სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც პარლამენტში ვიხილეთ - თეა წულუკიანი
სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც პარლამენტში ვიხილეთ - თეა წულუკიანი

A+ A-

15:12 22/05/2020

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართულ გუშინდელ დებატებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვირუსი საქართველოში ჯერ დამარცხებული არ არის. მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელების მიუხედავად, არ აქვთ ფუფუნება, რომ მოეშვან და პრევენციული ზომები არ დაიცვან.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პარლამენტში ამ საკითხზე გამართული დებატები უსაგნო და სასაცილო იყო.

„რაც შეეხება გუშინდელ დებატებს პარლამენტში, როგორც დღეს მრავალჯერ ითქვა ჩემი კოლეგების მხრიდან, ბატონი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ბევრი რამ იქნა მკვეთრად და ხაზგასმით აღნიშნული, მინდა გამოვეხმაურო. ჩემი მხრიდან მინდა დავძინო, რომ ვირუსი საქართველოში დამარცხებული არ არის, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელებისა და მისი ვადის ამოწურვისა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მოვეშვათ და არ დავიცვათ პრევენციული ზომები, რომელიც თავიდან აგვაცილებს შემოდგომაზე ე.წ. მეორე ტალღას, რომელსაც ეპიდემიოლოგები, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში ელოდებიან.

აქედან გამომდინარე, უფრო მსუბუქი პერიოდი, რომელიც, საბედნიეროდ, მთავრობის განხორციელებული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ ყველას გვექნება ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ცხოვრების უფრო მსუბუქი რეჟიმი არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დავიცვათ წესები, უნდა მოვიცილოთ პირბადე თავშეყრის ადგილებში და კიდევ სხვა წესები დავარღვიოთ.

იმისათვის, რომ არ მივიღოთ შემოდგომაზე ის, რაც ძალისხმევის შედეგად თავიდან ავიცილეთ გაზაფხულზე, ჩვენ გაუგებრად ვთვლით და, მე პირადად, სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც ჩვენ პარლამენტში ვიხილეთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ღიმილის მომგვრელია ეჭვი მთავრობაზე, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტში მიიღება, შეიძლება იყოს გამოყენებული რაღაცა ტიპის ხელისუფლების უზურპაციისთვის.

თეა წულუკიანი ამ განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„მთავრობას ჰქონდა მრავალი კვირის მანძილზე საგანგებო მდგომარეობის პირობებში ყველა ტიპის ბერკეტი, უფრო მეტი, ვიდრე ამჟამად პარლამენტში განხილვაში მყოფ კანონპროექტში რაიმე ფორმით წერია. თქვენ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ზომას, რომელიც მთავრობამ გამოიყენა არადანიშნულებისამებრ, ან დაირღვა ადამიანის უფლებები გამოყენების დროს, ან არ იყო ადამიანის ზრუნვაზე ორიენტირებული.

სწორედ იმიტომ რომ ის მთავრობა ყავს იმ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენ ქვეყანას, ჩვენ საგანგებო მდგომარეობა გამოვიყენეთ მაქსიმალურად მოზომილად და ფრთხილად, ჩვენ დღეს ვხედავთ შედეგს, ჩვენ, როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები ხშირად ამბობენ, სავარაუდოდ მსოფლიოს მაშტაბით ის პატარა კუნძული, სადაც მინიმალური ოდენობაა გარდაცვლილების და სადაც დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვექნება მშვიდი საზაფხულო პერიოდი. ეს ეჭვები არის უპასუხისმგებლო და ის ბერკეტები, რაც მთავრობას ექნება, ახლოსაც ვერ მივა იმ ბერკეტებთან, რაც ჩვენ აქამდე გვქონდა საგანგებო მდგომარეობისას.

ეს ბერკეტები არის აუცილებელი იმისთვის, რომ მაგალითად, პატიმრები დარჩნენ დაცულები და ეს არის ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი იუსტიციის სისტემაში, რომ მოქალაქეები როდესაც მიიღებენ საჯარო სერვისებს, იყვნენ დაცული, ესეც მნიშვნელოვანია. მე მინდა მადლობა გადავუხადო უმრავლესობას და ვთხოვო ბოლომდე იმ საბრძოლო სულისკვეთების მხარდაჭერა ამ პროექტის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა შემოდგომაზე არ გვქონდე მეორე ტალღა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.