ არა ეს ცვლილებები საკონსტიტუციო ტესტს, რაც ნიშნავს იმას, არის თუ არა პროპორციული, შედეგიანი და თანაზომადი, ამ მიმართულებით, მგონი, პასუხები არის ამოწურული. ცვლილებაში პირდაპირაა ჩაწერილი, რომ ეს ზომები უპასუხებს და უნდა პასუხობდეს კონსტიტუციონალიზმის ტესტს.

დისკუსიის ეს ნაწილი ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად მოიხსნა, თუ ვინმეს პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება სურს, ამაზე მთელი დღის განმავლობაში მზად ვართ. მეორე ნაწილი, რაზეც საუბარი იყო - ანგარიშვალდებულება და საპარლამენტო კონტოლი, ეს საკითხიც, პრაქტიკულად ამოწურულია, იმიტომ, რომ ეს ცვლილებები კონკრეტული ვადით იმოქმედებს და ამ ვადაში მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე უწევს პარლამენტში ანგარიშვალდებულების ფარგლებში ანგარიშის გაკეთება. ამიტომ, ჩვენ გვექნება ზედამხედველობის სრული შესაძლებლობა არამხოლოდ ზოგადად, განხორციელებულ ღონისძიებაზე, ასევე სექტორების მიხედვით, როდესაც საქმე სამინისტროებს ეხება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განსხვავება პოლიტიკური ღირებულებების დონეზეა.

„ყველა რეალური საფუძველი, რაზეც გუშინ აპელირება იყო, გამოირიცხა. ჩვენ შორის პოლიტიკური ღირებულებების დონეზე განსხვავება არის ის, რომ პოლიტიკურ დისკუსიას ჩვენ ვხედავთ, როგორც პოლიტიკურ პროცესს და თუ ამ დისკუსიით შედეგს მივიღებთ, ამას ვხედავთ როგორც პოზიტიურს, როგორც ნორმალური პოლიტიკური პროცესის შედეგს, მაგრამ არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურ დისკუსიას აღიქვამენ როგორც დესტრუქციის შედეგს.

მესმის, რომ მათ არ მოსწონთ სხვისი გაკეთებული კარგი საქმეები და წარმატებები და ზოგჯერ საკუთარი ცუდიც ურჩევნიათ სხვის კარგს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კულტურა და ღირებულებები არის ის, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში ვრჩებით, მას წარვმართავთ ნორმალურად და აქედან მიღებულ ნებისმიერ კარგ შედეგს ვაღიარებთ.

ეს არის, მეგობრებო, მომავლის პოლიტიკა. ის, ვინც რადიკალურად შორს არის ამ მიდგომებისგან, ვფიქრობ, დაკარგავს თავის პოლიტიკურ ადგილს მომავალში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების შესაფასებელი და ამას გვიჩვენებს არჩევნები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისათვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას პარლამენტი დღეს განაგრძობს.