საქართველოში კომერციული ბანკების ზარალმა 667 მილიონი ლარი შეადგინა
საქართველოში კომერციული ბანკების ზარალმა 667 მილიონი ლარი შეადგინა

A+ A-

12:55 25/05/2020

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კომერციულმა ბანკებმა, ჯამურად, 667 მილიონი ლარი იზარალეს.

ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვება აღმოჩნდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა “აქტივების შესაძლო დანაკარგების” ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც, მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

ბანკებმა იზარალეს მარტშიც. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგებამ 386 მილიონი ლარი შეადგინა.

სებ-ის განმარტებით, წინა წლებში სფერო საკმაოდ მაღალი მომგებიანობით გამოირჩეოდა, რამაც ბანკებს საშუალება მისცა, შექმნილიყო ბუფერების ადეკვატური მოცულობა, რომელთა გამოყენებაც სწორედ ამგვარ კრიზისულ ვითარებებში არის მნიშვნელოვანი.