27 და 29 მაისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე წარდგება
27 და 29 მაისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე წარდგება

A+ A-

10:33 25/05/2020

როგორ ცხოვრობდა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და რა ღონისძიებები გატარდა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში: კოვიდ-ანგარიში, რომელიც 31 მარტიდან-22 მაისამდე პერიოდს მოიცავს, მთავრობა პარლამენტს მიმდინარე კვირას გააცნობს.

დეტალებზე ყველა კითხვას პრემიერი საჯაროდ საპარლამენტო ტრიბუნიდან 27 მაისს უპასუხებს. საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება სრულფასოვანი ანაგარიში მოისმინოს, თუ რატომ უწევდათ მოქალაქეებს შეზღუდვებით ცხოვრება და როგორია მთავრობის სამოქმედო გეგმა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

კოვიდ ანგარიშს პრემიერი პარლამენტს, სამთავრობო კაბინეტის წევრებთან ერთად გააცნობს. მინისტრები აცხადებენ, რომ მზად არიან კანონმდებლების კითხვებს არა მხოლოდ უკვე გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არამედ სამომავლო გეგმების შესახებაც უპასუხონ, მათ შორის, ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ქვეყნის სტრატეგიის შესახებ.

საგაზაფხულო სესიის დახურვამდე, პრემიერს პარლამენტი სამჯერ მოუსმენს. 27 მაისს გიორგი გახარია კოვიდ ანგარიშს წარადგენს, 29 მაისს მთავრობის ხელმძღვანელი კანონმდებლების წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგება, ივნისში კი, პრემიერს რეგლამენტით მოუწევს პარლამენტისთვის ყოველწლიური ანგარიშის გაცნობა.